თბილისელებს მერია ავარიული სახლების რეაბილიტაციის ახალ პროგრამას სთავაზობს

თბილისის ძველი, ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე ავარიული შენობების რეაბილიტაცია ორი მიმართულებით განხორციელდება. ერთ შემთხვევაში სახლის მესაკუთრეს მიეცემა შესაძლებლობა, თავად ჩაანაცვლოს ავარიული შენობა-ნაგებობა, მეორე შემთხვევაში კი, მესაკუთრეს შეეძლება სახლი აუქციონზე გაყიდოს თბილისის მერიის დახმარებით, აუქციონზე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასის შეთავაზებით.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ჩვენი უძველესი დედაქალაქის სავიზიტო ბარათი – ისტორიული უბნები განახლებას საჭიროებს. ამ მიმართულებით მომზადდა 2 პროგრამა, რომელიც დედაქალაქის მერიამ და საკრებულომ ერთობლივად შეიმუშავეს.

თბილისის ისტორიულ უბნებში მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება-რეაბილიტაციის ორ ახალ პროგრამაზე ​თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის დღეს გამართულ სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.

მისივე თქმით, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, გამგეობები ახორციელებენ ათეულობით ასეთი შენობა-ნაგებობების გამაგრება-რეაბილიტაციას. თუმცა, იმდენად ბევრი შენობაა ავარიული, რომ მხოლოდ ამ პროგრამებით რთული იქნება შედეგის მიღება.

“ჩვენ ავამოქმედეთ „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა“, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. რაც შეეხება ძველ თბილისს, სადაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლებია, იქ არსებულ პროგრამას ვერ გამოვიყენებდით. რამდენიმე მთავრობის სხდომის წინ, მე დავავალე ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს, რომ შეემუშავებინათ კონკრეტული ხედვა და პროგრამა, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ისტორიულ უბნებში. გუნდმა დედაქალაქის საკრებულოსთან ერთად, იმუშავა და შემუშავდა ორი პროგრამა“, – განაცხადა კალაძემ.

პირველი პროგრამის მიხედვით, ბიზნესსექტორს, ავარიული სახლის მესაკუთრეებთან შეთანხმების შემდეგ, მიეცემა შესაძლებლობა თავად განახორციელონ ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება ან რეაბილიტაცია. ბიზნესი ავარიული სახლის ჩანაცვლებას ან რეაბილიტაციას განახორციელებს მხოლოდ “თბილისის განვითარების ფონდის” მიერ შემუშავებული დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. ამის სანაცვლოდ კი, მუნიციპალიტეტი ბიზნესსექტორს სთავაზობს, მათ საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომელიც უნდა მდებარეობდეს აუცილებლად ისტორიული უბნების გარეთ (და არა ისტორიულ უბანში) გასცეს მიმდებარე არეალთან შესაბამისი გეგმარებითი გადაწყვეტილება და მიანიჭოს კონკრეტული პარამეტრები.

მეორე პროგრამა ითვალისწინებს შემდეგს: ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მათი საკუთრების, მათი ქონების გასხვისების/გაყიდვის პროცესი აუქციონის საშუალებით უზრუნველყოს თბილისის მერიამ.

მესაკუთრეების მხრიდან ერთობლივი მომართვის და თანხმობის შემდეგ, თბილისის მერია აზომავს უძრავ ქონებას და უზრუნველყოფს ამ ქონების საექსპერტო შეფასებას ღირებულების დადგენის მიზნით. ამის შემდეგ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო და სხვა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები მიიღებენ ოპტიმალურ გეგმარებით გადაწყვეტილებას და ეს დეტალური ინფორმაცია 2 თვის განმავლობაში განთავსდება მერიის ელექტრონულ ვებგვერდზე.

ინფორმაციის საიტზე განთავსებიდან 2 თვის გასვლის შემდეგ ეს ქონება გავა აუქციონზე. საბოლოოდ მესაკუთრეებს აუქციონზე დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებენ და მხოლოდ მათი გადაწყვეტილებით გაიყიდება ქონება.

“აუქციონის ჩატარება და მასთან დაკავშირებული შემდგომი ყველა საჭირო პროცედურა თბილისის მერიის მიერ სრულიად უსასყიდლოდ, ყოველგვარი მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე განხორციელდება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი მიწის მესაკუთრეებს, აღნიშნული ტერიტორიის სანაცვლოდ, ალტერნატიულ ნაკვეთზე შესაბამისი ოდენობით, K2 კოეფიციენტის მომატების შესაძლებლობას მისცემს. თუმცა იქვე განმარტავს, რომ K2 კოეფიციენტის მატება ყველა შემთხვევაში არ მოხდება. ეს პროცესი შეეხება მხოლოდ იმ მიწებს, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარეა მნიშვნელოვანი – ანუ, თუ ეს მიწა გამოყენებული იქნება მხოლოდ რეკრეაციული სივრცეების მოწყობისთვის და მისი გამოყენებით დაინტერესებული იქნება სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი

„იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელიც კერძო საკუთრებაშია, თუმცა, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი დაგეგმავს რეკრეაციული სივრცეების – ბაღის, სკვერის, პარკის, ბულვარის, საბავშვო მოედნის ან სპორტული შენობა-ნაგებობის (საწვრთნელი ბაზა, სპორტული მოედანი, სტადიონი, სპორტდარბაზი, ღია და დახურული საცურაო აუზი) მოწყობას, აღნიშნული მიწის მესაკუთრეებს სხვა, კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე განსხვავებულ სამშენებლო პარამეტრებს შევთავაზებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სალომე ხომასურიძე

ასევე წაიკითხეთ:

ვის ხელში აღმოჩნდება ავლაბარი? – ძველი თბილისის პრესტიჟული უბნის ბუნდოვანი პერსპექტივა