10-წელიწადში შექმნილი მთელი ეპოქა – სანდრო ახმეტელის დაბადებიდან 137 წელი გავიდა

სანდრო ახმეტელი

“ძლიერ ადამიანს ვნებებიც ძლიერი აქვს. ტკივილიც ძლიერად განიცდება და სიხარულიც. Სანდრო ახმეტელი ხშირად ცდილობდა ტკივილის დაფარვას. სულ მოძრაობდა, ბობოქრობდა, რათა როგორმე გაენელებინა მის სულში გაჩენილი ხანძარი”- ასე იხსენებს სანდრო ახმეტელს ვასილ კიკნაძე თავის წიგნში “ცხოვრება სანდრო ახმეტელისა”.

Მას არ შეეძლო მოსვენებული ცხოვრება. მუდამ ძიებაში, აღმოჩენაში, ახალი იდეების განხორციელებაში იყო. ყველა ვერ უძლებდა მის ენერგიულ შრომას. ამბობდნენ, რომ სანდრო ახმეტელმა პირდაპირ მსხვერპლშესაწირ ტაძრად აქცია თეატრიო.

რეჟისორი, სახალხო არტისტი და ქართული თეატრის ერთ- ერთი ფუძემდებელი სანდრო ახმეტელი 1886 წლის 14 აპრილს, სიღნაღის რაიონში, სოფელ ანაგაში დაიბადა.

რეჟისორი მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული. Მას განსაკუთრებული ხმა და სმენა ჰქონდა. Უკრავდა ყველა ქართულ-ხალხურ საკრავზე.

პირველად პიესა 1910 წელს, ქვემო მაჩხაანში დადგა. შემდეგი პიესის პრემიერა 1919 წელს შედგა. 1923 წელს კოტე მარჯანიშვილმა რუსთაველის თეატრის რეჟისორად მიიწვია. რამდენიმე წლის შემდეგ, სანდრო ახმეტელი რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. რეჟისორმა, თითქმის ათი წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო სპექტაკლი დადგა, რომელმაც საბოლოოდ განსაზღვრა თეატრის სახე და მსოფლიო აღიარებაც მოიპოვა.

სანდრო ახმეტელის შემოქმედებაში გამოიკვეთა თანამედროვე თეატრის ამაღლებული სული და ქართული ხალხური თეატრის იმპროვიზაციული თავისებურებები. რეჟისორის მიერ დადგმული სპექტაკლები ემოციური, ჰარმონიული და დინამიკური იყო. ოსტატურად დადგმულ მასობრივ სცენებში ხშირად იყენებდა ქართულ სიმღერებსა და ცეკვებს. ხელოვანი განსაკუთრებით დიდ როლს ფოლკლორული მოტივების წარმოჩენას ანიჭებდა.

Სანდრო ახმეტელმა წინააღმდეგობებით აღსავსე გზა განვლო, თუმცა არ შეუშინდა არანაირ დაბრკოლებას, რაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაუჯდა. 1936 წელს, რუსთაველის სამხატვრო ხელმძღვანელი სანდრო ახმეტელი და თეატრის თანამშრომლები დააპატიმრეს. საქმეში უამრავი აბსურდული მტკიცებულება იყო. რეჟისორი შვიდი თვის განმავლობაში იყო დაპატიმრებული. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მისი სასტიკი წამება არ შეწყვეტილა.

საარქივო მასალებიდან ვიგებთ რომ ბრალდებული თავს დამნაშავედ არ გრძნობდა, მაგრამ ფიზიკური წნეხის შედეგად მის მიმართ წაყენებული ყველა ბრალდება მაინც აღიარებინეს. ესეც არ აკმარეს. ლავრენტი Ბერიას მითითებით, სასტიკი წამებისგან დაუძლურებული სანდრო ახმეტელი ღია მანქანით რუსთაველზე გაატარეს, რათა ხალხს ენახა, რა ბედი ელოდა “ხალხის მტერსა და მავნებელს”. ბერიას ეს აქტი მიზნად ისახავდა თეატრის წინ საგანგებოდ გამოყვანილი მსახიობების დაშინებასაც. რეჟისორის საქმე არა მარტო მის წინააღმდეგ, არამედ მთელი ქართული ინტელიგენციისა და პოლიტიკური ელიტის გასანადგურებლად გამოიყენეს.

ლავრენტი ბერიას ხელმძღვანელობით, სანდრო ახმეტელისა და რუსთაველის თეატრის მიმართ ჩასაფრება 1928 წლიდან დაიწყო, მაშინ, როდესაც რეჟისორმა ცნობილი სპექტაკლი “ლამარა” დადგა. გასტროლებისთვის ემზადებოდა, მაგრამ რუსთაველის თეატრი უცხოეთში არ გაუშვეს. საბჭოთა ხელისუფლებას მავნებლად მიაჩნდა “ხალხის მტრის” მიერ ნებისმიერი პიესის დადგმა, მით უმეტეს, გასტროლებზე წასვლა.

თავად ახმეტელი ამ პერიოდს ასე იხსენებს:

“თეატრს შემოესია ათასი კომისია. მუშაობის საშუალებას არ გვაძლევდნენ. Ამიტომ, ყოველგვარ წინააღმდეგობას ვუწევდი, ვებრძოდი. დიახ, ზოგჯერ უხეშადაც ვებრძოდი, სხვა გამოსავალი არ მქონდა. Რა ვიცოდი მაშინ, რომ თურმე ადამიანს, ვინც არ ღალატობდა საკუთარი სინდისის ხმას, თავის პროფესიას, იდეალებისადმი რწმენას, ადვილად არაფერს აპატიებდნენ”.

საქმეში იკვეთება ახმეტელისა და ბერიას დაპირისპირების დეტალები. კონსტანტინე გამსახურდიას ჩვენებაში წერია, რომ პირად საუბარში რეჟისორმა ბერიას უცენზურო სიტყვებით მიმართა. ამბობენ, რეჟისორის დაჭერასა და მის ლიკვიდაციაში დიდი როლი მაინც აკაკი ვასაძის ჩვენებამ ითამაშაო.

საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ სანდრო ახმეტელს და თეატრის ოთხ თანამშრომელს სასჯელის უმაღლესი ზომა- დახვრეტა მიუსაჯა. რეჟისორის მეუღლეს, თამარ წულუკიძეს კი, 10 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

ოსტატის სასტიკი წამება 222 დღე გრძელდებოდა. 1937 წლის 29 ივნისს, განაჩენის გამოცხადებამდე 2 დღით ადრე, სანდრო ახმეტელი დახვრიტეს.

1965 წელს, სამხედრო პროკურორმა ცუნაროვმა რეჟისორის და რუსთაველის თეატრის დასზე შემდეგი დასკვნა გამოიტანა:

“ვთვლი, რომ ამ საქმეში გასამართლებული ყველა პირის მიმართ გამოტანილი განაჩენი გაუქმებულად უნდა ჩაითვალოს და საქმე შეწყდეს, მასში დანაშაულის ფაქტების არ არსებობის გამო”.

15 აპრილს, სანდრო ახმეტელის დაბადებიდან 137 წელი გავიდა. ქართველი რეჟისორი, რომელიც თავისუფალი აზროვნებისთვის მუდმივად იდევნებოდა, XX საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ურთულესი და ტრაგიკული დროის მიუხედავად, მან მოახერხა განესაზღვრა ქართული ეროვნული თეატრის სახე.

“ათი წელი რუსთაველის თეატრში, რომელიც ას წელს უდრის”, – ასე აფასებენ რეჟისორის მოღვაწეობას.

“ხშირად მიფიქრია, რა იყო ბოლოს და ბოლოს სანდრო ახმეტელი ქართული თეატრისთვის. ჩემი ღრმა რწმენით, მისი სახელი უკავშირდება რაღაც წმიდათაწმიდას! სამწუხაროა ის, რომ ქართველებს მის მიერ გაკვალულ ბილიკზე ჯერ ფეხი არ შეგვიდგამს. ჩვენ გვშურს იმ კაცის, რომელიც ამ ბილიკს გაივლის და გააგრძელებს მას, რადგანაც, სამწუხაროდ, ამ უდიდესმა ოსტატმა ბოლომდე ვერ მოასწრო მისი გაკვალვა”, – ასე გამოეხმაურა რუსთაველის თეატრის გვერდზე რობერტ სტურუა სანდრო ახმეტელის 137 წლის საიუბილეო თარიღს.

როგორც ცნობილია, რუსთაველის თეატრის მსახიობები და ახალგაზრდა რეჟისორები ემზადებიან ახალი პროექტისთვის – “მეამბოხე სანდრო ახმეტელი”, სადაც მსახიობები რეჟისორის პიესებიდან ამონარიდებს წაიკითხავენ. მათი ვარაუდით, პროექტი აპრილის ბოლოს დაიწყება და 29 ივნისამდე გაგრძელდება.

ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი