“ნაციონალებისთვის უმჯობესია მელიამ გაიმარჯვოს, “ქართული ოცნებისთვის” – ხაბეიშვილმა”

“დემენცია ნიშნავს ჭკუასუსტობას, სააკაშვილს ასეთი არაფერი ეტყობა, წერილებს 5-ენაზე წერს” – ინტერვიუ გელა ნიკოლაიშვილთან

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ქართული სასამართლოსთვის ამერიკელი ექსპერტების მიერ მიცემულმა ჩვენებამ ბევრი ვერაფერი შეცვალა. არ არსებობს მყარი დასაბუთება იმისა, თუ რატომ უნდა გაუშვან მსჯავრდადებული სამკურნალოდ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მაშინ, როდესაც ყველა საჭირო მკურნალობის ჩატარება საქართველოშიც არის შესაძლებელი. ამ ყველაფრის ფონზე საინტერესოა ერთი რამ, რატომ იგვიანებს სააკაშვილის საქმეში სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა? სწორედ ამ საკითხზე მედია სააგენტო „24“-ს უფლებადამცველი, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ესაუბრა.

– რა გამოკვეთა სასამართლო პროცესმა, რატომ ვერ დასტურდება დიაგნოზები ექსპერტების ჩვენებით და სადამდე მიგვიყვანს ეს პროცესი?

– ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის დაუსაბუთებელი. აქ ლაპარაკი არ არის ცრუ ჩვენებებზე. შეგნებულად აქცენტი გააკეთეს უცხოელ ექსპერტებზე, რადგან სრულიად სხვა სტანდარტია ამერიკულ ექსპერტიზაში. საქართველოს ვერც ერთი ექსპერტი ვერ იტყვის, მაგალითად – სააკაშვილი არის ნაწამები. ეს ექსპერტის საქმე არ არის; ვერ იტყვის, რომ ის არის მოწამლული, მოწამლეს. ამ პროცესზე კი ექსპერტები პირდაპირ გამოდიან და გვეუბნებიან, სააკაშვილი აწამეს. თვითონ წამების დეფინიციაც შეუძლებელია ექსპერტმა თქვას. მან მიიღო დაზიანება, ეს შეუძლია თქვას. როგორც ჩანს, იქ არის ასეთი პრაქტიკა. ჩვენი კანონმდებლობა კი მსგავსს არ ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, ვარაუდის დონეზე ხშირად ამბობენ, მოწამლულია. ვერცხლისწყალი თუ დარიშხანი ნორმას სცილდებაო, ამბობენ. როცა ვეკითხებით, – საიდან იცით? გვპასუხობენ, – იმან თქვა. აღმოჩნდება, რომ გამოკვლევები არ ჩატარებულა. საქართველოში შეუძლებელია ამ დაავადების მკურნალობაო, რომ ვეკითხები, რატომ არის შეუძლებელი, საიდან იცით? – ადვოკატებმა მითხრეს, ვიღაც ექსპერტმა თქვა… ასეთ, ძალიან საეჭვო მტკიცებულებებზე დაყრდნობა, ჩვენ ექსპერტებს არ ახასიათებთ. ვფიქრობ, მოსამართლე ასეთ ექსპერტიზას არ გაითვალისწინებს.

გელა ნიკოლაიშვილი

ექსპერტი ამბობს, სპეციალურად 14 დასახელების წამალს აძლევენ და აქედან 2 არ უნდა მიეცათ, რადგან მადა ეკარგება და ვერ ჭამს. ვეკითხები, რომ არ მიეცათ ეს ორი დასახელება, რა მოუვიდოდა? – მადა მოუვიდოდა და წონაში არ დაიკლებდაო. შე დალოცვილო, თუ ამდენი იცი, სააკაშვილს ვინმე აძალებს ამ ორ წამალს? თავის ექიმები არ ჰყავს? „ემპათიის“ ექიმები არ ეუბნებიან, არ დალიოო?! შეიძლება სპეციალურად იღებს, რომ მადა არ ჰქონდეს და წონაში კლება იყოს. არის შემთხვევები, როცა „ემპათიის“ ექსპერტი ერთს ამბობს, ამერიკელი – მეორეს, დაავადებასა თუ დაზიანებასთან დაკავშირებით. ერთი იტყვის, ეს წამალი არ უნდა მიეცათო, აღმოჩნდება, რომ ამ წამლის მიღება, „ემპათიის“ ექიმმა ურჩია. ძალიან ბევრი წინააღმდეგობებია. ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, იმისათვის, რომ პატიმარმა ციხე დატოვოს, ორი მოცემულობა უნდა იყოს: ერთი – მძიმე დაავადება, მეორე ის, რომ პენიტენციური სისტემის პირობებში შეუძლებელია მისი მკურნალობა. მძიმე დაავადებაც რომ ჰქონდეს, ის არც არის პენიტენციური სისტემის პირობებში. 9 თვეა სააკაშვილი ქალაქის საავადმყოფოშია. როდესაც ლაპარაკია წამებაზე, თურმე წამებაა ის, რომ სააკაშვილს მაჯის საათი შეხსნეს, რომელიც აკრძალულია ნებისმიერი პატიმრისთვის, ძალით შეხსნესო; ღამით შევიდნენ და უთხრეს, უნდა გადაგიყვანოთო; არ უთხრეს, სად გადაჰყავდათო; არ უნდოდა ციხის საავადმყოფოში შესვლა, ხელი მოკიდეს და ისე შეიყვანესო. აი, ამ ყველაფერს ისინი წამებას ეძახიან. ამ ლოგიკით, ციხის ყველა პატიმარი წამების ქვეშ არის, რადგანაც პატიმარს შეზღუდული აქვს გადაადგილების თავისუფლება და ადმინისტრაციის მითითებები უნდა შეასრულოს.

– თუ არსებობს სააკაშვილის საქმეში „ემპათიის“ გარდა, ექსპერტიზის სხვა დასკვნა, მაგალითად სამხარაულის?

– სამხარაულის ექსპერტიზაში თვითონ დეპარტამენტს აქვს ექსპერტიზა დანიშნული, თუმცა დღემდე მისი პასუხი არ არის. როცა მოვიკითხე, როდის გაგზავნეთ მასალები-მეთქი, მითხრეს, – 13 ოქტომბერსო. უკვე მეოთხე თვე მიდის და არ ვიცი, რატომ არ არის აქამდე ექსპერტიზის დასკვნა. როგორც ჩანს, დასრულებული არ არის. სასამართლო პროცესი ლამის მთავრდება და როდემდე უნდა გაგრძელდეს ამ დასკვნაზე მუშაობა, არ ვიცი.

– რა შეგიძლიათ თქვათ სააკაშვილის დემენციაზე და სააკაშვილის ამერიკაში გადაყვანის აუცილებლობაზე. რატომ მაინცდამაინც ამერიკა?

– ჯერ ის ვთქვათ, რატომ მაინცდამაინც დემენცია. – იმიტომ, რომ დაუზუსტებელი დემენცია წერია ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში. დაუზუსტებელი ნიშნავს, რომ არ ვიცით, რისი შედეგია – ასაკის, მოწამვლის, ნევროლოგიური დაავადების თუ რაღაც სხვა მიზეზის. ბევრი რამის გამო შეიძლება ადამიანს დემენცია დაემართოს, მათ შორის, ტრავმის გამოც. მაგრამ რეალურად დემენცია ნიშნავს ჭკუასუსტობას. ჭკუასუსტი არის თუ არა ადამიანი, ეს მის ქმედებებში მჟღავნდება. სააკაშვილის ქმედებებიდან კი, მსგავსი არაფერი ჩანს – განცხადებებსაც აკეთებს, წერილებსაც წერს 5 ენაზე, აზროვნებს და ლაპარაკობს, მოვლენებს აფასებს. თან დემენციის დროს უნდა ახსოვდეს არა ახალი მოვლენები, არამედ 20-30 წლის წინანდელი. ამ შემთხვევასთან დღეს აშკარად საქმე არ გვაქვს. მთავარი ის არის, რომ იქ არ წერია დემენციის სტადია. კიბოც არ იკურნება. იმ ბრძანებულების მიხედვით, თუ პატიმარს მეოთხე სტადია არ აქვს, გათავისუფლება არ ეკუთვნის. არ ვიცი, რატომ არ არის დასაბუთებული ჩანაწერში დემენცია, გამორჩათ თუ რა მოხდა. როგორც ექიმები ამბობენ, 50 წლის შემდგომ მეტ-ნაკლებად ყველას აქვს დემენცია – სიტყვა გავიწყდება, გვარი ან ნებისმიერი რამ. ესეც კი დემენციის ნიშნებია, ოღონდ მსუბუქ ფორმაში. აგერ ამერიკის პრეზიდენტს საკმაოდ რთულ ფორმებში აქვს დემენცია და ის მოქმედი პრეზიდენტია. გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლე გაითვალისწინებს, თუ დემენცია აქვს, მის სირთულეს.

– საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ექსპრეზიდენტი ბევრად მძიმე ბრალდებით უნდა სამართლდებოდეს. რამდენად მყარია სახელმწიფო ბრალდება სააკაშვილის მიმართ და სხვა რა ბრალდებებით უნდა იჯდეს ის ციხეში?

– ლოგიკურად ვასკვნი, რომ სადაც მტკიცებულებების მოპოვება შეძლეს, ბრალად ის მუხლები წაუყენეს. მონდომების ან კარგად გაქექვის შემთხვევაში, შეიძლებოდა სხვა მუხლების წაყენებაც. რადგან არ წაუყენეს, ალბათ საკმარისი მტკიცებულებები არ არის. იმ ორშიც, სადაც უკვე მიუსაჯეს და დანარჩენ სამ ბრალდებაში, საკმაოდ მყარი მტკიცებულებებია წარმოდგენილი, რომ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს.

– ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზეც ვისაუბროთ. რას იტყვით ახალ ეროვნულ მოძრაობაზე, რომელიც სააკაშვილის ძველმა თუ ახალმა თანაგუნდელებმა დააანონსეს? რამდენად აქვთ მორალური უფლება ამ ადამიანებს “ეროვნული მოძრაობა” დაარქვან თავიანთ საქმიანობას?

– ეს მხოლოდ პიარის ნაწილია. 24 თებერვალი – თარიღიც შემთხვევითი არ არის. ფიქრობენ, დაახლოებით იგივე რაოდენობის ხალხი შეიკრიბება, როცა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი წყდებოდა. მუხტი აიწევს და ამას ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართავენ. ეს არის ილუზია. ყველანაირად ცდილობენ, რომ რაღაც ტალღას მოასხდნენ თავზე, მაგრამ არ იქნება. იმიტომ, რომ ის მართლაც გულწრფელი სურვილი. კანდიდატის სტატუსი რომ მივიღოთ, რა თქმა უნდა, ხალხს ამის სურვილი აქვს. მაგრამ ის, რომ თუ გამოხვალთ და ამ ხელისუფლებას დაამხობთ, რადგან ესენი პრორუსები არიან და მხოლოდ ამ შემთხვევაში მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს – ეს არ არის ის ლოზუნგი, ის რეალობა, რასაც ხალხის დიდი რაოდენობა აიტაცებს. იმის ნახევარი ხალხიც არ გამოვა, რაც მაშინ გამოვიდა. ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიან.

– ვისთვის არის ბელადი დღეს სააკაშვილი, საკუთარ პარტიაში აქვს ავტორიტეტი?

– სააკაშვილი არცერთ გამარჯვებულზე არ იტყვის, რომ მისი მხარდაჭერა არ აქვთ. ის ყველასთვის, პარტიის შიგნით, უნდა იყოს ყველაფერზე მაღლა მდგომი ლიდერი – ბელადი. ამიტომ, არცერთ მიმდინარეობას ის ხელს არ კრავს. ბუნებრივია, მის ინტერესშია, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს და პარტია რომც გაიყოს, არცერთი იტყვის უარს სააკაშვილზე. ფაქტია, სააკაშვილი ყველასთვის ბელადი იქნება.

– როგორ შეაფასებდით “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე შიდა დაპირისპირებას და რას ნიშნავს კეზერაშვილ-მერაბიშვილის დუეტის გააქტიურება შიდაპარტიულ ბრძოლაში?

– ნაციონალურ მოძრაობაში რამდენიმე ფრთა გამოიკვეთა, ძირითადად – ორი. თუმცა, ნონა მამულაშვილის ფრთის უგულებელყოფაც არ შეიძლება, რომელსაც ალბათ, მხარდაჭერა ნაციონალური მოძრაობის გასამხედროებული ძალებისგან ექნება, თავისი ძმის პოზიციებიდან გამომდინარე. რაც შეეხება მერაბიშვილ-კეზერაშვილის ფრთას, ეს უფრო მეტად დისკრედიტებული ხალხის თავყრილობაა, რომელიც უფრო წამგებიანი იქნება ნაცმოძრაობისთვის. თუ ვინმეს აფრთხობს “ენმ”, სწორედ იმ ცუდი საქმეების გამო, რომელიც, უკავშირდება ერთსაც და მეორესაც. ერთი – მონაწილეობდა მოქალაქეების რეკეტში და ციხეების პატიმრებით გავსებაში. მართალია, პირდაპირ მერაბიშვილი არ ყოფილა პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელი, მაგრამ სამაგიეროდ, იყო ის, ვინც პენიტენციურ სისტემას, ძირითადად, უდანაშაულო ადამიანებით ამარაგებდა; მეორე ანუ კეზერაშვილი, ხელმძღვანელობდა ბიზნესმენების რეკეტს. ასე რომ, ორივე ძალადობასთან არის დაკავშირებული და “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებიდან ხალხმა სწორედ ამ იმიჯის გამო მოიცილა. თუ ძალადობის სიმბოლოები კიდევ წამოყოფენ თავს და ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ისევ მოინდომებენ, ეს “ნაციონალურ მოძრაობას”, რა თქმა უნდა, შანსებს კიდევ უფრო უსუსტებს, ფაქტობრივად, უნულებს. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, რეალურად, მას საქმეს უმსუბუქებს, რომ ხელისუფლება უფრო განიმტკიცოს და შეინარჩუნოს. აქედან გამომდინარე, აზრს მოკლებული არ არის ის პოზიცია, რასაც ხშირად ვისმენთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან, რომ მათ შიდაპარტიულ არჩევნებში, პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე, ხაბეიშვილის გამარჯვება უფრო აწყობთ, ვიდრე ნიკა მელიასი.

– სააკაშვილის პარტიაში არსებული განხეთქილების მიზეზად იმ დიდ ფულზე კონტროლს ასახელებენ, რომელიც “ენმ”-ს გააჩნია და რომელზე წვდომასაც მერაბიშვილ-კეზერაშვილი ცდილობენ?

– კი, ეს მინუსი, რაც ჩვენ ვთქვით, არის პარტიის იმიჯის თვალსაზრისით. მაგრამ, რასაც თქვენ ამბობთ, ეს უკვე არის მაგის პლუსი – დიდი ფულის ხელში ჩაგდება და ამ ფულით მანიპულირება. ფულს დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი არჩევნების, მით უმეტეს, შიდაპარტიული არჩევნების დროს. ვნახოთ, გარეგნულად ისე ჩანს, თითქოს უმრავლესობა მაინც ნიკა მელიას ემხრობა. თუმცა, თუ ნონა მამულაშვილს ან ხაბეიშვილს მოვუსმენთ, მათ საკუთარ გამარჯვებაში, ეჭვი არ ეპარებათ. არჩევნების დროს, ყველა ასე ამბობს, ესეც არ დაგვავიწყდეს.

-კეზერაშვილსაც და მერაბიშვილსაც დანაშაულებრივი შლეიფი მოჰყვებათ. იფიქრებდით, რომ სააკაშვილის ხელისუფლების ამ დისკრედიტებულ მაღალჩინოსნებს ამბიციები გაუჩნდებოდათ, რომ პარტია ხელში ჩაეგდოთ და ამ გზით ხელისუფლებაში მოსვლა ეცადათ?

– “ნაციონალური მოძრაობის” ბუნებიდან გამომდინარე, პრინციპში, ეს ლოგიკურია. ნამდვილად არ მიკვირს. თუ მელიას ფრთამ გაიმარჯვა, არ ვამბობ, რომ ესენი ანგელოზები არიან, მაგრამ შედარებით გაკეთილშობილებისკენ, არაძალადობრივი ქმედებებისკენ მიმართულად აღიქმება უკვე “ნაციონალური მოძრაობა”. ამიტომ, პარტიისთვის სჯობს მელიას ფრთის გამარჯვება, ხოლო „ქართული ოცნებისთვის“ – ხაბეიშვილის ან, თუნდაც, ნონა მამულაშვილის.

– ითქვა, რომ სწორედ ვანო მერაბიშვილს ენდო სააკაშვილი და მან ჩამოიყვანა ექსპრეზიდენტი საქართველოში. დღეს კი, მერაბიშვილი სააკაშვილის განკარგვის ქვეშ მყოფი ფინანსების დაუფლებისთვის იბრძვის. „ორი გვამის“ მომთხოვნი მინისტრი სააკაშვილს ჭკუით და გავლენით აჯობებს?

– არ ვიცი. ლოგიკასთან ახლოსაა, რომ მერაბიშვილმა შემოიყვანა სააკაშვილი. თუმცა, ცნობილია უშუალოდ გია ლორთქიფანიძის როლი ამ საქმეში. ის კი მერაბიშვილის მოადგილე იყო, როგორც ვიცი. აქედან გამომდინარე ლოგიკურია, დავიჯეროთ, რომ მანდ მერაბიშვილის როლი დიდი იყო. თუნდაც, ამიტომ სააკაშვილი არ უნდა იყოს კმაყოფილი იმით, რომ ის მერაბიშვილმა შემოიყვანა და ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა. შეიძლება ითქვას, შემოიტყუეს – ილუზია შეუქმნეს, რომ მთელი საქართველო ფეხზე დადგებოდა მის დანახვაზე. რეალურად, ეს არ მოხდა. ლოგიკით, ის არ უნდა იყოს კმაყოფილი ჩამოსვლით და იმ ხალხით, ვინც ამ შემოსვლის ორგანიზება გააკეთა. ახლა სააკაშვილი ჩუმად არის და ხმამაღლა არაფერს ამბობს, გულში ვის ემხრობა, არ ვიცი. ვფიქრობ, იმ პოზიციას ინარჩუნებს, რომ ნებისმიერის გამარჯვების შემთხვევაში, ის მაინც თვლის, რომ მაინც ბელადად რჩება. ამიტომ, არ უნდა, რომელიმე ფრთა ჩამოიჭრას და მათი მხარდაჭერა ჩამოიკლოს.

– ამ მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილი, პოლიტიკურ იმიჯს კიდევ შეინარჩუნებს?

– კი, თუ დაძლია თავისი სისუსტეები, კერძოდ, ფსიქოლოგიურ-პიროვნული სისუსტეები: – არ მინდა ციხეში! გამიშვით გარეთ! დედა მინდა და ა. შ. ხოლო თუ ამ მდგომარეობას შეეგუა, რომ ის ციხეში გარკვეულ წლებს გაატარებს, შეიძლება 6 წელი არა, რაც მისჯილი აქვს, მაგრამ 3-4 წელი მაინც მოუწიოს ციხეში ყოფნა, იმ 3-4 წლის შემდეგ, ის ციხიდან ბევრად მეტი პოლიტიკური კაპიტალით გამოვა, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ისევ ასე გააგრძელებს, – “აქეთ არ მოვიხედავ!”, “მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ” და ა.შ. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, როგორ მოიქცევა.

ესაუბრა გიორგი გლოველი


“ოცნების” არაფერი მინდა! ქუჩა კი არა, ოქროს ძეგლი რომ დადგან… – რუსუდან შარაძე

რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელი სტრასბურგმა დასაშვებად ცნო

“ადეიშვილის მოსამართლეებს დღეს ბრძანებას აღარავინ აძლევს,მაგრამ ხვალ მოვა ვინმე და მისცემს”

ფესვგამდგარი კლანი ქართულ სასამართლოში- ვინც რეფორმას აფინანსებს, სანქციებსაც ის აწესებს

ექთანმა პრესტიჟულ კლინიკას შრომითი დავა მოუგო

პოდკასტი