დიდი მწერლის დისიდენტური გზა – ლევან გოთუას დაბადებიდან 118 წელი გავიდა
ლევან გოთუა ქართულ ლიტერატურაში, ერთ-ერთი გამორჩეული მწერალი და საზოგადო მოღვაწე იყო. ის 1905 წლის 10 მარტს, თბილისში, ცნობილი მწერლის, პუბლიცისტის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, პართენ გოთუას ოჯახში დაიბადა.
ლევანის მამა – პართენ გოთუა გურული გახლდათ. ის გაზეთ „ვოზროჟდენიეს“ მთავარ რედაქტორად მუშაობდა. დედა კი, ქუთაისელი ქალბატონი, სოფიო კემულარია იყო, რომელიც თავისი დროისთვის ფრიად განათლებულ ქალად მიიჩნეოდა. ცნობილი ფაქტია, რომ ლევანს წერა-კითხვა დედამ შეასწავლა. მამის მეოხებით კი, ადრე შეეჩვია მოგზაურობას, ქვეყნის სიყვარულსა და პატრიოტიზმს ეზიარა. ასევე, შემოქმედებითი მისწრაფებებიც ჩაესახა.
ლევან გოთუამ თბილისის მე-8 ტექნიკუმი დაამთავრა და მამის რჩევით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1926 წელს დაამთავრა.
1921 წლის თებერვალში, კოჯორში წავიდა მოხალისედ და თბილისის დამცველებს შეუერთდა. ლევანი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი და მისი ახალგაზრდული ფრთის ლიდერი გახლდათ. ის 1924 წლის აჯანყების მომზადებაშიც მონაწილეობდა. ამავე წლის აგვისტოში, დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. შვიდი თვის შემდეგ, გაათავისუფლეს.
1925 წლის აგვისტოში, ის ხელახლა დააპატიმრეს, ერთხანს თბილისის და მოსკოვის ციხეებში იმყოფებოდა, შემდეგ კი სოლოვეცკის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. პატიმრობა ვლადიკავკაზში თავისუფალი გადასახლებით შეუცვალეს. გაქცევის მცდელობისთვის კი, სასჯელი 1936 წლამდე გაუხანგრძლივეს. ის ნარიმისა და ბიისკის საკონცენტრაციო ბანაკებშიც იმყოფებოდა.
მეორე მსოფლიო ომის გამოცხადებისთანავე, იატაკქვეშა პოლიტიკური ორგანიზაცია, საქართველოს ეროვნული თავდაცვის კომიტეტი შეიქმნა, რის გამოც 1946–55 წლებში, სამშობლოს ღალატის ბრალდებით, მწერალი დააპატიმრეს და ქალაქ ვორკუტაში 10 წლით გადაასახლეს. იქ საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს.
გაუსაძლისი პირობების მიუხედავად, მწერალი ბანაკში წერას მაინც აგრძელებდა. სწორედ გადასახლებაში შეიქმნა ისტორიული რომანი “გმირთა ვარამი”, რომელშიც მოქმედება მე-16 – მე-17 საუკუნის საქართველოში ვითარდება და ქვეყნის ყველაზე სისხლიანი ეპოქაა აღწერილი.
ერთ-ერთი თუში პატიმარი იხსენებს:
“ორმოცდაათი ქართველი ვიყავით ვორკუტის ბანაკში. მე წერა-კითხვა ძლივს ვიცოდი, მაგრამ ამ ქართველებში ბევრი იყო განათლებული, მათ შორის ერთი ჯაფარიძე, რომელმაც გვითხრა: ჩვენთან ძალიან დიდი მწერალი იხდის დაუმსახურებელ სასჯელს, როგორმე ვუპატრონოთ ამ კაცს, მივცეთ მუშაობის საშუალებაო. ყველა ერთხმად დაეთანხმა.
მაღაროში ორ თვეში ერთხელ გვიწევდა მის მაგივრად ჩასვლა – იმ დღეს ორ ცვლაში ვმუშაობდით. ლევან გოთუას კი უნდა ეწერა, მაგრამ რაზე? რით? არც ქაღალდი ჰქონდა, არც კალამი. ვისაც რა შეეძლო, ის მოჰქონდა: მუყაოს ნაჭერი, ხის კარის ნატეხი, ფიცრები… მელანი ტექნიკურ სპირტში გაცრილი, ქვანახშირის შერევით დაუმზადეს, კალამი გამოუქლიბეს. “გმირთა ვარამის” წერა ამ “ფურცლებზე” დაიწყო…”
ცნობილია, რომ პატიმრები მწერლის ნამუშევრებს ორმოში გაკეთებულ სამალავებში ინახავდნენ და ნაცნობების დახმარებით. თბილისში გზავნიდნენ. ლევან გოთუას დები კი, მიწოდებულ მასალას ათეთრებდნენ.
ამ დროისთვის, შემორჩენილია მისი პატიმრობის დროინდელი ლექსები, დღიურები, ისტორიული დრამა „სამსახეობა რაინდისა“ და, რაც მთავარია, ისტორიული რომანი „გმირთა ვარამი“, რომლებიც გოთუამ გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ გადაამუშავა და 1958–62 გამოსცა.
ტეტრალოგია ,,გმირთა ვარამი”, ლევან გოთუას შემოქმედებაში, შეიძლება ითქვას, რომ უმნიშვნელოვანესი ნამუშევარია. მოქმედება XVI–XVII სს. საქართველოში ხდება. მასში ქვეყნის ყველაზე სისხლიანი ეპოქის ისტორია, ქართველი ხალხის სულიერი სიმტკიცე, კახეთის მეფე ალექსანდრე II-ისა და მისი ოჯახის დრამატიზმით აღსავსე ცხოვრებაა აღწერილი. რომანში უხვად არის მოშველიებული ისტორიული ფაქტები, ეთნოგრაფიული მასალა, გეოგრაფიული ცნობები; წარმოდგენილი არიან ისტორიული პირები, კოლორიტული ხალხური პერსონაჟები. რომანის ყველაზე ტრაგიკულ ეპიზოდებშიც კი, მკაფიოდ ჩანს დაცემული ქვეყნის აღდგენის იმედი. მასში ასახულია საქართველოს ყოფა XVI-XVII საუკუნეებში, როცა ფეოდალური სახელმწიფოს კრიზისი დაიწყო და დღის წესრიგში, ახალი პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი დადგა.
რომანში, რომელიც ინტერნაციონალური სულისკვეთებითაა გამსჭვალული, აღწერილია ქართველი ხალხის სულიერი სიმტკიცე, უსაზღვრო პატრიოტიზმი, გლეხობის ცხოვრება, მისი როლი ქვეყნის ისტორიაში.
აუცილებლად აღსანიშნავია მისი კიდევ ერთი ისტორიული რომანი „მითრიდატე“, რომელიც მწერალს დაუმთავრებელი დარჩა. რომანი I საუკუნეში, გაერთიანებისთვის ქართველური ტომების ბრძოლას ეხება. ასევე, ისტორიულ თემაზეა შექმნილი გოთუას მოთხრობები ,,კრწანისის სევდა“, ,,ყინწვისის ანგელოზი“, ,,ხანძთის ზარი“, ,,უგზო ქარავანი“, ,,სიბრძნე სიკვდილისა“.
მასვე ეკუთვნის თანამედროვეობისადმი მიძღვნილი თხზულებანი: რომანი „ლეკვი ლომისა“,მოთხრობები „ნისლი ნახატარის ტყეში“, ,,ფიქრები თოკის კიბეზე“, ,,ფრესკის მეორე დაბადება“ და სხვა.
ლევან გოთუას არაერთი პუბლიცისტური წერილი, საბავშვო მოთხრობა სა ნიველა აქვს გამოქვეყნებული. მისი უკანასკნელი ნაწარმოები კი, ,,სერაფიტაა”, რომელიც 1973 წელს დაწერა.
ლევან გოთუა შეიძლება ითქვას, რომ ყველგან იყო. ის თეატრთანაც აქტიურად თანამშრომლობდა. „მეფე ერეკლე“, ,,უძლეველნი“, ,,დავით აღმაშენებელი“, ,,სამსახეობა რაინდისა“, მისი საავტორო ნამუშევრებია, რომლებიც უმეტესად მარჯანიშვილის თეატრში იდგმებოდა.
ლევან გოთუა ბევრს მოგზაურობდა და ყველაფერთან ერთად, მთამსვლელიც იყო. მას ბევრი მწვერვალი აქვს დალაშქრული. საკუთარი მოგზაურობის შთაბეჭდილებები კი, 1960 წელს. ნარკვევების წიგნში „მგზავრულ კრიალოსანში” აღწერა.
ლევან გოთუა უკანასკნელი გადასახლებიდან 50 წლის ასაკში დაბრუნდა. საბჭოთა ხელისუფლებამ მწერლის ბევრი წიგნი გამოსცა, თუმცა ტირაჟი ყოველთვის ძალიან მცირე იყო.
ლევან გოთუა 1973 წლის 30 იანვარს გარდაიცვალა. წლების შემდეგაც, მისი სახელი კვლავ გახსენებას იმსახურებს, რადგან ქართულ ლიტერატურას, თავისი შემოქმედების სახით, უდიდესი საგანძური დაუტოვა.
სალომე ხომასურიძე