ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს

მირქმა – ეს არის მიგებება უფლისა ღმრთისა და ჩვენისა იესო ქრისტესი, დიდმარხვის დასაწყისი, შეხვედრა ღმერთსა და ადამიანს შორის და ძველი აღთქმის ახალთან შეგებება.

15 თებერვალს, მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, როდესაც ეკლესია მოიხსენიებს მოვლენას იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრებისა.

მირქმა – ეს არის მიგებება უფლისა ღმრთისა და ჩვენისა იესო ქრისტესი, დიდმარხვის დასაწყისი, შეხვედრა ღმერთსა და ადამიანს შორის და ძველი აღთქმის ახალთან შეგებება.

ამ დღეს, პატარა, 40 დღის იესო ტაძარში მიიყვანეს, სადაც სვიმეონ ღვთისმიმრქმელი შეეგება. ღვთის შეგონებით, კეთილმსახური სვიმეონი იმ დროს აღმოჩნდა ტაძარში, როცა იქ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მართალი იოსები, ყრმა იესოსთან ერთად მივიდნენ, რათა სჯულით დადგინებული წეს-ჩვეულება აღესრულებინათ.

იმ დროს ტაძარში, აგრეთვე იმყოფებოდა 84 წლის ქვრივი, ანა წინასწარმეტყველი, ასული ფანოელისა. მართალი სვიმეონი და ანა წინასწარმეტყველი ღირს იქმნენ იერუსალიმის ტაძარში ახალი აღთქმის მატარებელს შეხვედროდნენ, რომლის სახეშიც უკვე თანახატ- ქმნილიყო ღვთაებრივი და ადამიანური ბუნებანი.

ღვთის მირქმის მიგებების დღესასწაული უძველეს დღესასწაულთ განეკუთვნება, მაგრამ VI საუკუნემდე იგი გამორჩეული ზეიმით არ აღინიშნებოდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, ქართულმა ეკლესიამ უფლის მირქმის დღესასწაული 544 წელს დაადგინა. საინტერესო ტრადიცია უკავშირდება მირქმის დღესასწაულს, რომლის უძველესი სახელწოდებაა ლამპრობა.

ტრადიციის თანახმად, იერუსალიმის ეკლესიაში მთელი მსახურების მანძილზე მორწმუნეები სანთელს არ აქრობდნენ. მსახურების დასასრულს კი, ლიტანიობა ეწყობოდა. თანდათან, ტრადიცია ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიაში გავრცელდა, მათ შორის საქართველოშიც.

უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მირქმის დღესასწაულზე თითოეულ ოჯახში ბავშვებმა უნდა დალოცონ მშობლები, მშობლებმა – შვილები და ერთმანეთში ანთებული სანთლები გაცვალონ. ეს სიმბოლოა ძველი და ახალი აღთქმის შეხვედრისა და გაერთიანების.

ჩვენი საჭეთმყრობელის ლოცვა-კურთხევით, ასევე კარგი იქნება, თუ მირქმის დღესასწაულზე წავიკითხავთ შემდეგ ლოცვას: ,,აწ განუტევე, მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემითა მაცხოვარებაი შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა…“

სიტყვა ,,მირქმა“ გულში ჩაკვრას ნიშნავს. ღმერთმა ინებოს, ჩვენც განვიცადოთ ის სიხარული, რაც, თავის დროზე, წმინდა სვიმონ მიმრქმელმა განიცადა.

მედია სააგენტო ,,24“ გილოცავთ მირქმის დღესასწაულს.

ლიკა მაჩხანელი

 


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი