თბილისში, ორხევის დასახლებაში, 150 ძაღლზე გათვლილი თავშესაფარი აშენდება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სააგენტო შპს CBD Development-თან გააფორმებს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი აშენდება. ძაღლებისთვის ვოლიერები, საოპერაციო, საკარანტინე სივრცეები და სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობები აშენდება. კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი თავშესაფარი მოაწყოს. აღნიშნულ კომპანიას, მიწის ნაკვეთი უსასყიდლო უზუფრუქტით, 15 წლის ვადით გადაეცემა.

მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფრის აშენებასთან დაკავშირებით ინფორმაცია დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს გაავრცელა.

მისი თქმით, ეს სიახლე მუნიციპალიტეტისა და ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობით პრობლემის გადაჭრას ითვალისწინებს.

როგორც ცნობილია, თავშესაფარი ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის II ჩიხში მდებარე 9231 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსდება და მის უზრუნველყოფას, შპს CBD Development-ი, დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში, 1 მლნ 500 ათასი ლარის ინვესტიციით განახორციელებს.

კახა კალაძემ, ასევე, აღნიშნა, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მოსაწესრიგებლად, საკანონმდებლო ბაზაზე მუშაობა მიმდინარეობს. ამ პრობლემის წინაშე კი, მთელი ქვეყანა დგას.

„მიუსაფარი ცხოველების თემა, ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა ქალაქისთვის და, ზოგადად, ქვეყნისთვის. თბილისში ძალიან სერიოზული პრობლემაა ამ მიმართულებით. თბილისში უკვე დიდი ხანია დაწყებული გვაქვს მუშაობა, რომ ეს მიმართულება მოწესრიგდეს. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. სხვანაირად შეუძლებელი იქნება აღნიშნული პრობლემის მოგვარება. პარლამენტში უკვე დაწყებულია აღნიშნული კანონპროექტის განხილვა, მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის შეხვედრა. არის არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა. ყველა დაინტერესებულ პირს აქვს ამ ცვლილებებზე ინფორმაციის მიღების საშუალება”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მერმა, აღნიშნულ საკითხში ჩართულობასთან დაკავშირებით, სრული მზადყოფნა გამოთქვა და განმარტა, რომ მუნიციპალიტეტი მზადაა, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, ყველა ნაბიჯი ამის შესაბამისად გადადგას.

სალომე ხომასურიძე


დედამიწის უხუცესი ხე 9500-ზე მეტი წლისაა – უნიკალური ხეები

მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება რამდენიმე დღით შეიზღუდება

თბილისში XIX-XX საუკუნეების აკლდამები აღმოაჩინეს

თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

მიხეილ მამულაშვილის ცნობილი ბაღი განადგურების ზღვარზეა – უსახურობიდან სილამაზემდე

პოდკასტი