“საფრანგეთში გადაღებული ფილმები ფრანგებს ფრანგული ჰგონიათ” – ოთარ იოსელიანი 89 წლისაა

ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ოთარ იოსელიანი, დღეს იუბილარია. მას 89 წელი შეუსრულდა.

თითქმის საუკუნეა, რაც ეს ლეგენდარული რეჟისორი, ქართული კულტურული ცხოვრების დიდი ნაწილია.

კინორეჟისორი 1934 წლის 2 თებერვალს, თბილისში დაიბადა. მას ხელოვნებასთან თავიდანვე ახლო ურთიერთობა ჰქონდა. 1952 წელს, კომპოზიციის, დირიჟორისა და ფორტეპიანოს განხრებით, თბილისის კონსერვატორია დაამთავრა.

“კონსერვატორია დავამთავრე და როცა მივხვდი, ჩემგან დიდი მუსიკოსი არ დადგებოდა, მოსკოვში წავედი და უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე დავიწყე სწავლა. ნიუტონის სახელობის სტიპენდია დამინიშნეს, ეს სამჯერ მეტი იყო ჩვეულებრივზე. ბეჯითი სტუდენტი ვიყავი, საგნები მაინტერესებდა, მაგრამ ერთხელ უნივერსიტეტში სამხედროები მოვიდნენ და წარჩინებული სტუდენტების შერჩევა დაიწყეს, ახალი იარაღის შესაქმნელად. სწავლა მივატოვე. აკადემიკოსი ანდრეი სახაროვი დიდი მეცნიერი იყო, მაგრამ წყალბადის ბომბი გამოიგონა, რითაც სსრკ-ს არსებობა გაახანგრძლივა, როცა მიხვდა რა შეცდომა დაუშვა, დისიდენტი გახდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, კომუნისტური სისტემა გააძლიერა”, – ამბობდა ოთარ იოსელიანი ერთ-ერთ ინტერვიუში.

1965 წელს, ოთარ იოსელიანმა, მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის, კინოსარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა.

“როცა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში ჩავაბარე გამოცდები, პირველ კურსზევე მივხვდი, კინო ჩემი საქმე იყო. მოგვიანებით, უკვე რეჟისორი რასაც ვიღებდი, თითქმის მალევე კრძალავდნენ, თუმცა, ვფიქრობ თავისი საქმე ამ ფილმებმა მაინც გააკეთეს”, – იხსენებს იოსელიანი.

1956 წლიდან, კინოსტუდია “ქართულ ფილმში”, რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა. 1956-1959 წწ. კი, მემონტაჟედ, 1959-1961 წწ. დოკუმენტური ფილმების რეჟისორად. 1961 წლიდან, სტუდიის რეჟისორი და სცენარისტი გახლდათ.

1980 წლიდან, ოთარ იოსელიანი უკვე საფრანგეთში მოღვაწეობს. თუმცა, მის საუბარში ყოველთვის იგრძნობოდა, რომ სამშობლოსგან შორს, მაინც დიდ სევდას ატარებს.

“საფრანგეთში არავინ მყავს, ვისთანაც ღვინოს დავლევდი, ეს სერიოზული პრობლემაა. საქართველოშიც თითქმის იგივე სიტუაციაა, 2-3 კაცის გამოკლებით”, – ამბობს იოსელიანი.

როგორც სჩანს, კინორეჟისორი საკუთარი სამშობლოს ნოსტალგიით ცხოვრობს და ხშირად აღნიშნავს, რომ სამშობლოსგან მოშორებით ცხოვრებას, მისთვის არაფერი შეუცვლია. მისი ნამუშევრებიც კი, კვლავ ქართულ საძირკველზეა აგებული.

“საფრანგეთში გადაღებული ფილმები ფრანგებს ფრანგული ჰგონიათ, იმედი მაქვს ქართველებმა იციან – ქართულ ფილმებს ვიღებ – დღევანდელობაზე, იმაზე, რაც ვიცი. თუ ფილმს არ ვიღებ, ცხოვრებას საქართველოში ვამჯობინებ. ჩემი საფრანგეთში ცხოვრებით ბევრი არაფერი შეცვლილა, ერთი თბილისელი კაცი ვარ…”, – ამბობს ქართველი კინორეჟისორი.

მან ქართველ კინომოყვარულთათვის, ბევრი საყვარელი ფილმი შექმნა. მათ შორის, მოკლემეტრაჟიანი ფილმები: “აკვარელი” (1958), “აპრილი”(1961);

მხატვრული ფილმები: “გიორგობისთვე” (1966), “იყო შაშვი მგალობელი” (1970), “პასტორალი” (1976), “ბასკთა ქვეყანაში” (1983), “მთვარის რჩეულნი” (1984), “პეპლებზე ნადირობა” (1999), “ყაჩაღები”(1996), “მშვიდობით მწვანე მდელო” (2000, საფრანგეთი);

დოკუმენტური ფილმები: “ძველი ქართული სიმღერა” (1969), “თუჯი”(1964), “საპოვნელა” (1959).

ქართული კინოს ერთ-ერთი უდიდესი საგანძური, თვით ოთარ იოსელიანია, რომელიც მრავალი ჯილდოსა და პრემიის მფლობელია. მათ შორისაა: 1999 წელს – საფრანგეთის აკადემიის ოქროს მედალი 1998 წელს – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია 1996 წელს – ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური პრიზი (საუკეთესო რეჟისურისათვის) 1995 წელს – ბერლინის აკადემიის მთავარი პრემია 1993 წელს – რუსეთის დამოუკიდებელი პრემია “ტრიუმფი” 1984 წელს – საქართველოს სახალხო არტისტი 1979 წელს – საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე 1968 წელს – ჟ. სადულის სახელობის პრემია (მხატვრული ფილმისათვის “გიორგობისთვე”).

1999 წელს, თავისივე ფილმში – “მშვიდობით, მშობლიური მიწავ!” რეჟისორმა ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა. ფილმს ბერლინისა და ვენეციის კინოფესტივალებზე სპეციალური პრიზი მიენიჭა.

2010 წლის კანის კინოფესტივალზე კი, არასაკონკურსო ჩვენებაში, რეჟისორის ახალი ფილმი „შანტრაპა“ წარმოადგინეს. ეს ფაქტიც, მისი პროფესიული წარმატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

აღსანიშნავია, რომ ოთარ იოსელიანი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი გახლდათ.

იოსელიანი ის კინორეჟისორია, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებას, თამამად დაუპირისპირდა და ქართული საზოგადოების მანკიერებები ამხილა. მისი ნამუშევრებიდან იგრძნობა, რომ დადებითი და იუმორისტული ჟანრის ნამუშევრების მაყურებლამდე მიტანა, იოსელიანისთვის რთული იყო, რადგან საბჭოთა ცენზურა, მის ფილმებს არა მხოლოდ ზღუდავდა, არამედ პრინციპულად არ აღიარებდა. თვითონ რეჟისორი ამბობს, “ჩემი ფილმები არასოდეს შეიცავდა ანტისაბჭოურ გზავნილებს, მეტიც, მათზე დაკვირვებისას იფიქრებდი, რომ საბჭოთა ხელისუფლებას არასოდეს უარსებია”.

კულტურულ ცხოვრებაში მრავალწლიანი მოღვაწეობის, სირთულეებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, ოთარ იოსელიანმა საკუთარ ნამუშევრებს, ინდივიდუალიზმი შეუნარჩუნა. მისი ფილმები, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანურ გამოცდილებაზე აგებული პოეტური ამბებია, რომლებიც ზოგისთვის ამოუცნობ, ზოგისთვის კი, სრულიად ნათელ ხედვებზე საუბრობენ.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი