National Geographic-ი მორიგი სტატია საქართველოსა და ქართულ გასტრონომიაზე

სტატიის ავტორი National Geographic-ის ონლაინ მკითხველს, საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და კულინარიის შესახებ უყვება.

“ხაჭაპური ქართული კლასიკა, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ“ – ამ სათაურით National Geographic სტატიას აქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემის ჟურნალისტი, ჯენიფერ ჰათამი ესტუმრა. მისი მოგზაურობა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში შედგა.

სტატიის ავტორი National Geographic-ის ონლაინ მკითხველს, საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და კულინარიის შესახებ უყვება. როგორც ცნობილია, სტატიაში ქართული სამზარეულოს შესახებ, საქართველოს გასტრონომიული ასოციაციების, კულინარიული გიდების, გადაცემების წამყვანების, შეფებისა და კვების ობიექტების ინტერვიუებია.

„თბილისში ხაჭაპურის უკეთ შესასწავლად ჩამოვედი. დაგემოვნების შემდეგ მივხვდი, რომ რამდენიმე დღე არ მეყოფოდა და ხაჭაპურის სხვადასხვა ვერსიის გასაცნობად, უფრო მეტი დრო მჭირდებოდა. საქართველოში ხაჭაპურის თითქმის 50 სახეობაა. ზოგიერთი მრგვალია, ზოგიც კვადრატი, შეიძლება იყოს ღია, დახურული ცომის, რბილი ან ფურცლოვანი. ხაჭაპური მზადდება როგორც ღია, ასევე დახურულ ღუმელში, შეზავებული ხორცთან, მწვანილთან, კარტოფილთან ან ხახვთან. შეთანხმებული წესები არ არსებობს“, – წერს ჯენიფერ ჰათამი.

როგორც National Geographic-ის ჟურნალისტი ამბობს, ქართველ კულინარებს, ხაჭაპურის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად გამოცხადება სურთ. ჯენიფერ ჰათამი იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოში ინფლაციის დასაანგარიშებლად, ხაჭაპურის ინდექსსაც იყენებენ.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET ხაჭაპურის ყოველთვიურ ინდექსს ადგენს, ამ მიზნით აკვირდებიან იმერული ხაჭაპურის ინგრედიენტების ღირებულებას, რომელიც მოიცავს ფქვილს, ყველს, კარაქს, რძეს, კვერცხს და საფუარს“, – წერს ჯენიფერ ჰათამი და მკითხველს ხაჭაპურის მომზადების რეცეპტსაც დიდი ენთუზიაზმით უზიარებს.

აღსანიშნავია, რომ ხაჭაპურთან ერთად, National Geographic-ის სტატიაში, სხვა ქართული კერძებიცაა აღწერილი, მათ შორის: ფხალი, ხინკალი, საცივი და ლობიო. ეს კერძები ხომ ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი