გელათის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ დაპირისპირება გრძელდება
გელათის ტაძრის რესტავრაციის შემდგომ შექმნილ პრობლემებზე, არაერთხელ უსაუბრიათ. ტაძარს ექსპერტიზაც ჩაუტარეს, საბოლოოდ კი, სამონასტრო კომპლექსში ჩატარებულ სამუშაოებზე, საკმაოდ მძიმე შინაარსის დასკვნა დაიდო. დასკვნის ავტორი კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მომუშავე ორგანიზაციაა. კერძოდ კი, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევითი ცენტრი.
დასკვნის ავტორები კონსერვაციის პრობლემებზე მიუთითებენ. ძეგლის კონსერვაციის გეგმის არარსებობა, ქაოსური სამუშაოები, გადახურვისას დაშვებული შეცდომები, ტონირება-რესტავრაციის დროს საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა, ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ცენტრი ღიად საუბრობს. დასკვნასთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტროს, საკმაოდ მძიმე რეაქცია ჰქონდა, რომელიც კვლევითი ცენტრის მიმართ, სამინისტროს უნდობლობაზე ნათლად მიუთითებს.
უწყებამ დასკვნას ზედაპირული, ავტორებს კი პოლიტიკურად ანგაჟირებული და არაკომპეტენტურები უწოდა. სამინისტროს ამგვარი რეაქცია, არც ცენტრს დაუტოვებია უპასუხოდ და თანაც, ეს პასუხიც, საკმაოდ მწვავე აღმოჩნდა. კვლევითი ცენტრი ვიცე-პრემიერისა და მინიტრის, თეა წულუკიანის უწყებას, გელათის პრობლემის პოლიტიზების მცდელობაში ადანაშაულებს.
საპატრიარქოს თხოვნით მომზადებულ დასკვნას, თავად საპატრიარქოდანაც ეხმაურებიან და ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრს და მათ მიერ წარმოდგენილ სამეცნიერო შეფასებას, თანადგომას უცხადებენ.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა, ამ საკითხთან დაკავშირებით, ვრცელი განმარტება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნავენ, რომ ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა, საპატრიარქოს უშუალო თხოვნის საფუძველზეა შესრულებული და არავითარ პოლიტიზებას, ადგილი არ აქვს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დასკვნა ძეგლის დაცვისა და საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეა განპირობებული.
“მრავალი უცხოელი სპეციალისტის დასკვნებთან ერთად, საჭიროდ მივიჩნიეთ, თავისი სამეცნიერო შეფასება და პროფესიული დასკვნა წარმოედგინა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრს, რომელსაც ჩვენი ეროვნული კულტურის შესწავლისა და პოპულარიზაციის მხრივ, ისტორიულად და დღესაც ფასდაუდებელი სამუშაო აქვს შესრულებული”, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
საპატრიარქო იმ განცხადებებსაც ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დასკვნა პრივატულადაა შესრულებული და მას, იურიდიული ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ამ ფაქტს, საპატრიარქო კატეგორიულად უარყოფს.
“დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამეცნიერო საბჭოს წევრთა ჩართულობით და კვორუმის პირობებში მოხდა ამ დასკვნის მიღება. მას ხელს აწერს და ამტკიცებს გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორი, ქალბატონი მარიამ გაჩეჩილაძე”, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების ბოლოს, საპატრიარქო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ისინი ჩუბინაშვილის ცენტრის სამეცნიერო ავტორიტეტს აფასებენ და საკუთარ პატივისცემასაც ღიად უდასტურებენ.
ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ უწყებებს შორის დაპირისპირებასთან ერთად, გელათზე გამოქვეყნებულმა ახალმა დასკვნამ, აზრთა სხვადასხვაობა, ექსპერტებს შორისაც გამოიწვია.
სალომე ხომასურიძე