თბილისის კამერულ თეატრში თოჯინური სპექტაკლი ,,დონ კიხოტი – მისტერია თოჯინებისთვის“ გაიმართა
წარმოდგენაში რეჟისორის მთავარი სათქმელი ცოტა უცნაური, მაგრამ რეალობასთან ძალიან ახლოა. მისი თქმით, მთელი სამყარო ერთ დიდ სიგიჟედაა ქცეული. დრო მიდის, მის სვლასთან ერთად კი, გმირები რჩებიან.
კამერულ თეატრში, რეჟისორ გიორგი აფხაზავას მიერ დადგმული თოჯინური სპექტაკლი – ,,დონ კიხოტი – მისტერია თოჯინებისათვის“ შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
სპექტაკლში ესპანელი მწერლის, მიგელ დე სერვანტეს საავედრას, რომანის პერსონაჟებს თოჯინები ასახიერებენ, რომელთაც მურმან ჯინორია (დონ კიხოტ ლამანჩელი), ზაზა პაპუაშვილი (სანჩო პანსა), გია ბურჯანაძე (სამსონ კარასკო), მარი კიტია (დულსინეა ტობოსელი), ქეთი დოლიძე (სასტუმროს მეპატრონე), ლევან ბერიკაშვილი (მეპატრონის ქმარი), დავით დოიაშვილი (თეატრის დირექტორი), გიორგი რევიაშვილი (ანდრესი) ახმოვანებენ.
წარმოდგენაში რეჟისორის მთავარი სათქმელი ცოტა უცნაური, მაგრამ რეალობასთან ძალიან ახლოა. მისი თქმით, მთელი სამყარო ერთ დიდ სიგიჟედაა ქცეული. დრო მიდის, მის სვლასთან ერთად კი, გმირები რჩებიან.
რეჟისორისთვის სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ ეს გმირები მხოლოდ მატიანეებსა და წიგნის ფურცლებზე ცოცხლობენ და არაა რეალურ სამყაროში.
მისი აზრით, დღესდღეობით, კაცობრიობას ყველაზე მეტად სჭირდება დონ კიხოტ ლამანჩელი – მწუხარე სახის რაინდი.
აღსანიშნავია, რომ სპექტაკლის რეჟისორი და მუსიკის ავტორი გიორგი აფხაზავაა, თოჯინების მხატვარი და სცენოგრაფი კი, ნინო კიტია. რეჟისორის ასისტენტობა, ტატა მეცხოვრიშვილმა იტვირთა.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ნატალია მოლაშვილი, გიორგი ხარაიშვილი, ანასტასია ურიდია, ტატა მეცხოვრიშვილი, გიორგი თენაძე, ლუკა ბაზაძე, ლევან ბაქრაძე, გიორგი დევდარიანი, ლუკა ჭულუხაძე და ალექსანდრე კვეზერელი.
დადგმაში მიგელ დე სერვანტეს საავედრას, სემუელ ბეკეტის, ბერტოლდ ბრეხტის, არისტოტელეს, ფიოდორ დოსტოევსკის, ფრიდრიხ ნიცშესა და გეორგ ჰეგელის ნაწარმოებებია გამოყენებული.
ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, გარდა სახელმწიფო თეატრებისა, სხვადასხვა კონკურსის საშუალებით, კერძო თეატრებსაც უწყობს ხელს, როგორც ტექნიკური აღჭურვით, ისე – სადადგმო ხარჯით. ამ თეატრებს შორისაა თბილისის კამერული თეატრიც.
აღსანიშნავია, რომ სპექტაკლს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანიც დაესწრო.
სალომე ხომასურიძე