“ამათი მამა-მარჩენალი ზრდასრულ ხეებს დაათრევს, როგორ შეიძლებოდა ამ ხის მოჭრა?!” – (ვიდეო)

თელავის საკრებულოს ყოფილი წევრი ლეიბორისტული პარტიიდან ნიკა ვარდოშვილი ალაზნის გამზირზე გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ასახულია არასწორად გადაბელილი ხეები და გადათხრილი გზის პირი.

როგორც პოლიტიკოსი ვიდეოში აცხადებს, ასწლოვანი ჭადრების ნაწილი მოჭრილია, ნაწილი კი არასწორად არის გადაბელილი, რაც მცენარის განადგურებას უწყობს ხელს.

მისივე მოსაზრებით, ეს არის იმის ნათელი სურათი, როდესაც ქალაქის პირველ პირებს ამომრჩეველი ირჩევს იმ პრინციპით, რომ ვიღაცა ვიღაცის მეგობარი, ძმაკაცი და დაქალია.

“აი, რა მოიტანა ღარიბაშვილის ძმაკაცის, ლევან ანდრიაშვილის დადებამ ქალაქის მერის სკამზე? “, – აცხადებს ვარდოშვილი.

ის თელავის მოსახლეობას და ადგილობრივ ოპოზიციას მიმართავს კითხვით, – როგორ ეგუებიან ამ მდგომარეობას და არ უჩნდებათ პროტესტის განცდა, როდესაც საკუთარი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა ნადგურდება და ხელს არ უშლიან მერიის მსგავს ქმედებას.

“მთელი ზაფხულის განმავლობაში გადათხრილი იყო ეს ქუჩა. დაიწყეს ხეების ე.წ. გადაბელვა. ასწლოვანი ჭადრებია მოჭრილი. რა დონის უკუღმართები არიან… ამათი მამა-მარჩენალი ზრდასრულ ხეებს დაათრევს აქეთ-იქით და… როგორ შეიძლებოდა ამის მოჭრა. როცა საკრებულოში ვმუშაობდი დარგის სპეციალისტებთან ერთად შევიმუშავეთ ხეების გადაბელვის წესები. ასე გადაბელვა ხეს მხოლოდ აზიანებს. ან რა აუცილებლობა იყო ამ ხეების გადაბელვის. ეს არის შედეგი იმისა, როდესაც ქალაქის პირველ პირებს ვირჩევთ იმ პრინციპით, რომ ვიღაცა ვიღაცის მეგობარი, ძმაკაცი და დაქალია. აი, რა მოიტანა ღარიბაშვილის ოჯახის ახლობლის – ანდრიაშვილის დადებამ ქალაქის მერის სკამზე, ხომ გაქვთ მომსპარი ინფრასტრუქტურა? რა გარდაუვალი აუცილებლობა იყო ამის გაკეთება. ათობით ხე არის გაუბედურებული, გახრიოკებულია მთელი ქუჩა”, – აცხადებს თელავის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ნიკა ვარდოშვილი.

კადრებში ასევე ჩანს ძირში გადაჭრილი ხეებიც.

თელავის ალაზნის გამზირის მდგომარეობაზე ინფორმაცია ფეისბუქში გვერდმა – “ჩემი ქალაქი მკლავს” გაავრცელა, რასაც გამოეხმაურა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო. მათი განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ხეების ჭრის ნაცვლად განხორციელდა მათი გადაბელვა, გარდა ამისა, ხეების სიმაღლე საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას და ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების წარმოებას.

“ხის ჯიშები, მათ შორის, ჭადარი ყოველწლიურად საჭიროებს გადაბელვას, ასევე ხეების სიმაღლე საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას და ალაზნის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული შპს “თელავის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური”. ვარჯის ფორმირების და საფრთხის შემცველი ხეების გადაბელვის სამუშაოები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეტაპობრივად გაგრძელდება”, – ვკითხულობთ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მერიის განცხადებას სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან კომენტარები მოჰყვა.
ჟურნალისტი მაკა მოსიაშვილი წერს, თუ რა ნეგატიური შედეგები მოჰყვება ხის გადაბელვას. მისი თქმით, მანამდე, ბევრჯერ დაუჯარიმებია გარემოს დაცვის და ზედამხედველობის სამსახურს თელავის კეთილმოწყობის სამსახური არასწორი და უკანონო გადაბელვისთვის.

“ძვირფასო თელავის მერიავ, მოჭრასა და გადაბელვას შორის რა განსხვავებაა, შეგიძლიათ აგვიხსნათ? სჯობია, მე ავხსნა, თავად.
გადაბელვა ეს არის განსაკუთრებულად გადაუდებელი აუცილებლობა. გადაბელვა ნიშნავს ხის ვარჯის ან ვარჯის ნაწილის მთლიანად მოშორებას. გადაბელვით ღონისძიებებს გააჩნია ნეგატიური შედეგები:
ა) გადაბელვის ადგილებში წყდება საკვები მინერალებით მომარაგება;
ბ) გადაჭრის ადგილებში კვდება ხის ქერქი და იწყება ლპობის პროცესი;
გ) წონასწორობა ფესვებსა და ხის ღეროს შორის ირღვევა, რაც იწვევს ფესვების კვდომას და ვითარდება სოკოვანი დაავადებები;
დ) გადაბელვის შედეგად ამოყრილი ტოტები ხასიათდებიან არამდგრადობით და ხის ღეროსთან შეერთების ადგილებში ტყდება, რაც თავისთავად საფრთხეს უქმნის გარემოს.
გადაბელვა დაუშვებელია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა.
ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლებიდან ალაზნის გამზირზე გადაჭრილ და არა გადაბელილ ხეებს ელოდება ეს:
ბ) გადაჭრის ადგილებში კვდება ხის ქერქი და იწყება ლპობის პროცესი;
რატომ? იმიტომ რომ არასწორად “გადაბელეთ” უბრალოდ მიადეს “დრუჟბა” და გადაჭრეს”, – წერს ჟურნალისტი.

თემას ეხმაურება თელავის საკრებულოს კიდევ ერთი ყოფილი წევრი, გიორგი ემინაშვილი, რომელიც წერს, რომ აღნიშნული ხეები ფესვებიანად არის ამოსაღები, რადგან სწრაფად იზრდებიან, ფესვები მიწის ზედაპირზე ამოსდით, ანგრევენ საფეხმავლო გზას და ქალაქის ბიუჯეტს ხარჯად აწვებიან.

“მე რომ მკითხოთ, ეს ხეები საერთოდ ძირფესვიანად ამოსაღებია და ვიტყვი რატომაც: 1. სწრაფად იზრდება და ხშირად უწევს გადაბელვა (გადაბელვის დროს კი იგი სიგანეში იმატებს) რაც ქალაქის ბიუჯეტს ხარჯად აწვება; 2. რადგან სიგანეში იმატებს მისი ფესვები მიწის ზედაპირზე ამოდის და ანგრევს საფეხმავლოებს (ხშირად სამანქანე გზასაც). ალაზნის გამზირზე არ მახსოვს როგორაა, მაგრამ რუსთაველის გამზირზე გაიარეთ და ნახავთ რა დღეშია გინდ საფეხმავლო, გინდ საავტომობილო გზა და გინდ არხი; 3. და ყველაზე მთავარი რაცაა! მისგან გამოყოფილი ბუერები მოსახლეობას ჯანმრთელობას უნგრევს. ალერგიას იწვევს. მე თავად მყავს ნანახი კაცი, როგორ გააქანეს სასწრაფო დახმარების მანქანით, როგორ იგუდებოდა. ჩემი საკრებულოში მოღვაწეობის დროს, არაერთხელ დავაყენე საკითხი, რომ აღნიშნული ხეები ჩანაცვლებულიყო სხვა ჯიშის ხეებით, თუმცა ზოგიერთებს სასაცილოდაც არ ეყოთ.. “, – წერს ემინაშვილი.

საკითხის გარკვევის მიზნით, მედია სააგენტო “24”-მა თელავის საკრებულოს მიმართ, თუმცა ჩვენს მიერ დასმული კითხვები უპასუხოდ დატოვეს.

აღსანიშნავია, რომ თელავში, ალაზნის გამზირზე საგზაო სამუშაოები ჯერ კიდევ 2020 წელს ჩატარდა. მაშინ, როგორც მერია იტყობინებოდა, ტროტუარების რეაბილიტაცია განახორციელეს. სამუშაოები 2 წლის წინ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია – შპს „გზამშენი 2005“-მა შეასრულა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 277 000 ლარი დაიხარჯა. მაშინ მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა ხეების ძირებზე ასფალტის საფარის გადასხმას.

შორენა პაპაშვილი


დედამიწის უხუცესი ხე 9500-ზე მეტი წლისაა – უნიკალური ხეები

მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება რამდენიმე დღით შეიზღუდება

თბილისში XIX-XX საუკუნეების აკლდამები აღმოაჩინეს

თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

მიხეილ მამულაშვილის ცნობილი ბაღი განადგურების ზღვარზეა – უსახურობიდან სილამაზემდე

პოდკასტი