“აბსოლუტურად არ მეშინია, რომ საქართველო 7-ბალიან მიწისძვრას ვერ გაუძლებს” – არქიტექტორი

“როდესაც მიწისძვრა მოხდა, სინდისის ქენჯნა ვიგრძენი, პირველ რიგში ჩემი აშენებული სახლების მდგომარეობა მოვიკითხე” – ინტერვიუ თამაზ დოგრაშვილთან

არქიტექტორი თამაზ დოგრაშვილი

თურქეთის მიწისძვრამ საქართველოს მოსახლეობაში ბუნებრივად გამოიწვია პანიკა, უკვე საუბარია იმაზე, რამდენად მდგრადია ის შენობები, რომლებიც დღეს საქართველოში შენდება. გეოლოგთა ერთი ნაწილის მხრიდან გამოითქვა ვარაუდი, რომ 8-ბალიან მიწისძვრას საქართველო ვერ გაუძლებს. რამდენად რეალურია ნგრევის საშიშროება საქართველოს შემთხვევაში და რა გვასწავლა მიწისძვრების წარსულმა გამოცდილებამ სამშენებლო სფეროში, ამის შესახებ მედია სააგენტო “24”-ს არქიტექტორი და კონსტრუქტორი თამაზ დოგრაშვილი ესაუბრა.

– გეოლოგების მხრიდან ცოტა თამამი განცხადებაა. ქართველი არქიტექტორები ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სეისმიკას, ჯერ კიდევ სოციალიზმის ეპოქიდან. აქ ძირითად ამოცანას წყვეტს ინჟინერ-კონსტრუქტორი და მისი ანგარიში. ჩვენ ვიღებთ რეალურ გეოლოგიას და აქედან გამომდინარე ინჟინერ-კონსტრუქტორი ასრულებს სპეციფიკურ გაანგარიშებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შენობის უსაფრთხოება. ჩვენ ძალიან მყარი ტრადიციები გვაქვს სეისმიკის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანი იყო გასულ საუკუნეში, ტყიბულში, რაჭის ზონაში მომხდარი მიწისძვრა. თქვენ წარმოიდგინეთ, რა შენობაც დაპროექტდა იქ და აშენდა მე-20 საუკუნის 50-იანი წლების შემდგომ, არც ერთი შენობა არ დანგრეულა. როცა ჩვენ დავაკვირდით ხალხურ არქიტექტურას – ოდა სახლებს რაჭაში, საერთოდ არაფერი აკლდათ. ოდა სახლების პრინციპი იმდენად ბრძენი ხალხის მიერ გადაწყვეტილია, რომ აბსოლუტურად შენარჩუნებული იყო ყველა. ზარალი მიიღო მხოლოდ იმ შენობებმა, რომლებიც მფლობელის მოსაზრებით იყო აშენებული და მათივე იდეით განხორციელებული.

– რაჭა რადგან ახსენეთ, მახსოვს იმ ძლიერი მიწისძვრის დროსაც კი ბევრი სახლი გადაურჩა დანგრევას, თუმცა, შემდგომ ისევ ამ სახლის მესაკუთრეებმა შეიტანეს ცვლილება სახლის კონსტრუქციაში და ახალი მიდგომები გამოიყენეს ნაგებობის სიმყარის თვალსაზრისით…

– მართალი ბრძანდებით, ბევრმა თავისი ინიციატივით შეიტანა ცვლილებები. მანდ მოხდა სწორედ მთავარი, რომ მსხვერპლი არ ყოფილა. სახელმწიფო მოსახლეობას დაეხმარა სამშენებლო მასალებით. ჩვენი კონსტრუქტორები დაეხმარნენ და უთხრეს, თუ რა კორექტივები უნდა შესულიყო. იმ პერიოდში სპეციალურად გამოიცა ძალიან ჭკვიანური სახელმძღვანელო ბუკლეტები ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც თვითონვე ცდილობდნენ საკუთარი სამშენებლო იდეების დამკვიდრებას. სხვათა შორის, იმდენად საინტერესო იყო ეს ბუკლეტები, რომ მათზე ძალიან დიდი მოთხოვნილება გაჩნდა. ვერ შევადარებ ამას თურქეთის შემთხვევას. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, მაგრამ თვალნათლივ ჩანს საინჟინრო საიმედოობის უგულებელყოფა. ყურადღება უფრო გადატანილი იყო ეკონომიურობაზე. თუ დააკვირდებით თურქეთის კადრებს, იქ ასევე, დგას შენობები, რომლებსაც აბსოლუტურად არ აქვთ ცვლილება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შენობების შემთხვევაში წინ და წინ იყო ჩადებული ძალიან ჭკვიანური, ინჟინრული გათვლები და ამ შენობებმა მიწისძვრას გაუძლეს. ხოლო, სადაც არ იყო ასეთი გათვლები, სამწუხაროდ დაინგრა. თურქეთი არ იყო განვითარებული ქვეყანა, როგორიც ბოლო წლებში გახდა. გასული საუკუნის 50-60-იან წლებში მათ ვერ მოვთხოვდით ინჟინერ-კონსტრუქტორებს იმ გადაწყვეტას, რა გადაწყვეტებიც საქართველოში მუშავდებოდა.

– თუმცა ჩვენ დანგრეულ შენობებს შორის ვნახეთ თანამედროვე დიზაინით შექმნილი ნაგებობებიც. ყველაფერს თურქეთის ნაკლებად განვითარებულ ეპოქას ვერ დავაბრალებთ, ალბათ?

– არც ერთი ფაქტორი არ უნდა გამოვრიცხოთ. არის სუფთა ეკონომიკური მოგების თვალსაზრისით აშენებული შენობები, რომლების აშენებისას აბსოლუტურად უარყოფილია სეისმიკის ღონისძიებები, რაც მშენებლობის ღირებულებას ძალიან აძვირებს. როცა ამაში ეკონომიას გააკეთებ და ლოგიკით, რომ მიწისძვრა 100 წელიწადში ერთხელ შეიძლება მოხდეს, რომ ზოგიერთი შენობის მორალური ცვეთა მიდის 30-50 წელი, მერე დაინგრევა, ან შეცვლიან და ა.შ. და რაღაც მოხდება, – ამაზე აქცენტის გაკეთება არ შეიძლება. არაპროგნოზირებადია სტიქია, მაგას ვერ გავთვლით წინასწარ, როდის მოხდება და როდის არა.

თურქეთი. 2023 წლის 6 თებერვლის მიწისძვრა

– საქართველოს რომ დავუბრუნდეთ, ერთია ქალაქის იერსახე, როდესაც გვაწუხებს ის, რომ „ბეტონის ჯუნგლებად“ იქცა ქალაქი და მეორე ამ შენობების მდგრადობა, უსაფრთხოება. შესაძლოა, არ მოგვწონდეს ქალაქის ცათამბჯენებად გადაქცევა, თუმცა აპრიორი ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ახალი შენობები საშიშია?

-რამდენადაც კავშირი მაქვს დღეს მიმდინარე სამშენებლო პროცესებთან, რომელ კონსტრუქტორთანაც მაქვს ურთიერთობა, ბევრი სამშენებლო კომპანია მაქსიმალურად ითვალისწინებს სეისმიკურ ღონისძიებებს, მეტობითაც კი იღებენ ბალიანობის დასაშვებ დონეს. აბსოლუტურად არ მაქვს მაგის შიში, რომ საქართველო 6-7 ბალიან მიწისძვრას ვერ გაუძლებს. დეზინფორმაციით შეშინებულმა ხალხმა ბაკურიანში, რომ საქართველოში მიწისძვრაა მოსალოდნელიო, ღამე ზამთარში ღია ცის ქვეშ გაატარეს. მიწისძვრა არაპროგნოზირებადია, ამას წინასწარ ვერავინ ვერ გათვლის. ამის მექანიზმს რომ ვფლობდეთ, ფაქტობრივად გადაჭრილი გვექნებოდა ბევრი პრობლემა. უბრალოდ დროის მონაკვეთებში დაკვირვებებით მიახლოებით დასკვნებს ვაკეთებთ.

– რა შემთხვევაში არის შენობა მაღალ ბალზე გათვლილი, ამ დროს საძირკველში უფრო ღრმად არის საჭირო ჩასვლა, რაიმე განსაკუთრებული კონსტრუქცია კეთდება? დღეს უკვე რიგით ადამიანებს გვაინტერესებს ასეთი დეტალები.

– სწორიც არის, რომ გაინტერესებთ. საძირკვლის ჩაღრმავებასაც მაგ დროს მნიშვნელობა აქვს. არმატურების კვეთას აქვს მნიშვნელობა და სხვა. სპიტაკის მიწისძვრამ გამოავლინა მშენებლების კეთილსინდისიერება, კერძოდ, “ხრუშჩოვკებმა” გაუძლეს ამ უძლიერეს დარტყმას, მაგრამ მრავალსართულიანმა სახლებმა, სადაც კონსტრუქციული კვანძები უნდა გაკეთებულიყო ძალიან დიდი პატიოსნებით და მოვალეობის გათვალისწინებით, იყო ხარვეზები საშემხებლო სამუშაოებში, არმატურის შედუღებებში. დაინგრა სახლები, სადაც 12 შედუღების ნაცვლად გააკეთეს 8 ან 7. სამწუხაროდ დღეს აღარ არის ასეთი ტრადიცია, კერძოდ, სოციალიზმის ეპოქაში იყო მშენებარე ობიექტის მრავალჯერადი ჩაბარების პრაქტიკა. დამთავრდებოდა საძირკველი, მივიდოდა კომპეტენტური ორგანიზაცია და ამოწმებდა ამ საძირკველს, ამის შემდეგ მოწმდებოდა ყოველი მომდევნო სართული. ბოლოს იყო შენობის მიღება. ეს ტრადიცია დღეს სამწუხაროდ აღარ გვაქვს. მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, ყველა შენობაში ჩადებულია სეისმური ღონისძიება. თანამედროვე შენობებში ინჟინერ-კონსტრუქტორის მიერ, რომლებიც უკვე შენობის დინამიკაზე, სიმყარეზე აგებენ პასუხს, აუცილებლად ჩადებულია ყველა სეისმური ღონისძიება.

– მაგრამ, გვინდა თუ არა, ქაოსური მშენებლობები გვიქმნის დაუცველობის განცდას…

– ქაოსი, ჩემი აზრით, გამოწვეულია უბრალოდ ბიზნესის არასწორად წარმართვით, რამაც გამოიწვია ეს ჯუნგლები. თორემ, რაც შეეხება კონსტრუქციებს, ჩემი თვალსაწიერით, ყველაფერი კეთდება ძალიან მაღალ დონეზე.

– 8 ბალზეა გათვლილი თანამედროვე შენობები საქართველოში?

– ჩვენ გვაქვს სეისმურად აქტიური ზონა. გახსოვთ თბილისის 2002 წლის მიწისძვრა? საკმაოდ მაღალი ბალი იყო მაშინ. ჩემი დაკვირვებით უნდა გამოეწვია 4-5-ჯერ მეტი ნგრევა, მაგრამ მსგავსი შემთხვევა ჩვენ არ გვქონია. ეს იმიტომ ხდება, რომ გათავისებული გვაქვს ჩვენი ზონის თვისებები. ახალგაზრდა ქანებია საქართველოში და სეისმური ღონისძიებების გათვალისწინება აუცილებელი მოთხოვნა იყო, არის და, ალბათ, იქნება მომავალში.

– თქვენ თბილისის 2002 წლის მიწისძვრა გაიხსენეთ, მაშინ 4 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 2 მიწისძვრის გამო, გულის სტენოკარდიული შეტევით გარდაიცვალა, მაშინ ათასობით სახლი გახდა ავარიული. დღეს რამდენად წარმოადგენენ ასეთი სახლები საფრთხეს თბილისის მოსახლეობისთვის მიწისძვრის შემთხვევაში?

-არის შენობების კატეგორია, რომლებმაც, ჩემდა გასაკვირად, გაუძლეს. წესით ისინი მიწასთან უნდა გასწორებულიყო 6-ბალიანი მიწისძვრის დროს, ვგულისხმობ ძველი თბილისის რაიონებს, მაგრამ ასე არ მოხდა. ეს კაპიტალისტური თბილისის დროინდელი შენობებია. რა თქმა უნდა, შენობის კატეგორია, მისი კლასი, თუნდაც ისეთი შენობა, როგორიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრია, ის ისეთ პერიოდში აშენდა, როდესაც სეისმიკაზე ასეთი ძლიერი აქცენტი არ კეთდებოდა, ამის მიუხედავად, მათ ძვრა არ ჰქონიათ. იგივე ჩვენი არქიტექტურის ძეგლები, რომლებიც ამდენი საუკუნის განმავლობაში მოჰყვება საქართველოს ისტორიას, უამრავი მიწისძვრები აქვთ გამოვლილი. მაგრამ დღესდღეობით ყველა შენარჩუნებულია ღვთის წყალობით.

– ძველი თბილისის შენობებს მიწის ქვეშ საკმაოდ ღრმა სარდაფები აქვს. ცნობილი ამბავია, რომ თბილისის ქვეშ არის გვირაბების მთელი ქსელი…

ძველი თბილისი. სახლი ავლაბარში. ფოტო: შორენა პაპაშვილი

– არსებობს მოსაზრებები, რომ თბილისის სიმყარეს ესეც განაპირობებს. ჩემი პრაქტიკიდან გეტყვით ერთ ამბავს. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ინჟინერი ვიყავი, როცა ტყიბულის შესასვლელში, მდინარე ტყიბულას ნაპირზე “დავსვი” რამდენიმე საცხოვრებელი შენობა. მერე გავთამამდი და 2 სართული, რომლის დაშენების უფლება არ მქონდა, როგორც გამონაკლისი დაუშვეს და დავამატეთ. სეისმიკის ნორმატივები მაშინ 8-ბალიანს არ ითვალისწინებდა. როდესაც რაჭის მიწისძვრა მოხდა, საოცარი სინდისის ქენჯნა ვიგრძენი, დავრეკე ტყიბულში და პირველ რიგში იმ სახლების მდგომარეობა მოვიკითხე. მაშინ მივიღე პასუხი, რომ უამრავი შენობა დაიბზარა, მაგრამ ამ შენობებს, არც ერთს ნაკლი არ აქვსო. მერე გავაანალიზეთ რატომაც. ჩვენ ეს შენობა დავსვით ბალიშებზე. არ მოგვწონდა ნიადაგი, ქვიშის ელემენტები ჭარბობდა და დავსვით ბალიშებზე. დარტყმების შემთხვევაში შენობა გასრიალდა გარკვეულ მონაკვეთში. ყველაფერი გამოცდილებით მოდის.

– როგორ გაჩნდა ბალიშების იდეა? 13 წლის წინანდელი იაპონური გამოცდილება გამახსენდა, ბალიშების სისტემა დანერგეს სახლების მშენებლობაში და “მფრინავი სახლები” უწოდეს.

– რა თქმა უნდა, ჩვენ იაპონიას ვერ შევედრებით, ისეთი გამოცდილება და თამამი გადაწყვეტები აქვთ. მაგრამ ჩვენი საინჟინრო პერსონალი მუშაობდა მსგავს მნიშვნელოვან გადაწყვეტებზე. არ ვართ გამოუცდელები მშენებლობის სისტემაში. ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს, მაგრამ რაც თურქეთში მოხდა, დარწმუნებული ვარ, ასეთი რაოდენობის მსხვერპლი, უფალმა გვაშოროს, ჩვენ არ გვექნება.

– თუნდაც ერთ წუთზე მეტ ხანს გაგრძელდეს ბიძგები? ამ დროს ხანგრძლივობასაც ხომ აქვს მნიშვნელობა?

– ხანგრძლივობას იმდენად არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, პირველი დარტყმა გადაიტანოს შენობამ, მეორე დარტყმა შედარებით სუსტია, მესამე კიდევ უფრო სუსტი. შენობა პირველ დარტყმას როცა გადაიტანს, ის უკვე გადარჩენილია.

– რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებსაც თავად სურთ სახლის აშენება?

– ადამიანების უმეტესობა მაინც საკუთარი ინიციატივით აშენებს, კერძო ნაკვეთები მაქვს მხედველობაში. თავისი სახლის კონსტრუქტორებიც და არქიტექტორებიც თვითონ არიან. აუცილებელია ისეთი მაკონტროლებელი სამსახურის არსებობა, რომელთანაც შენობის მდგრადობის საკითხი იქნება შეთანხმებული. კი ბატონო, რაც გინდათ ააშენეთ, მაგრამ აუცილებლად დაიქირავეთ ინჟინერ-კონსტრუქტორი. ჩვენ ძალიან დაგვაზარალა არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტროს გაუქმებამ. არ შეიძლება საქართველო ამ სამინისტროს გარეშე არსებობდეს. ძალიან დიდ საქმეს აკეთებდა ეს სამინისტრო სოციალისტური საქართველოს პერიოდში. მე თავად მახსოვს მუშაობის ის დაძაბული ტემპი. ეს სფერო კონტროლს ექვემდებარებოდა. დღეს, სამწუხაროდ ეს ზედამხედველობა აღარ არის საქართველოში. ლოგიკა გვკარნახობს, რომ სასწორის პინაზე არის თავდაცვა და მშენებლობა. არავითარი ამერიკული სქემის გადმოტანა, საჭიროა ქართული მშენებლობის ტრადიციები აღდგეს, რომელიც თავს მოიყრიდა სამინისტროში.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი