ბორჯომში თოჯინების თეატრის განახლებული შენობა გაიხსნა

ქალაქ ბორჯომში, სსიპ ქ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი გაიხსნა, რომელსაც გარკვეული დროის განმავლობაში, რეაბილიტაცია უტარდებოდა.

ღონისძიების ფარგლებში, ვებგვერდის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების ხუთივე თეატრის (თბილისი, ქუთაისი, ახალციხე, ბორჯომი, გურჯაანი) საინფორმაციო ბაზებს აერთიანებს.

თეატრის გახსნისადმი მიძღვნილ საღამოზე წარმოდგენილი იყო ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლი -„საქართველო“, რომლის ინსცენირება, რეჟისურა და სცენოგრაფია, ნიკოლოზ საბაშვილს ეკუთვნის. მუსიკალური გაფორმების ავტორი კი, თამაზ იმნაძეა.

სპექტაკლი, ხალხური სიმღერებისა და „სულიკოს“ ჰანგის თანხლებით გვიამბობს, თუ როგორ გადიან ვირი და ყვავი შრომისა და ბრძოლის, ნგრევისა და შენების, სიკვდილისა და სიყვარულის გზას. დამპყრობლის ჩექმით გასრესილ „სულიკოს“, ანუ თეთრ პეპელას, ყვავი ღრუბლებში ააფრენს… „ვირი ხეზე ავა“ – საბოლოოდ, მიხვდება, რომ მას ბედნიერებას, თავისუფლებასა და სიყვარულს, მხოლოდ შეუძლებლის შეძლება აზიარებს.

თეატრის გახსნის საზეიმო ცერემონიალს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ მათ აღდგენილი თეატრის შენობა, დეტალურად დაათვალიერეს.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი