აქციის მონაწილეებმა ეროვნული გალერეის კარი შეამტვრიეს – ექსპონატებს საცავებში გადაიტანენ

ეროვნული გალერეის ექსპონატების ნაწილი საცავებშია გადატანილი. ეს გადაწყვეტილება, კომპეტენტურმა პირებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც წუხელ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები შენობაში შეიჭრნენ.

ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციამ 9 მარტს, ღამის 3 საათზე გაავრცელა ინფორმაცია, სადაც  აღნიშნული, რომ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში ღამით, აქციის მონაწილეები შეიჭრნენ. მათ შენობის კარი შეამტვრიეს და გალერეის პირველი საგამოფენო დარბაზი დაიკავეს, სადაც ფიროსმანის მუდმივმოქმედი გამოფენაა განთავსებული.

მუზეუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ექსპონატები არ დაზიანებულა, აქციის მონაწილეები საგამოფენო სივრციდან რამდენიმე წუთში, გაიყვანეს. შენობაში შესასვლელი კარის დაზიანების გამო, გადაწყდა, რომ ფიროსმანის, ზდანევიჩის, ქობულაძის, სიდამონ-ერისთავის ნახატები და სხვა ექსპონატები, დროებით საცავებსა და დაცულ საგამოფენო სივრცეებში გადაიტანონ.

შემთხვევის ადგილი კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილე კახა სიხარულიძემ და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა – ნიკა ახალბედაშვილმა დაათვალიერეს.

თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდების საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო “ხალხის ძალის” მიერ ინიციირებული კანონპროექტი “უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ”. ოპოზიციამ აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას “რუსული კანონი” უწოდა. ქვეყნის მოსახლეობის ნაწილმა ეს ინიციატივა ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევად შეაფასა. საპროტესტოდ ქუჩაში გამოსული მოქალაქეები კანონპროექტის უკან გაწვევას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა ღამის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა დაარბიეს, სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ ე.წ მოლოტოვის კოქტეილებს და ქვებს. პოლიციამ საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გაუშვა, რის გამოც, პროტესტანტებმა ახლო მდებარე გალერეის კარი შეამტვრიეს და შენობაში შეცვივდნენ.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი