ელდარ შენგელაია 90 წლისაა – რეჟისორის არჩევანით გაოცებული „დიდი“ მოსკოვი
მედია სააგენტო ,,24’’ ბატონ ელდარს 90 წლის იუბილეს ულოცავს.
“არაჩვეულებრივი გამოფენა”, “სამანიშვილის დედინაცვალი”, “შერეკილები”, “ცისფერი მთები’’ და “სავარძელი” – ეს ის ფილმებია, რომელთა ავტორობაზე მსოფლიოს ცნობილი რეჟისორები ხელს უყოყმანოდ მოაწერდნენ და იამაყებდნენ, რომ ასეთი შედევრები გადაიღეს. მათ შემქმნელს კი, თავისი პატარა სამშობლო, მთელ მსოფლიოს ერჩივნა.
ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, დამწყებ რეჟისორ ელდარ შენგელაიას, უფრო ფართო ასპარეზი წინ ეშლებოდა, მაგრამ მას გული საქართველოსკენ მოუწევდა.
კინოსტუდია “ქართულ ფილმში” თავის დროზე მისი სახელოვანი მშობლები, მსახიობი ნატო ვაჩნაძე და რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია მოღვაწეობდნენ. ელდარი ოცნებობდა, დაკვრა იმ აკორდიდან გაეგრძელებინა, რაზეც მამა შეჩერდა. ასე რომ, “დიდი” მოსკოვი გაოცებული დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა.
ელდარ ნიკოლოზის ძე შენგელაია დაიბადა 1933 წლის 26 იანვარს თბილისში. 1958 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი იუტკევიჩის სახელოსნო).
1957–1959 წლებში კინოსტუდია “მოსფილმი” – კინორეჟისორი. 1960 წლიდან კინოსტუდია “ქართული ფილმი” – კინორეჟისორი. 1976–1991 წლებში საქართველოს კინომატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე. 1990–1992 წლებში საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992), 1992–2004 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი, კულტურის კომისიის თავმჯდომარე.
2004 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი დაჯილდოებულია საქართველოს ლენინური კომკავშირის (1967), სსრკ სახელმწიფო (1985) და რუსთაველის სახელობის (1998) პრემიებით. მიღებული აქვს შრომის წითელი დროშის (1976) და ლენინის (1986) ორდენები. 1979 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის, ხოლო 1988 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება.
2009 წელს დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ორდენით 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების გამოძიებისა და სიმართლის მთელი მსოფლიოსათვის გაცნობისათვის.
სარეჟისორო ნამუშევრები:
1957 — ლეგენდა ყინულის გულზე (”მოსფილმი” – დამდგმელი რეჟისორი);
1959 — თოვლის ზღაპარი (”მოსფილმი” – დამდგმელი რეჟისორი)
1964 — თეთრი ქარავანი (დამდგმელი რეჟისორი თამაზ მელიავასთან ერთად)
1965 — მიქელა (ნოველა კინოალმანახზე “წარსულის ფურცლები”)
1968 — არაჩვეულებრივი გამოფენა
1974 — შერეკილები
1978 — სამანიშვილის დედინაცვალი
1984 — ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი
1993 — ექსპრეს-ინფორმაცია
1996 — Dog Rose
რეჟისორის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მილოცვის წერილი გამოაქვეყნა. როგორც პრემიერის მილოცვაშია აღნიშნული, ელდარ შენგელაიას ღვაწლი ქართულ კინოხელოვნებაში განუზომელი და ფასდაუდებელია.
„90 წლის იუბილეს ვულოცავ ჩვენს სახელოვან რეჟისორს, ელდარ შენგელაიას. ელდარ შენგელაიას ღვაწლი ქართულ კინოხელოვნებაში განუზომელი და ფასდაუდებელია. მის შემოქმედებას, ასე საყვარელსა და საამაყოს ყოველი ჩვენგანისთვის, განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართულ კინემატოგრაფიაში. ელდარ შენგელაიას კინოშედევრების თითოეული პერსონაჟი სიყვარულსა და სიკეთეს ასხივებს და დღემდე ახლობელი და საყვარელია ყველა თაობისთვის. საქართველო ამაყობს, რომ ჰყავს მსოფლიო კლასის რეჟისორი, რომელმაც ფართოდ გაუთქვა სახელი ქართულ კინოს. ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ ჩვენს დიდ რეჟისორს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
მედია სააგენტო ,,24’’ ბატონ ელდარს 90 წლის იუბილეს ულოცავს.
ლელა დევდარიანი