კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს

თბილისობისა და სახელოვნებო დღეების ფარგლებში, 18 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართველი მწერლის, მსახიობის, რეჟისორის, მთარგმნელისა და რედაქტორის, მამუკა სალუქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. 

საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ მწერლის ერთგულ გულშემატკივრებს, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს უმასპინძლა.

საღამოს მთავარი თემა, მამუკა სალუქვაძის მრავალფეროვანი შემოქმედება იყო. მწერალი ბევრ სფეროში მოღვაწეობდა. წერდა ლექსებს, სიმღერებს, თარგმნიდა უცხოურ ნაწარმოებებს. მამუკა სალუქვაძეს საკმაოდ მოცულობით მასშტაბებთან ჰქონდა შეხება, როგორც პუბლიცისტიკაში, ისე პოეზიასა და სხვა დარგებში. მწერალი მრავალმხრივი ადამიანი იყო, ისევე, როგორც მისი შემოქმედება.

ლექსების წერა 6 წლის ასაკიდან დაიწყო, თუმცა ამას წინ უძღოდა ერთი პატარა ეპიქოზი. 2 წლის იყო, როცა ბებიას ხიდზე გადაჰყავდა და მამუკამ გარითმა: – “რა დიდი წყალია, მამუკამ დალია“. მისი პირველი ლექსია არის “გუბურა”.

ერთ-ერთმა მეგობარმა, ასეთი სახუმარო ამბავი გაიხსენა: “ტრიო შევქმენით, პირველ ხმას მე ვმღეროდი, მეორეს მამუკა, მესამეს, გაგიკვირდებათ და პაატა ბურჭულაძე. პატარა ბავშვები ვიყავით, წყნარი საათი გვქონდა და მოგვცეს უფლება, რომ გვევარჯიშა. პაატა რომ მღეროდა, ფაქტობრივად პირველ ხმას ოქტავით დაბლა მღეროდა, ამის გამო, მამუკა სულ ეჩხუბებოდა, – “ტაშტი” ხარო, სმენა შენ არ გაქვსო. იმის მერე პაატა გაიზარდა და მსოფლიო ბანი გახდა“.

მამუკა სალუქვაძე ორი განსხვავებულად საინტერესო და მრავალფეროვანი ადამიანის, ინოლა გურგულიასა და ანზორ სალუქვაძის შვილი იყო. ამ ორი ადამიანის შვილი, წარმოუდგენელია, მრავალმხრივი ხედვის არ ყოფილიყო. ეს ფაქტი, მისი ხსოვნის საღამოზე არერთხელ აღინიშნა.

მამუკას ძალიან უყვარდა ფრანგული პოეზია, მას ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ადარებდა, სადაც ყოველი ვარსკვლავი ციმციმებს და კაშკაშებს იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდია და რაოდენი მანძილითაა დაშორებული ჩვენგან. წაიკითხეს ის ლექსებიც, რომელიც მწერალმა საოცრად დახვეწილი პოეტური ოსტატობით თარგმნა. მამუკა სალუქვაძეს ჰიუგოს და სხვა ფრანგი პოეტების ლექსები აქვს თარგმნილი.

საღამოზე გაიჟღერა ძველ მაგნიტურ ფირზე ჩაწერილმა სიმღერამ, პატარა მამუკასა და ინოლა გურგულიას შესრულებით.

უკვე ნაცნობი ისტორიებისა და კადრების გარდა, საღამოს მსვლელობისას მისმა ახლობლებმა, მამუკას აქამდე უცნობი მხარეები აღმოაჩინეს, როგორც მწერალი, როგორც მეუღლე, მამა, ოჯახის წევრი და, რა თქმა უნდა, როგორც მეგობარი.  მამუკა საკმაოდ ცელქი ბავშვი ყოფილა, მისი დაუოკებელი ბუნება  მუდამ სიახლეებს ეძიებდა.

მედია სააგენტო “24”-თან მამუკა სალუქვაძე მისმა მეუღლემ და ძმამ, დათომ გაიხსენეს.

როგორც ქალბატონი დოდო იაშვილი ამბობს, მამუკა ძალიან მოსიყვარულე მეუღლე ყოფილა, თუმცა, ყოველდღიური ყოფა, მისთვის უინტერესო და მეტიც, აუტანელიც კი იყო.  ერთად 1982 წლიდან 1997 წლამდე, ურთულესი პერიოდი გამოიარეს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მამუკა ოჯახისთვის ბევრ რამეს აკეთებდა. უყვარდა საოჯახო “არდადეგების” დაგეგმვაც.

როგორც ქალბატონი დოდო გვიამბობს, მწერალი სულ სიახლეების ძიებაში იყო, მაგრამ ასეთი სიახლეები ბევრი არ მოიპოვებოდა. ყოველდღიურობა პოეტისთვის მომაბეზრებელი ყოფილა. არ უყვარდა და, არც ეხერხებოდა, მაღაზიაში ან ბაზარში საყიდლებზე სიარული.

“ერთხელ ერთად ვიყავით ბაზარში და ხილის გამყიდველს პირდაპირ უთხრა, – ამიწონეო. -ჯერ ფასი კითხე-მეთქი. – რატომ, მომატყუებსო? – ისე გაიკვირვა, თითქოს არ შეიძლებოდა, რომ მოეტყუებინა. ძალიან მოსიყვარულე, ამხანაგებზე და უცხოებზეც გადაყოლილი ადამიანი იყო“, – სიყვარულით აღსავსე თვალებით იხსენებს ქალბატონი დოდო.

მძიმე ავადმყოფობის (სიმსივნის) მიუხედავად, მამუკა სალუქვაძე მასთან მისულ მნახველებს მხიარულად და მშვიდად ხვდებოდა. ქალბატონი დოდო ამბობს, რომ ასეთი ავადმყოფობის დროს, ძირითადად, უფრო ნაღვლიანები ხდებიან, თუმცა, მამუკას შემთხვევაში, პირიქით მოხდა, უფრო დატკბა სიცოცხლის ბოლო წუთებამდე.

როგორც პოეტის ძმა, დათო შუღლიაშვილი იხსნებს, მათი ოჯახი, ინოლას გარდაცვალებამდე, სტუმრიანობით ყოველთვის გამოირჩეოდა. მამუკას მეგობრების სტუმრობა ყოველდღიურ სასიამოვნო რუტინად ჰქონდათ ქცეული. ეს ფაქტი უმცროსი და-ძმისთვის დიდი ზეიმი იყო.

დათო მამუკაზე 9 წლით უმცროსია. უფროს ძმას ის ხშირად დაჰყავდა თავის მეგობრებთან.  წლების მატებასთან ერთად, მათ შორის ასაკობრივი სხვაობაც მცირდებოდა. როცა დედა გარდაეცვალათ,  დათო 13 წლის ყოფილა, მამუკა კი – 22-ის.

“მადლობა ღმერთს, რომ ინოლასგან განსხვავებით, მამუკასთან გარდა ძმობისა, მეგობრობაც მოვასწარი”, – ამბობს დიდი სიყვარულითა და მონატრების ტკივილით გაჟღენთილი უმცროსი ძმა.

როგორც მამუკას მეგობარი, პოეტი და კრიტიკოსი, თემურ შავლაძე იტყოდა: “მამუკა სალუქვაძის ბიოგრაფია, მისი პოეზიაა” და “ყველამ, ვინც მამუკას იცნობდა, კარგად იცის მისი მაძიებელი ბუნება და ის ფაქტიც, რომ მისი ორმხრივი გენით მიღებული ნიჭიერება საზღვრებს და ჩარჩოებს არ სცნობდა. ის იყო ყველგან, ყველა სფეროში, ყველაფრის განვითარებისა და გალამაზების სურვილით შეპყრობილი“.

 

ავტორი: სალომე ხომასურიძე

 


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი