თბილისის პირველი ბიზნესცენტრი – შენობა, რომელიც 3-ჯერ გადაურჩა დანგრევას

საბჭოთა პერიოდში ბურჟუაზიული “არტ-ნუვოს” სტილის იგნორირება დაიწყო, შედეგად, მრავალი უნიკალური ძეგლი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა.

თბილისში, რუსთაველის გამზირის N37-ში მდებარე ისტორიული შენობა – ალექსანდრე მელიქ-აზარიანცის “შემოსავლის სახლი” მზრუნველ ხელს წლებია ელის. XX საუკუნის დასაწყისში აშენებული, დედაქალაქის ერთ-ერთი წარმოსაჩენი შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია. ფასადიდან უნიკალური ბარელიეფებიც ჩამოვარდნილია. შენობა კერძო მფლობელობაშია, თუმცა, როგორც ჩანს, ძეგლის სტატუსის მქონე შენობის მესაკუთრეები მის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას არ ჩქარობენ.

იმ პერიოდში, როცა ქართველი მეწარმეები მცირე შემოსავლიან სახლებს აშენებდნენ, სომეხმა მეწარმემ ევროპული “არტ ნუვოს” სტილში სახლის აშენება 1912 წელს პეტერბურგელ ნიკოლაი ობოლონსკის დაუკვეთა, რომელმაც მშენებლობა 3 წელიწადში, 1915 წელს დაასრულა.

“ამ ცნობილ არქიტექტორს თბილისში სხვა შენობა აღარ აუგია. თუმცა, მისთვისაც ძალიან დიდი გასამრჯელო აუღია. რაც შეეხება შენობის მორთულობას, ჩეხმა ნოვაკმა შეასრულა და იმთავითვე ქალაქის გამორჩეული ნაგებობის სახელი მოიპოვა. ამ შენობას არაერთი ლეგენდა, მითქმა-მოთქმა და თავგადასავალი უკავშირდება. ერთი გადმოცემა იმასაც ამბობს, რომ მელიქ-აზარიანცი საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მიწისქვეშა საიდუმლო გვირაბში დაიმალა, კარი ჩაეკეტა და ჩარჩა. ამიტომ, ამას მიაწერენ ამბავს, რომ სარდაფში თითქოსდა, ერთ ადგილას კაკუნის ხმა ისმის. ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ მეწარმეს საბჭოთა რეჟიმმა სახლი და ქონება ჩამოართვა. ის იმავე სახლის ერთ პატარა ოთახში დატოვეს და 1923 წელს სიღარიბეში გარდაიცვალა. 100 წელიწადში ამ შენობის სამჯერ დანგრევა სცადეს და ყოველთვის გადარჩა”, – ინფორმაციას ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი გვაწვდის.

შემოსავლიან სახლებს იმ დროისთვის სხვებიც აშენებდნენ – ნაწილს აქირავებდნენ, ნაწილში კი თავადაც ცხოვრობდნენ, თუმცა უმეტესობა მათგანი მხოლოდ ფასადით იყო მომხიბვლელი. აზარიანცმა ათწლეულებით გაუსწრო არსებულ სტანდარტულ ინფრასტრუქტურას და განიზრახა აეგო სრულიად განსხვავებული კონცეფციის “შემოსავლიანი სახლი” – ეს იყო მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელსაც ჰქონდა საკუთარი წყალმომარაგება (იმ დროის თბილისში წყალსადენი მოქმედებდა, თუმცა, სამზარეულომდე და სააბაზანომდე მიყვანილი წყალი თბილისელებისთვის ეგზოტიკას წარმოადგენდა), ცენტრალური გათბობა, საკუთარი სატელეფონო სადგური, კინოთეატრი, ფოტოსალონი, ბავშვთა პანსიონი, სამხატვრო გალერეა, ეგზოტიკური მცენარეებითა და შადრევნით გაშენებული ეზო. სახლი ძირითადად რუს საჯარო მოხელეებს ჰქონდათ ნაქირავები და ასეთი კომფორტის მიუხედავად, აზარიანცი მაინც არ აფასებდა ძვირად.

მელიქ-აზარიანცი თბილისის ისტორიაში ცნობილია ქველმოქმედებითაც. მას შეუქმნია ფონდი, რომელიც თავისი ხარჯებით ინახავდა 100 სოფლის სკოლას, ბიბლიოთეკას, ქალაქებში ხსნიდან სასწავლო კურსებს, სტიპენდიებით ეხმარებოდა ევროპაში სასწავლებლად წასულ სტუდენტებს… ფონდი დიდ ყურადღებას აქცევდა განათლებას. მისი მფარველობის ქვეშ იყო 63 საეკლესიო საგანმანათლებლო ცენტრი თბილისისა და ერევნის ეპარქიებში, ასევე 140 სკოლა, ათობით ბიბლიოთეკა, სახელოსნო და ა.შ. XX საუკუნის მიჯნაზე, სვეტიცხოვლის რესტავრაციისთვის, მელიქ-აზარიანცმა, მიქაელ არამიანცმა და ალექსანდრე მანთაშოვმა 150 000 რუბლი გაიღეს.

აღსანიშნავია, რომ აზარიანცის სახლის ადგილას ნაგავსაყრელი და ბარაკები იყო და ქალაქის თავმა ხატისოვმა ალექსანდრეს სწორედ ეს ადგილი შესთავაზა სამშენებლოდ. ბუნებრივია, აზარიანცი გაბრაზდა ამგვარ შეურაცხყოფაზე, თუმცა, დანებების ნაცვლად, მიიღო გამოწვევა და ნაგავსაყრელის ადგილას გაწმენდას შეუდგა, ხოლო მეზობლად მცხოვრები ოჯახებისგან მათი ბარაკები 300-300 ოქროდ იყიდა.

შემოსავლიანი სახლი მელიქ-აზარიანცის ხასიათზეც ბევრს გვიყვება. როგორც აღმოჩნდა, საძირკვლის ტრადიციული მეთოდით ამოყვანა შეუძლებელი იყო გრუნტის წყლების გამო. განათლებით გეოლოგმა ეს გამოწვევაც უდრეკად მიიღო და გონივრული გამოსავალი იპოვა – საძირკველი მთლიანად ტყვიაში ჩასვა, ხოლო სამშენებლოდ სპეციალური ხერხით გამომწვარი აგური გამოიყენა.

რაკი “შემოსავლიანი სახლი” გამორჩეულად დიდი შენობა იყო, საძირკველიც დიდი სჭირდებოდა, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც სახლს მიწისქვეშ 3-4 სართული და გვირაბების დიდი ქსელი აქვს, თუმცა, არ გამოვრიცხავთ, რომ იდუმალებით მოცულ მეპატრონეს ეს სივრცე სხვა დანიშნულებითაც სჭირდებოდა. ამ მოსაზრებას ამყარებს, 1909 წელს, გაზეთ “მომავალში” გამოქვეყნებული ინფორმაცია “შემოსავლიანი სახლის” ჩხრეკის შესახებ.

ზოგიერთი წყაროს თანახმად, როდესაც ხელისუფლებაში ბოლშევიკები მოვიდნენ, მელიქ-აზარიანცს “შემოსავლიანი სახლის” გაყიდვა და საზღვარგარეთ წასვლა განუზრახავს, ამ მიზნით ფრანგ მყიდველთანაც ჰქონია მოლაპარაკება. მეუღლე საფრანგეთში გამგზავრებულა, სადაც მის ჩასვლას უნდა დალოდებოდა, თუმცა ალექსანდრეს ქვეყანა ვეღარ დაუტოვებია.

ბოლშევიკებმა აზარიანცს ლეგენდარული “შემოსავლიანი სახლი” ჩამოართვეს და საცხოვრებლად იმავე სახლის სადარბაზოში, ერთ-ერთი კიბის ქვეშ მიუჩინეს ადგილი, სადაც ალექსანდრემ სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა (სხვა ვერსიის მიხედვით, კიბის ნაცვლად, ეს იყო დარაჯის ჯიხური). ასე გარდაიცვალა იდუმალებით მოცული ბიზნესმენი 1923 წელს, უკიდურეს სიღატაკეში. მეგობრებმა შეგროვილი ფულით დაკრძალეს. ვერის ძველ სასაფლაოზე, დიდ აკლდამებს შორის, ოდესღაც თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და შეძლებული მოქალაქის მოკრძალებულ საფლავს დღესაც წააწყდებით, წარწერით, “მშვიდობა შენდა, ღირსეულო მამაო!”.

თბილისს შეუძლია დაიტრაბახოს შენობათა საკმაოდ მნიშვნელოვანი კოლექციით, რომელიც მე-19/20 საუკუნეების მიჯნაზე პოპულარულ არქიტექტურულ მიმდინარეობას მიეკუთვნება. საბჭოთა პერიოდში “არტ-ნუვო” ბურჟუაზიულ კულტურად შერაცხეს და ამგვარად იგნორირებული იყო. მე-20 საუკუნის დასაწყისში თბილისში სხვა მრავალი შესანიშნავი შენობა აშენდა ამავე სწილში: სკოლები, სახელოსნოები, კინო-თეატრები, თეატრები, მაღაზიები, ბანკები, საავადმყოფოები. მაგალითად, “არტ-ნუვოს” სტილშია აგებული მარჯანიშვილის ქუჩაზე თბილისის ყოფილი უნივერმაღი, რომელიც დღეს “თი ბი სი ბანკის” სათაო ოფისს წარმოადგენს.

ევროპული არქიტექტურის გავლენით მეოცე საუკუნის დასაწყისში შენობები ქვეყნის სხვა ქალაქებშიც შენდებოდა: სოხუმი, გაგრა, ახალი ათონი, ბათუმი, ფოთი, ქუთაისი, დუშეთი, აბასთუმანი, ბორჯომი და სხვ.

მიუხედავად იმისა, რომ “არტ-ნუვო” საერთაშორისო მიმდინარეობა იყო, ქართულ “არტ-ნუვო” არქიტექტურაში ადგილობრივი ფორმებია შერწყმული. შედეგად მიღებულ იქნა ორიგინალური სინთეზი ევროპული სტილის ფასადებისა ქუჩის მხარეს და ქართული ხის აივნებისა “არტ-ნუვო” დეკორაციებით ეზოს მხარეს. ამ სტილის არქიტექტურა ევროპული ნიმუშების მექანიკური განმეორება არ ყოფილა: აქ ვხვდებით ორნამენტებს ორიგინალური დაგეგმარებით, ავეჯით, მოზაიკით, მოჭიქული მინის პანელებით, ძეგლებით, ბუხრებით, ინტერიერის სხვა დეკორაციებითა და მაღალმხატვრული ფასადებით.

საბჭოთა პერიოდში ბურჟუაზიული “არტ-ნუვოს” სტილის იგნორირება ბუნებრივიც იყო, შედეგად, მრავალი უნიკალური ძეგლი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ძირითადი საშიშროება ამ შენობებისთვის არის: შენობათა სავალალო ფიზიკური მდგომარეობა, გაუმართლებელი არასწორი თანამადროვე ჩარევა, აღდგენითი სამუშაოების ნაკლებობა, არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის ინიციატივის ფაქტობრივი არარსებობა, კულტურული მემკვიდრეობის დარგში საკანონმდებლო ვაკუუმი და ასევე “არტ-ნუვოს” კულტურის მსოფლიო ღირებულებაზე ინფორმაციის სიმწირე.


საქართველოს ეროვნული პავილიონი არქიტექტურის ვენეციის ბიენალეზე

მან შეძლო არქიტექტურა მარტივი, ეკონომიური და კომფორტული ყოფილიყო – ლადო ალექსი-მესხიშვილი

ქუთაისში ბინას იძულებით გადაადგილებული 480 ოჯახი მიიღებს

სამშენებლო ნებართვის მისაღებად გამწვანების პროექტი სავალდებულო იქნება

2 წლის წინ რეაბილიტირებულ რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაანგრევენ – მედპერსონალი აპროტესტებს

პოდკასტი