“ნაპრალთან ახლოს სიჩუმეა” – ორი განსხვავებული თაობის ხელოვანი ერთ სივრცეში

ნინო საკანდელიძე და ემირ ბურჯანაძე

უკვე რამდენიმე დღეა, “ვაი ნოთ გალერი” გამოფენას, სახელწოდებით – “ნაპრალთან ახლოს სიჩუმეა”, მასპინძლობს. საგამოფენო სივრცე ორი განსხვავებული თაობისა და პრაქტიკის მქონე ხელოვანის, ემირ ბურჯანაძისა და ნინო საკანდელიძის შემოქმედებას დაეთმო.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები სიჩუმეში გაცხადებული დიალოგია, რომელიც ურთიერთმონაცვლე ცნებებს, განსხვავებულ შემოქმედებით მიდგომებსა და ეპოქალურ ნიშნულებს განავრცობს. ერთი ოჯახის ორი სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი ცხოვრებისეულ რეალობაზე გვაფიქრებს, სადაც დროითი დისტანცია შემოქმედებით და კულტურულ მახასიათებლად ვლინდება.

ექსპერიმენტი, როგორც სივრცული გააზრება და ფორმისეული ძიება, ნინო საკანდელიძის სკულპტურულ და ფერწერულ ობიექტებში მკაფიოდაა განვრცობილი. მის მიერ აგებული ახალი ვიზუალური რეალობა ხელოვანის წარსულის სოციალური და ეროვნული გარემოებებითაა შთაგონებული.

ემირ ბურჯანაძის ოჯახში, ნინო საკანდელიძე 1985 წელს მოევლინა. 2001-2005 წლებში იგი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, მონუმენტური მხატვრობის მიმართულებით სწავლობდა. 2007 წელს კი სწავლა ვენის სახვითი ხელოვნების აკადემიაში განაგრძო. მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი, მუშაობდა სხვადასხვა მედიუმებში, მხატვრობის, ქანდაკებისა და მულტიმედიური ხელოვნების განხრით.

ნინო საკანდელიძის შემოქმედება ფორმალური, პოეტური და ხაზოვანი მნიშვნელობისაა, რომელსაც, ხელოვანი, ამავდროულად, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. დაპირისპირების ეს პროცესი კი, ხაზს უსვამს წარმოების წრიულ ტენდენციებს. მის პრაქტიკაში არაფერია გაგრძელებად, დასრულებული ან სრულყოფილი.

რაც შეეხება ემირ ბურჯანაძის შემოქმედებას, ის არქიტექტურულ თუ ქართულ არქეტიპულ კულტურასთან ორნამენტის, შრიფტისა და გრაფიკული გაფორმებების ექსპერიმენტირებაშია გამოვლენილი. ხელოვანის შემოქმედებაში ქართული კულტურული იდენტობის ანალიზი მთავარი საკითხია. სიმბოლისტი და გრაფიკოსი ხელოვანი ორნამენტებს ბავშვობიდან ხატავდა და არასდროს ერიდებოდა ქართულ თემას.

ემირ ბურჯანაძემ, წლების განმავლობაში, არაერთი წიგნი გააფორმა. ქართულ დიზაინში, პირველი ეროვნული საფირმო, სასაქონლო და სარეკლამო ნიშნები, სხვადასხვა ტიპის სიმბოლური ემბლემები სწორედ მისი თაოსნობით შეიქმნა. იყო სატიტულო, სარეკლამო და საპროექტო ქართული მხატვრული შრიფტების ავტორი. შექმნილი აქვს ქართული მონოგრამების სრული ციკლი. მხატვარ- მონუმენტალისტი საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისადმი და ქრისტესშობის 2000 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო 10 ლარიანი მონეტის ავტორია.

ემირ ბურჯანაძე 1970 წლიდან, ასევე, თბილისის სიმბოლიკებზე – გერბზე, დროშაზე, გასაღებზე, თბილისის საპატიო მოქალაქის მედალზე და დიპლომზე მუშაობდა. მის შემოქმედებას უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის პირადი ნიშნები, ორდენი და სხვა მნიშვნელოვანი ნივთებიც ეკუთვნის.

“ასეთი ჯვარი არ მინახავს”, – ასე შეაფასა კათოლიკოს-პატრიარქმა ოსტატის მიერ შესრულებული ჯვარი “ღვთივკურთხეული საქართველო”, როდესაც მან ილია მეორეს საჩუქრად გადასცა.

“უწმინდესის ეს საყვარელი ფრაზა გამუდმებით მესმოდა და მიუხედავად დიდი შრომისა, მაინც მოვახერხე ამ სიტყვების ერთმანეთზე ჯვრისებრად გადაკვეთა”, – იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში ხელოვანი.

მისი განმარტებით, ჯვრის გადაკვეთაზე იკითხება ,,კვართთ საქართველო”. სფეროზე კი დადგმულია ჯვარი, სადაც ანდრია პირველწოდებულის, წმინდა ნინოს ჯვრის ნიშანი და უფლის გამოსახულებაა წარმოდგენილი.

“მხატვრის ხედვაში უნდა დაძველდეს ნამუშევარი. სწორედ დროის გაძლების ნიშნით ყალიბდება პიროვნებაც და თვითონ ნამუშევრის ხარისხობრივი მხარეც. დრომ უნდა განსაზღვროს, რამდენად მხატვრული და გემოვნებიანია ეს. ისტორიას სწორედ ის დიდი ხელოვანები შემორჩნენ, რომელთა შემოქმედებამაც დროს გაუძლო”, – ამბობდა ოსტატი.

ემირ ბურჯანაძე, 2014 წლის 18 სექტემბერს, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“ვაი ნოთ გალერის” საგამოფენო სივრცე ხელოვანთა ნამუშევრებს 28 მაისამდე უმასპინძლებს.

ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი