,,ცისფერი ტრიოს“ სოლისტი თამაზ სეფერთელაძე 74 წლის ასაკში გარდაიცვალა

 

1972 წელს, პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბაზაზე ,,ცისფერი ტრიო“ შეიქმნა. თავდაპირველად, ანსამბლი საქართველოს ტელევიზიისა და სახელმწიფო ფილარმონიის სახელით გამოდიოდა. გასტროლები მსოფლიოს 58 ქვეყანაში ჰქონდათ. 1985-1995 წლებში კი, ტრიო გასტროლებს სუხიშვილების ნაციონალურ ბალეტთან ერთადაც აწყობდა.

თამაზ სეფერთელაძე, დავით აბესაძე და მალხაზ თავართქილაძე – ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც, როგორც ანსამბლის სახელით, ისე თავიანთი ადამიანობით, ქართულ ხელოვნებაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრეს.

,,ცისფერი ტრიო“ რევაზ ლაღიძის, ეთერ ჭელიძისა და ნუნუ დუღაშვილის სიმღერებს ასრულებდა, თუმცა მათი სიმღერების რეპერტუარი, ძირითადად, ოჯახებიდან არის მოპოვებული. ხშირად ავტორიც კი არ იცოდნენ, ისე მღეროდნენ.

პირველი ტენორი, დათო აბესაძე იხსენებდა:

,,ვინმეს რომ ენახა, როგორ ვკამათობდით და ვჩხუბობდით თითო ფრაზაზე, აუცილებლად გაუკვირდებოდა, ესენი ერთად როგორ მღერიანო? მაგრამ, ჩვენმა ,,ჩხუბმა“ შედეგი გამოიღო.“

მიუხედავად მათი არაერთი წარმატებისა, მათ სასიმღერო კარიერაში 15 წლიანი პაუზა მაინც იყო. თუმცა, 2009 წელს დადგა დრო, როცა მონატრებულ მსმენელთან უნდა წარმდგარიყვნენ. მიზეზი მნიშვნელოვანი და სასიხარულო იყო. ,,ცისფერ ტრიოს“ ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ, ანსამბლის დაარსებიდან 35 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ვარსკვლავი გაუხსნეს. მას შემდეგ არაერთ დიდ ღონისძიებასა და გალა კონცერტში მონაწილეობდნენ.

მიუხედავად მათი არაერთი წარმატებისა, თითოეული მათგანი განსაკუთრებული თავმდაბლობით გამოირჩეოდა. არასდროს დაუმალავთ, რომ არც მუსიკალური განათლება ჰქონდათ და არც მუსიკალური ნოტები იცოდნენ.

,,როცა სიმღერებს ვაკეთებ, ზოგჯერ ,,საშინელება“ მემართება. სიმღერის დამუშავება, სერიოზული თემაა და ყოველთვის დიდ დროს ვანდომებდით, სანამ ხმებში გავშლიდით”, – ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში ბარიტონი მალხაზ თავართქილაძე.

ბევრია სათქმელი და გასახსენებელიც. თუ მათ შემოქმედებით ცხოვრების გზას გავყვებით, არაერთ საინტერესო და დაუვიწყარ ისტორიას გადავაწყდებით. ისტორიას, რომელიც “ცისფერი ტრიოს” წევრებმა თამაზ სეფერთელაძემ, დავით აბესაძემ და მალხაზ თავართქილაძემ შექმნეს. “ცისფერი ტრიოს” სახელმა რამდენიმე ათეულ წელს გაუძლო და ვფიქრობ, კიდევ დიდხანს დარჩება უკვდავი.

2 მარტს, ამ შესანიშნავ სამეულს ერთი წევრი გამოაკლდა. ,,ცისფერი ტრიოს“ სოლისტმა თამაზ სეფერთელაძემ 74 წლის ასაკში დატოვა ამქვეყნიური ცხოვრება.

ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი