“ქვეყანაში ვერ მოგვიყვანია ხახვი, კარტოფილი, სტაფილო” – რატომ ძვირდება საქართველოში საკვები

საქართველოში გაზრდილია ბოსტნეულის შემოტანა, ხახვის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა

სურსათის პროდუქტების ფასების შესწავლასთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტოს დასკვნის საფუძველზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობას პირველადი მოთხოვნის საკვებ-პროდუქტების შეძენა, თითქმის 100%-იანი ფასნამატით უხდება, რაც მისივე თქმით, კატეგორიულად მიუღებელია.

ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს სასწრაფო წესით სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა და ანგარიშის წარმოდგენისთვის ორკვირიანი ვადა განუსაზღვრა. ჯგუფის წევრები უნდა შეხვდნენ ყველა დიდ იმპორტიორს, შეისწავლონ პრობლემა და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება.

“რამდენიმე კვირის წინ დავავალე კონკურენციის სააგენტოს, სურსათის პროდუქტების ფასების შესწავლა, მაინტერესებდა, რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობენ იმპორტიორები და რამდენად გონივრული, ასე ვიტყოდი მარჟებით, მოგებით მუშაობენ იმპორტიორები. შედეგი მართლაც იყო შემაშფოთებელი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ‘

მისივე ინფორმაციით, პირველადი მოკვლევის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ მაგალითად, ბრინჯის, წიწიბურას, მაკარონის, შაქრის, მარილის თუ ზეთის საბითუმო ფასებზე ფასნამატი 50-60-70-80 %-ს აჭარბებ, ამას ემატება უკვე საცალო ფასები – მინიმუმ 25-30%-იანი ფასნამატით და გამოდის, რომ ჯამში მოსახლეობა პირველადი საჭიროების საკვებ პროდუქტებს 100%-იანი ფასნამატით ყიდულობს.

“ასეთი დამოკიდებულება იმპორტიორების მხრიდან არის აბსოლუტურად მიუღებელი. ამხელა მოგებით, გვახსოვს, ძალიან კარგად მუშაობდნენ წამლების იმპორტიორები, მედიკამენტების შემომტანები. გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი მოყვა მაშინ ამ ამბავს, როცა ეს თემა გავხსენით, მაგრამ შედეგიც სახეზე იყო. გავხსენით თურქეთის ბაზარი და ახლა უკვე არის რეფერენტული ფასები, რამაც 60-70-80%-ით შეამცირა მედიკამენტებზე ფასები და ჯამში ჩვენმა მოსახლეობამ 200 მლნ ლარის ეკონომია გააკეთა, ანუ საკუთარი ჯიბიდან დანახარჯები შემცირდა 200 მლნ ლარით”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერი იმედოვნებს, რომ იმპორტიორებთან საუბარი შედეგს გამოიღებს, მთავრობის პოზიციას ანგარიშს გაუწევენ და გაითვალისწინებენ.

“არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება, ეს არის არასწორი საქციელი”, – მიაჩნია ირაკლი ღარიბაშვილს.

სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის დარგში ექსპერტის ნიკა შენგელიას აზრით, ფარმაცევტულ ბიზნესთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივამ ასე თუ ისე იმუშავა. მაგალითად, დიაბეტური წამლების ჯგუფში ფასები შემცირდა. სხვა წამლების ფასებმაც დაიწია და მეტ-ნაკლებად გაკონტროლდა ეს სფერო, რომ წამლებზე დიდი ფასნამატი არ იყოს. თუმცა, საკვები პროდუქტების ჯგუფის შემთხვევაში საქმე უფრო რთულად არის.

მისი აზრით, პრემიერის მიერ დიდი კომპანიებისთვის დაბრალება, რომ დიდ ფასს ამატებენ, ცალმხრივი განცხადებაა.

“ჯერ არის იმპორტიორი, რომელიც ამატებს თავის ფასს, შემდეგ მიაქვს დისტრიბუციას, შემდეგ შედის მაღაზიების ქსელში, მინიმუმ 20 %-ს იქაც ამატებენ. საბოლოო ჯამში გამოდის მაღალი ფასი”, – განუცხადა მედია სააგენტო “24”-ს ნიკა შენგელიამ.

მისი თქმით, მოსახლეობას ძალიან აწუხებს მაღალი ფასი საკვებზე, მაგრამ ეს პრობლემა სულ სხვა მიმართულებით საჭიროებს ყურადღებას. საქართველოში გაზრდილია ბოსტნეულის შემოტანა, ხახვის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა.

“როცა მთავრობა ხარ, გაქვს ამდენი პროექტები და ქვეყანაში ვერ მოგიყვანია ხახვი, კარტოფილი, სტაფილო, კომბოსტო და ათეული წლობით ჩამოკიდებულია ქართული ბაზარი იმპორტზე, აქ სერიოზულ დანაშაულთან გვაქვს საქმე. ქვეყნის ეკონომიკური გუნდი ვერ აბამს თავს ამ სექტორების აღორძინებას. ჩვენ ხომ არ ვართ დიდი ტექნოლოგიური ქვეყანა, საუბარია ელემენტარულ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე. იგივე კვერცხზე ფასი 100%-ით არის გაზრდილი. 25 თეთრიდან, სულ მცირე, 55 თეთრამდე გაძვირდა კვერცხი”, – აცხადებს ნიკა შენგელია.

ადგილობრივი წარმოების კვერცხის გაძვირებას ფერმერული კომპანიები ქათმებისთვის იმპორტირებული საკვების გაძვირებით ხსნიან. ექსპერტი პრობლემას ვერ ხედავს, რომ მეფრინველეობის დარგის საკვებით მომარაგება საქართველოში წარმოებული პროდუქციით ხდებოდეს.

მეორე მხრივ, საკვებს-პროდუქტებზე ფასების მატების მიზეზად ნიკა შენგელია საწვავის გაძვირებას ასახელებს და იქვე აღნიშნავს, რომ საწვავის ფასის 2 ლარამდე დაწევა შესაძლებელია.

“10 წელზე მეტია ეს მთავრობა სახელმწიფოს მართვას, რით ვერ დალაგდა ის ფაქტი, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალოს აგრარული სექტორის განვითარება და მეტი პროდუქციის მოყვანა? არ არის ხელშეწყობა, რომ 2-3 წლიანი კულტურები დაფინანსდეს. ბანკს საერთოდ ვერ მიეკარები, იმდენად მაღალია პროცენტები. მთავრობას უნდა ჰქონდეს ინვესტიცირების უფლება. მოსახლეობას შემოსავლები არ ეზრდება, ინფლაცია იმატებს, ფასები იმატებს. 400 000 ადამიანის დასაქმების პრობლემაა საქართველოში”, – განუცხადა მედია სააგენტო “24”-ს ნიკა შენგელიამ.

მისივე თქმით, თუ საწვავის ფასი არ დარეგულირდება, საკვებ-პროდუქტებზე ფასების დაწევა ოლუზიაა.

“როდესაც ვსაუბრობთ, რომ ეკონომიკა გაზრდილია და ყველაფერი კარგად არის, ჩავიხედოთ ერთი ციფრებში. უმჯობესია ხელისუფლებამ გადახედოს ეკონომიკურ გუნდს, დამთავრდეს ნეპოტიზმით ხალხის მიყვანა. სოფლის მეურნეობის პროდუქცია და ყველა ის საქონელი, რომელიც არის პირველადი მოხმარების, მაქსიმალურად, ადგილზე იყოს მოყვანილი და წარმოებული”, – აცხადებს ექსპერტი.

საქართველოში საკვები პროდუქტები მართლაც 100 % -იანი ფასნამატით თუ იყიდება, გამოდის, რომ კონკურენცია არ არსებობს და სახეზეა გაცხოველებული მონოპოლია. ექსპერტების აზრით, მოგების ამხელა მარჟა სამომხმარებლო ბაზრის დეფორმირებულ ფასწარმოქმნაზე მიუთითებს, რაც მონოპოლიური ბაზრისთვის არის დამახასიათებელი და სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოთხოვნაა გაზრდილი, ან მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა გაუმჯობესდა.

ბაზარზე ფასების დარეგულირების საკითხში მთავრობის მონაწილეობას დადებითად აფასებს ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე. მისივე თქმით, ეს ბევრ ქვეყანაში აპრობირებულია, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე გვაქვს მონოპოლიურ ან ოლიგოპოლიურ სიტუაციასთან. ასეთ დროს მთავრობა ერევა და ფასების ზედა ზღვარს აწესებს, ან კონკურენციის სააგენტოს მეშვეობით მაღალ მოგებას ბეგრავს.

როგორც გიორგი ცუცქირიძე განმარტავს, სურსათის ფასებთან დაკავშირებით ანალოგიური პრობლემა იყო გიორგი გახარიას პრემიერობის დროსაც, როდესაც კოვიდ პანდემიური კრიზისის პერიოდში იმპორტიორთა, არც თუ მცირე ნაწილი მაღალ ფასებს მიწოდების ჯაჭვების წყვეტის და გადაზიდვებზე გაზრდილი ფასებით ამართლებდა, ზე მაღალ მოგებაზე მუშაობდა ისედაც გაჭირვებული მოსახლეობის ხარჯზე და ფასების დაკორექტირებაც სწორედ მთავრობის ჩარევის შედეგად მოხდა და არა ე.წ საბაზრო ძალების შედეგად, მოთხოვნა-მიწოდების სახელით რომ არის ცნობილი.

მისივე შეფასებით, ეს ის მწარე რეალობაა, რომელშიც საქართველოს მოსახლეობა იმყოფება.

“იგივე მედიკამენტებზე და ნაწილობრივ საწვავზე ფასების დარეგულირებამ სხვა რამე აჩვენა. კერძოდ, დაიმსხვრა ღია ბაზრის მითი, თითქოს თუ გამყიდველი თუნდაც წიწიბურას ნაკლებ ფასად გაყიდის, მისი მოგება შემცირდება, რაც სხვა ბიზნესმენს აღარ მოხიბლავს და შედეგად ბაზარზე ნაკლები წიწიბურა გვექნება, რაც გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად დეფიციტამდე მიგვიყვანს. ბუნებრივია, მთავრობის მთავარი ამოცანა კონკურენციის ხელშეწყობაში მდგომარეობს და ნაკლებად საბაზრო ფუნქციის შეთავსებაში, მაგრამ პირდაპირ რომ ითქვას, ამ მართლა გაღორებული ბიზნეს ელიტის მადის მოსათოკად, რომელსაც არაფერი სცხია, არც სოლიდარობის და არც სახელმწიფო აზროვნების, სამწუხაროდ, სხვა გამოსავალი არ რჩება, გარდა ბაზარზე ჩარევისა”, – აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტის, ლარის კურსი ბოლო თვეებში თითქმის 17 %- ით გამყარდა, საერთაშორისო ბაზრებზე საწვავზე ფასები შემცირდა, ინფლაცია კვლავ მაღალ ორნიშნა მაჩვენებელზე ნარჩუნდება. პრაქტიკულად არ შეცვლილა ფასები მთელ რიგ, თან ყველაზე მოთხოვნად სასურსათო პროდუქციაზე, რაც არანაირ კავშირში არ არის ვითომდა გაზრდილ მოთხოვნასთან.

“მონოპოლიები და კარტელური გარიგებები ყველა სფეროში დასანგრევია და სასურსათო სფეროში პირველ რიგში”, – აცხადებს იგი.


შორენა პაპაშვილი