ცხოვრება იზოლაციაში, გაბატონებულ წესებთან დაპირისპირება – ქართული სპექტაკლი გერმანელი მაყურებლის წინაშე
პიესის ავტორის თქმით, ეს არის ამბავი ადამიანად ყოფნაზე, ძალაუფლებაზე, ომზე, იზოლაციასა და ქალის როლზე. ეს არის ამბავი იმაზე, რომ ხშირად ადამიანმა არც კი იცის, რა შეიძლება მოიმოქმედოს კონკრეტულ ვითარებაში, თუ ამას გარემოებები აიძულებს.
გერმანიის ქალაქ ესენში, გრილოს თეატრმა ამჯერად ქართველი მწერლის, დრამატურგისა და თეატრის რეჟისორის, ნინო ხარატიშვილის სპექტაკლ “მსახურთა შემოდგომას” უმასპინძლა. მასში მონაწილეობდნენ “სამეფო უბნის თეატრის” მსახიობები – ნინო ბურდული, ნატუკა კახიძე და ნატა მურვანიძე.
მაყურებელთა შორის გერმანელებთან ერთად ქართველებიც იყვნენ. სტუმრებმა პიესა ქართულ ენაზე და გერმანული სუბტიტრებით იხილეს. სპექტაკლის დასასრულს ნინო ხარატიშვილი თავის გულშემატკივრებს შეხვდა, გაესაუბრა და ავტოგრაფები დაურიგა.
სპექტაკლი 90- ინი წლების პერიოდს ასახავს. დრამა შავი იუმორის ელემენტებითაა წარმოდგენილი. სცენარის მიხედვით, პიესის სამ პერსონაჟს სრულ იზოლაციაში უწევს ცხოვრება და გარეთ განვითარებული დრამატული მოვლენებიდან გამომდინარე, “პირქუში, მიტოვებული სასახლიდან” გარეთ ვერ გადიან. ჩაკეტილობის მიზეზი კი სამოქალაქო ომია.
პიესის ავტორის თქმით, ეს არის ამბავი ადამიანად ყოფნაზე, ძალაუფლებაზე, ომზე, იზოლაციასა და ქალის როლზე. ეს არის ამბავი იმაზე, რომ ხშირად ადამიანმა არც კი იცის, რა შეიძლება მოიმოქმედოს კონკრეტულ ვითარებაში, თუ ამას გარემოებები აიძულებს.
“რეალურად, ალბათ, ის არის, რომ ჩვენ საკუთარ თავსაც არ ვიცნობთ და თუ შეიქმნება ისეთი გარემო, როგორიც ამ პიესაშია აღწერილი, იქნება ეს გამოწვეული ომით, სხვადასხვაგვარი ძალადობით თუ სისტემური ჩაგვრით, ჩვენ არ ვიცით, რაზე ვართ წამსვლელი, რა ურჩხულები იმალებიან ჩვენში…“ – ამბობს ნინო ხარატიშვილი.
იგი პარალელს მსოფლიოში ვირუსის გამო შექმნილ ვითარებასა და პიესაში ასახულ რეალობას შორის ავლებს:
,,მოცემულობა ასეთია, რომ იზოლაციაა. სამივე პერსონაჟი გამოკეტილია ერთ ადგილას და ვერ გადის იმ სივრციდან – სახლიდან თუ სასახლიდან. ეს, რაღაცნაირად, ძალიან კარგად აირეკლავს ჩვენს დროს“.
ნინო ხარატიშვილი პიესებს ბავშვობიდან წერს. განსხვავებული ეპოქისა და შინაარსის, სხვადასხვანაირი ენით დაწერილ, ერთმანეთთან, ერთი შეხედვით, სრულიად არაფრით დაკავშირებულ მის პიესებს, ერთი მნიშვნელოვანი საერთო აქვთ – მათი მთავარი გმირები გამორჩეული ქალები არიან. ქალები, რომლებიც საკუთარი ბრძოლისუნარიანობით, გაბატონებულ წესებთან დაპირისპირების სურვილითა თუ სიყვარულის უნარით გვამახსოვრებენ თავს.
ქართველი დრამატურგი ამჯერად გერმანიაში მოღვაწეობს. იქაურმა პუბლიკამ სწორედ საავტორო პიესებითა და მათი დადგმებით გაიცნო. მისი პიესები წარმატებით იდგმება ვენაში, ვისბადენში, ბერლინში, ჰამბურგში, გიოტინგენში, ზაარბრიუკენსა თუ თბილისში.
აღსანიშნავია, რომ გრილოს თეატრი გერმანიაში, ქალაქ ესენში მდებარეობს და ქართველ რეჟისორებსა და მსახიობებს ხშირად მასპინძლობს.
ლელა დევდარიანი