ზესტაფონის თეატრმა სპექტაკლ “ანტიგონეს” პრემიერას უმასპინძლა

ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა სპექტაკლ „ანტიგონეს“ პრემიერას უმასპინძლა.

საპრემიერო წარმოდგენას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

“ანტიგონე” ცნობილი ფრანგი დრამატურგის, ჟან ანუის, პიესის მიხედვითაა დადგმული. სპექტაკლი რეჟისორმა და თეატრის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვახტანგ ჯუღელმა დადგა.

სპექტაკლის იდეა შემდეგში მდგომარეობს: მთავარი საკვლევი ობიექტი ადამიანია, როგორც სამყაროს ცენტრი. ვახტანგ ჯუღელი, თეატრის მოყვარულებს, იმ უმნიშვნელოვანესი ფასეულობებზე დააფიქრებს, რომელთა შორის არჩევანის გაკეთება, ალბათ, მთელი ცხოვრების განმავლობაში გვიწევს. სპექტაკლში ყურადღება თავისუფლების არსზეა გამახვილებული. თითქოს რეჟისორს სურს, რომ მაყურებელმა თავისუფლების არსი გაითავისოს და მასთან ერთად, ღირსებაზეც იფიქროს.

ვახტანგ ჯუღელი მაყურებელს იმაზეც აფიქრებს, არის თუ არა ეს ყველაფერი ყველაზე მნიშვნელოვანი. ანტიგონე, სრულიად მარტო უნდა დაუპირისპირდეს მთელ სამყაროსა და ბიძა – მეფე კრეონს. ამით ის თაობებისთვის თავგანწირვის მაგალითად უნდა იქცეს. გმირი, მორალური პრინციპებისთვის ბრძოლაში, სიკვდილსაც არ უშინდება.

სპექტაკლში ზესტაფონის თეატრის მსახიობები – ნინიკო აბესაძე, გიორგი გლოველი, გიორგი ჩაჩუა, თემურ კიკნაველიძე, ზურაბ აბესაძე, თემურ ქველიაშვილი, მარეხ აბესაძე, ნანუკა ისიანი, ნინო აბესაძე, კოსტა ფოცხვერაშვილი და ბადრი ტაბატაძე მონაწილეობენ. მათთან ერთად კი, დმანისის თეატრის მსახიობი ნანუკი მაკრახიძე და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი ნანცო ცხვირაშვილი.

სპექტაკლის კოსტიუმებსა და სცენოგრაფიაზე ხატია დავითაშვილმა იმუშავა.
კომპოზიტორი სანდრო ნიკოლაძეა. სპექტაკლს ცოცხალი შესრულებით მუსიკალურად ლუკა პაჭკორია, სანდრო ფოცხიშვილი და სანდრო მოსაშვილი აფორმებენ.
სასცენო მოძრაობა და პლასტიკა კი, შოთა გეგიაძეს ეკუთვნის. დადგმის ტექნიკური რეჟისორი, მარი აბესაძეა.

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ,,ანტიგონეს“ პრემიერის შემდეგ, 1-ლი აპრილიდან, ზესტაფონის თეატრში, ,,თეატრალური კვირეული” გაიმართება. მასში მონაწილეობას კი, დედაქალაქისა და რეგიონული თეატრები მიიღებენ. როგორც ცნობილია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ზესტაფონის თეატრი წლის განმავლობაში, ასეთ ოთხ კვირეულს მასპინძლობს.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი