“ქართული თეატრის ამბავი, ანუ…” – თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი 100 წლის გახდა

27 მარტს, მსოფლიომ თეატრის საერთაშორისო დღე აღნიშნა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, რუსთაველის თეატრი განსაკუთრებულად მოემზადა.

თეატრის საერთაშორისო დღეს, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე აღინიშნა.

ნიკოლოზ წულუკიძემ ანსამბლ ,,სუხიშვილებთან” , ზ. ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრთან, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილთან, მომღერალ კატო კვარაცხელიასთან, რუსთაველის თეატრის მსახიობებთან და რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილთან ერთად, ქართული თეატრის აქამდე უცნობი, არქივში გადანახული ისტორიები, თეატრის დიდ სცენაზე გააცოცხლა.

საღამოზე, სახელწოდებით – “ქართული თეატრის ამბავი, ანუ” ნიკოლოზ წულუკიძემ 19-20 საუკუნის თეატრი 21 საუკუნეში კვლავ გაგვახსენა და მონაწილეებთან ერთად, განსხვავებული ფორმებითა და ვიზუალით გადმოგვცა. თეატრმცოდნემ ის დიდებული ადამიანები გაიხსენა, რომლებსაც ქართული თეატრის აღორძინებასა და განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით.

“ჩვენს ქვეყანაში თეატრს იმხელა ისტორია აქვს, არ შეიძლება ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცეს. თეატრის ძალის პრეზენტაცია იყო რუსთაველის თეატრის სცენაზე. ერთად ვიმოგზაურეთ ქართული თეატრის იმ დროსა და სივრცეში, რომლის მოსმენაც მაყურებლისთვის აკრძალულია”, – აღნიშნა ნიკოლოზ წულუკიძემ.

თეატრის საერთაშორისო დღე სხვა თეატრებშიც აღინიშნა, თუმცა, ეს დღე განსაკუთრებული იყო ასევე, გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრისთვის. მნიშვნელოვანი თარიღი თეატრმა, საქართველოს ისტორიაში პირველად, განსხვავებულად აღნიშნა. მსახიობებმა, მაყურებლის წინაშე, სპექტაკლი “მე მოვალ – სიზმარი” წარმოადგინეს, რომელიც რეჟისორ ნიკოლოზ ჰაინე-შველიძის რეჟისორობით დაიდგა. ლიტერატურული მონოსპექტაკლი გალაკტიონის ლექსებსა და ჩანაწერებზე აგებული წარმოდგენაა, რომელიც, უპირველესად, ჩაფიქრებულია, როგორც ერთგვარი გზამკვლევი. მოსწავლეებსა და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მეოცე საუკუნის გამორჩეული პოეტის რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე სამყაროში ემოგზაურათ.

“საქართველოში ყველას თავისი გალაკტიონი ჰყავს. მისი ცხოვრების დრამა კი, იმდენ წინააღმდეგობრივ კოლიზიას მოიცავს, რომ ერთი მათგანიც კი სრულიად საკმარისი იქნებოდა სასცენო დრამატურგიული კონფლიქტის გასაშლელად“, – ნათქვამია სპექტაკლის აღწერაში.

თეატრის საერთაშორისო დღე, ქართულ თეატრს, იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის გენერალურმა დირექტორმა, ტობიას ბიანკონემ მიულოცა.

“ბედნიერ მსოფლიო თეატრის დღეს” გისურვებთ. დიახ, არ მოგესმათ, მე ვახსენე სიტყვა “ბედნიერი”. საქართველოში ჩემი ვიზიტები, ნაცნობობა თქვენთან, ქართულ თეატრთან, მოცეკვავეებთან, ქართველ არტისტებთან, ახალგაზრდებთან, რომლებიც თეატრს საკუთარი თავის გამოსახატავად იყენებენ, ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე და ინსპირაციის წყაროდ იქცეოდა. საქართველო დასავლური და აღმოსავლური კულტურის გასაყარზე მდებარეობს. ეს არის ადგილი სავსე, ძლიერი თეატრალური კულტურით. ამიტომაც, მნიშვნელოვანია ვიყოთ ბედნიერნი, რომ ვფლობთ ამგვარ თეატრალურ კულტურას და ამიტომაც მინდა გადმოგცეთ ჩემი მიმართვა თქვენდამი სიტყვებით – “ბედნიერ მსოფლიო თეატრის დღეს!” – ნათქვამია ტობიას ბიანკონეს მილოცვაში.

თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტმა მსოფლიო თეატრის დღე, პირველად, 1962 წელს აღნიშნა. ეს დღე ადამიანებისთვის სინათლის მოტანას, ინდივიდებისა და საზოგადოებაში იმედის ჩასახვას ემსახურებოდა, მიზანს, რომელიც გააერთიანებდა სხვადასხვა გამოცდილების ადამიანებს, მსოფლიო ქვეყნებს. ეს გულისხმობდა ხმამაღალი ამოძახილის აუცილებლობას, იმისათვის, რომ მსოფლიო ლიდერებს მკლავები დაეშვათ და ხალხისთვის მშვიდობიან გარემოში ცხოვრების საშუალება მიეცათ, იმისთვის, რომ მთავრობებს ხელი თეატრალური ხელოვნების განვითარებისათვის შეეწყოთ.

ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი