“ყვარლის ტბასთან მისვლის საშუალება აღარ გვაქვს, როგორ ითმენს ხალხი ამას?” (ვიდეო)

ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა უკმაყოფილოა ყვარლის ტბის და მიმდებარედ არსებული ტყის გაყიდვით. როგორც მედია სააგენტო “24”-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, უკვე წლებია შეზღუდული აქვთ ტბაზე მისვლა. ტყეს ღობე აქვს შემოვლებული და მას შემდეგ, რაც კერძო საკუთრებაში გადავიდა, სოფელი ამ ბუნებრივი რესურსებით ვეღარ სარგებლობს.

“ერთი ტომარა ტყის მიწაც კი ვეღარ გამოგვაქვს იქიდან”, – ამბობს ადგილობრივი გლეხი.

ყვარლის ტბასთან მისვლის უფლება რიგით ადამიანებს წართმეული რომ აქვთ, ამის შესახებ ვიდეოში გვიყვება ჟურნალისტი თამილა გურაშვილი. მისი ინფირმაციით,  ტბა და მის მიმდებარედ 180 ჰა ფართობის მიწა პოლიტიკოს არჩილ გეგენავას უყიდია. 2008–2012 წლებში, ის იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (მთაწმინდის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“.

“SOS!!! ტყე,მდინარე, ტბა, ეს ხომ ქართველი ხალხის საკუთრებაა, ვინც სახელმწიფო საკუთრებას კერძო პირებს უკანონებთ და ხალხს ქვეყნის საკუთრებაში არსებულ ტყეებსა და ტბებზე შესვლას უკრძალავთ, ყველანი ხართ დასახვრეტები!!! ეს მეორედ მივედი ყვარლის ტბის სანახავად და მეორედ არ შემიშვეს!!!! “, – აცხადებს იგი.

ცნობისათვის, ყვარლის ტბა არის ხელოვნური წყალსაცავი, რომლებიც წლების წინ სასოფლო სამეურნეო მიზნებისთვის შექმნა. ის მდებარეობს კახეთის კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთ კალთის ძირში, მდინარე დურუჯის მარჯვენა მხარეს, ქინძმარაულის უნიკალურ მიკროზონაში. გვალვიანი ზაფხული კახეთის ხშირი პრობლემაა, ამისთვის შეიქმნა ყვარლის წყალსაცავი, სადაც მოკავებულ წყალს მიწების სარწყავად იყენებდნენ. დღეს მას ,,ილიას ტბას” უწოდებენ, თუმცა მანამდე “დურუჯის ზღვა” ერქვა.

მისი ისტორია ერთ ცნობილ ანდაზას – “გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო” მიესადაგება. მის სიახლოვეს ქინძმარაულის ზვრებია გადაჭიმული. ყოველ ზაფხულს ჩამოდგებოდა სიცხე და გაუჭირდებოდა შვილივით ნაზარდ ვაზს. საბედნიეროდ ნიჭიერი ადამიანებით ჩვენი ქვეყანა არასოდეს ყოფილა დაცოტავებული, მოუფიქრებია ვიღაცას დურუჯს წყალი წავართვათ, ხელოვნური წყალსაცავი გავუკეთოთ და პრობლემაც გადაიჭრებაო. მოიძებნა მდინარესთან ახლოს დიდი ყურე – ლაფნიანი. გაწმინდეს ველური მცენარეებისაგან ტერიტორია, მოთხარეს, გააფართოვეს და მიუშვეს დურუჯის წყალი. . . წყალსაცავმა გადაწყვიტა რაიონის მოსახლეობის ნაკვეთების სარწყავი წყლით მომარაგების პრობლემა.

ტბა შექმნილია პატარა ნამდინარევ ქვაბულში, რომელიც გაზრდილია 20 მ სიმაღლისა და 800 მ სიგრძის მიწაყრილის კაშხალით. მაქსიმალური დონის დროს ფართობი 0,3 კმ² აღწევს. წყლის მოცულობა 3,6 მლნ. მ³. საშუალო სიღრმე 12 მ, მაქსიმალური სიღრმე 20 მ, უდიდესი სიგრძე 0,9 კმ, უდიდესი სიგანე 0,3 კმ. საზრდოობს ატმოსფერული ნალექებით.

როგორც აღვნიშნე, ხელოვნური ტბა ქინძმარაულის უნიკალურ მიკროზონაში მდებარეობს. ტბას ცალი მხრიდან გარს ერტყმიან ფოთლოვანი ტყეებით დაფარული გორები, ხოლო მეორე მხარეს გაშენებულია დასასვენებელი პარკი, კაფეები, რესტორნები, ტყეში კი ახალი სასტუმრო. ტბა მოეწყო სახელმწიფო ხარჯებით, ყვარლის რაიონში დასასვენებელი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, და იგი ადგილობრივების საყვარელ დასასვენებელ ადგილად იქცა.

რამდენიმე წლის წინ ტბაზე გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა და მისი ნაპირები კეთილმოეწყო სახელმწიფო ხარჯით. დღეს, როგორც ვხედავთ, ტბას პირვანდელი დანიშნულება დაუკარგავს და მხოლოდ დასასვენებლად და ტურისტული მიზნით იყენებენ. სოფლები არა თუ ტბის წყლით ვეღარ სარგებლობს, ხახლს უკვე ტბასთან მისვლაც კი შეუზღუდეს.

შორენა პაპაშვილი

 


საქართველოში ხორბლისა და ქერის წარმოება 15.8%-ით გაიზარდა – საქსტატი

“დავიღალეთ! წლებია, მხოლოდ დაპირებები გვესმის” – მოსახლეობა ხელვაჩაურის მერიის წინააღმდეგ

დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა

5-ლარად ჩაბარებული ქართული თხილი უკან 56 ლარად გვიბრუნდება – “ჩვენ შრომას ფასი არ აქვს”

საძოვრების 3-წლიან იჯარაზე განცხადებების მიღება გრძელდება

პოდკასტი