„უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ – საქართველო გერმანიის მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე

გამოფენა ბერლინში 6-9 მარტს გაიმართება. ბერლინის ტურისტული გამოფენა Facebook მომხმარებელს საქართველოს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოფენაზე დასწრებას ურჩევს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გერმანიაში, ITB ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე, საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. გამოფენა ქართული გრანდიოზული გალა კონცერტით გაიხსნება, რომელშიც ცნობილი ქართველი ხელოვანები მონაწილეობენ.

მათივე ცნობით, გამოფენის 3 000-მდე სტუმარი, ქართული სტუმარ-მასპინძლობის, საქართველოს კულტურისა და ისტორიის შესახებ შოუს იხილავს.

გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“. გამოფენის მნიშვნელობაზე ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი საუბრობს.

„საქართველოსთვის, როგორც უმდიდრესი კულტურის, ისტორიისა და აწმყოს მქონე ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, გერმანიაში მასშტაბური ტურისტული გამოფენის მასპინძელი ქვეყანა ვიყოთ. ბერლინში ჩვენს სანახაობას მსოფლიოს ყველა ქვეყნის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები, დიპლომატები და საზოგადოების მნიშვნელოვანი წევრები დაესწრებიან“, – აცხადებს ნიკოლოზ რაჭველი.

მისი თქმით, ბასა ფოცხიშვილის თაოსნობით მრავალფეროვანი შოუ მომზადდა, სადაც წარდგენილი იქნება ყველა შემოქმედებითი ელემენტი, რომელმაც საქართველოს მსოფლიოში სახელი გაუთქვა.

„იქ იქნება ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც მე წარმოვადგენ. ჩვენთან ერთად სცენაზე მსოფლიო დონის ორი ვარსკვლავი გამოდის: ნინო მაჩაიძე საოპერო სამყაროში და საორკესტრო -სიმფონიურ სამყაროში ლიზა ბათიაშვილი, ასევე ბევრი ჩემი კოლეგა. იცეკვებენ „სუხიშვილები“. ვფიქრობ, ეს ყველაზე კარგი საშუალებაა, მოკლე დროში სრული სურათი შეიქმნას, თუ ვინ ვართ, რა გვქონდა, რა გვაქვს და რისი პოტენციალი აქვს საქართველოს“, – ამბობს ნიკოლოზ რაჭველი.

ტურისტულმა გამოფენამ ITB Berlin საკუთარ სოციალურ პლატფორმებზე საქართველოს შესახებ პოსტი გამოაქვეყნა:

„თუ ოცნებობთ მსოფლიოს ულამაზესი ადგილების მონახულებაზე და წლევანდელი სამოგზაურო გეგმა ჯერ კიდევ არ შეგიდგენიათ, ჩვენ გაგიზიარებთ ერთ საიდუმლოს: ყოფილხართ ოდესმე საქართველოს დედაქალაქში? ეს არის ქალაქი ულამაზესი პარკებით, ჩანჩქერებით და მუზეუმებით, კარგი რესტორნებითა და რა თქმა უნდა, მზარდი ღამის კლუბებით. თბილისს გაცილებით ბევრი რამ შეუძლია შემოგთავაზოთ. ეს ქალაქი, გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენი მოგზაურობა დასამახსოვრებელი იქნება“.

გამოფენა ბერლინში 6-9 მარტს გაიმართება. ბერლინის ტურისტული გამოფენა Facebook მომხმარებელს საქართველოს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოფენაზე დასწრებას ურჩევს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენას, 181 ქვეყნიდან 160 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. გამოფენას საერთაშორისო მედიის 5 000-მდე წარმომადგენელი აშუქებდა.

ლელა დევდარიანი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი