თბილისის სამხატვრო აკადემიაში მისაღები შემოქმედებითი კონკურსის ფორმატი შეიცვალა
2023 წელს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, საბაკალავრო პროგრამებზე აბიტურიენტთა მისაღები შემოქმედებითი კონკურსი, ახალი ფორმატით პირველად ჩატარდება. იდეა სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში დაიბადა, ინიციატორი კი, აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძეა.
სამხატვრო აკადემიის აკადემიურმა საბჭომ 2023 წლის შემოქმედებითი კონკურსის დებულება დაამტკიცა, რომლის თანახმად, სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში, შემოქმედებითი კონკურსის ახალი ფორმატი შემუშავდა, რომელიც შეესაბამება სახელოვნებო და არქიტექტურის პროგრამების მოთხოვნებს და საშუალებას იძლევა, უფრო ზუსტად შეფასდეს თითოეული აბიტურიენტის შემოქმედებითი შესაძლებლობები.
აღსანიშნავია, რომ აქამდე სამხატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების, დიზაინის, მედიახელოვნებისა და არქიტექტურის ფაკულტეტების ყველა პროგრამის აბიტურიენტებისთვის შემოქმედებითი ტური მხოლოდ ხატვაში ტარდებოდა.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ამგვარი გამოცდა არ იძლეოდა შესაძლებლობას, აბიტურიენტის მიერ არჩეულ პროგრამასთან დაკავშირებული მისი შემოქმედებითი უნარები შეფასებულიყო. სწორედ ამიტომ, 2023 წლიდან, აბიტურიენტების მისაღები შემოქმედებითი კონკურსი (მისაღები გამოცდა არქიტექტურის, სახვითი ხელოვნების, დიზაინისა და მედიახელოვნების საგანმანათლებლო პროგრამებისთვის) შემდეგი ფორმატით ჩატარდება:
1. პორტფოლიოს წარდგენა და შეფასება;
2. გამოცდა ხატვაში (სახვითი ხელოვნების, დიზაინისა და მედიახელოვნების ფაკულტეტების პროგრამების აბიტურიენტებისათვის) ან ხაზვაში (არქიტექტურის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების აბიტურიენტებისათვის).
ასევე, ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ პორტფოლიოს მეშვეობით, შესაძლებელი იქნება აბიტურიენტის მხატვრული უნარებისა და შემოქმედებითი პოტენციალის მრავალმხრივად შეფასება, რადგან ის არის აბიტურიენტის მიერ დროის გარკვეულ ეტაპებზე სხვადასხვა მასალით/ტექნიკით (ფერადი ფანქრები, ფერადი ფლომასტერები, პასტელი, წყლის საღებავი – აკვარელი, აკრილი, ტემპერა, გუაში და სხვ.) შესრულებული ნამუშევრების კრებული.
როგორც ცნობილია, პორტფოლიოში უნდა იყოს, სულ მცირე, 15 ნამუშევარი: ხუთი – შავ-თეთრი, გრაფიკული მასალით შესრულებული, ხუთი – ფერში შესრულებული და ხუთი – აბიტურიენტის მიერ შერჩეული თავისუფალი კომპოზიცია, რომლებიც, მისი მოსაზრებით, მაქსიმალურად წარმოაჩენს მის ინდივიდუალურ, მხატვრულ/შემოქმედებით შესაძლებლობებს.
შემოქმედებითი კონკურსის პირველი კომპონენტის, პორტფოლიოს შეფასებისას, დადებითი ქულის მიღების შემთხვევაში აბიტურიენტები შემოქმედებითი ტურის მეორე ეტაპზე – ხაზვის ან ხატვის გამოცდაზე დაიშვებიან. როგორც ცნობილია, ხაზვის გამოცდა ერთი დღის განმავლობაში ჩატარდება, ხატვის გამოცდა კი, ორი დღე გაგრძელდება და ორი საგამოცდო ნამუშევარი შესრულდება. ერთი – შავ-თეთრი, გრაფიკული და ერთი – ჩანახატი ფერში.
პორტფოლიოებსა და საგამოცდო ნამუშევრებს გაეცნობა და ანონიმურად შეაფასებს სამხატვრო აკადემიის რექტორის ბრძანებით შექმნილი შემოქმედებითი კონკურსის შემფასებელი რამდენიმე კომისია, რომლებიც დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტდება.
აღსანიშნავია, რომ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული 2023 წლის შემოქმედებითი კონკურსის დებულება და დეტალური ინფორმაცია, სამხატვრო აკადემიის ოფიციალურ ვებგვერდზე – art.edu.ge 6 მარტს გამოქვეყნდება.
9 მარტს, 12:00 საათზე თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე ჩატარდება. დასწრება თავისუფალია. კონკურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, აბიტურიენტებს აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე, ფაკულტეტების დეკანები, სასწავლო და ხარისხის მართვის დეპარტამენტების წარმომადგენლები გააცნობენ.
როგორც კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 9 მარტიდან სამხატვრო აკადემიაში, საკონსულტაციო ცენტრი ამოქმედდება, რომელიც აბიტურიენტებს ინფორმაციას მიაწვდის და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხებს.
“სამხატვრო აკადემიაში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აკადემიის რექტორის, ყარამან ქუთათელაძის მიერ ინიციირებულ სრულიად ახალ და თანამედროვე კონცეფციის შესაბამისად შემუშავებულ სახელოვნებო განათლების რეფორმაზე, რომელიც გულისხმობს ე.წ. ახალი აკადემიის შექმნას. რეფორმით გათვალისწინებულია: ახალი ლოგოსა და ვებგვერდის შექმნა; სამხატვრო აკადემიის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა – ახალი პროგრამების აკრედიტაცია, მათი თანამედროვე სტანდარტებთან სინქრონიზაცია და არსებული პროგრამების თარგმნა უცხოელი სტუდენტების მოზიდვის მიზნით; საერთაშორისო სახელოვნებო რეზიდენციების შექმნა; ყოველწლიური ახალგაზრდული არტ-ბაზრობისა და ფესტივალის გამართვა; თანამშრომლობა მსოფლიოში ცნობილ სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებთან; სტუდენტებისთვის თავისუფალი სახელოსნოებისა თუ დამატებითი სოციალური სივრცეების მოწყობა და სხვა“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ სამხატვრო აკადემიის წესების შესახებ, დამატებითი ინფორმაციის მიღება, აბიტურიენტებს ცხელი ხაზის მეშვეობითაც შეეძლებათ, რომლის სატელეფონო ნომრებისა და საკონსულტაციო ცენტრის სამუშაო საათების შესახებ ინფორმაცია, სამხატვრო აკადემიის ვებ და ფეისბუქგვერდებზე გამოქვეყნდება.
სალომე ხომასურიძე