“განათლებული და რესპექტაბელური აუდიტორია აღფრთოვანებულია ნუცას გამოსვლით” – ზაზა შენგელია

ნუცა ბუზალაძე

ამერიკულ მეგაპროექტ American Idol-ში ქართველი მომღერლის, ნუცა ბუზალაძის წარმატებული გამოსვლები გრძელდება. ამჯერად მან ცნობილი ჰიტი Paris (Ooh La La) შეასრულა და მაყურებელიც და ჟიურიც აღაფრთოვანა.

ნუცა ამჯერად TOP 24 კონკურსანტს შორის გამოდის. კონკურსის ამ ტურში გადამწყვეტია მომღერლის მხარდამჭერების აქტიურობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ American Idol-ის ოფიციალურ გვერდზე ყველაზე მეტი მოწონება და კომენტარი სწორედ ნუცას გამოსვლას აქვს.

American Idol-ში ნუცა ბუზალაძის გამოსვლას “ბრავო რეკორდსის” პრეზიდენტი ზაზა შენგელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმიანება. მისი შეფასებით, ნუცა მომდევნო ტურში აუცილებლად გადავა, თუმცა ურჩევს, მომდევნო ტურისთვის “სწორი” სიმღერა შეარჩიოს.

“ნუცას გამოსვლის შეფასებები არაერთგვაროვანია. რასაც ვაკვირდები ამერიკული აუდიტორიის პროფილებს, რომლებიც ნუცას გამოსვლაზე კომენტარებს ტოვებენ, უფრო განათლებული და რესპექტაბელური აუდიტორია აღფრთოვანებულია ნუცას გამოსვლით და შესაბამისად პოზიტიური შეფასებები აქვთ, ამერიკის დაბალი კლასი და სოფლად მცხოვრები აუდიტორია უფრო კრიტიკულია მის მიმართ, რაც ასევე აბსოლუტურად ახსნადი და გასაგებია…”, – წერს ზაზა შენგელია.

მისივე ინფორმაციით, მომდევნო ორი ტური ზედიზედ – 19 და 20 აპრილს გაიმართება, რის შემდგომაც კონკურსში მთლიანობაში 12 მონაწილე დარჩება.

“ნუცამ ჰავაის ტურში ნამდვილი ფურორი მოახდინა ! როგორც მოგეხსენებათ, 24 მონაწილე 2 დღის განმავლობაში, 2 ნაკადად გამოდიოდა (12 მონაწილე 16 აპრილს, 12 მონაწილე 17აპრილს). ნუცა თავის დღეს, ანუ 17 აპრილს, მისი გამოსვლის ვიდეოს ნახვებით ამ წუთისათვის პირველ ადგილზეა (300 000 ნახვა) და უნდა ვივარაუდოთ, რომ შესაბამისად ბევრ ხმებსაც დააგროვებს და გადავა მომდევნო ტურში.

წინა დღის კონკურსანტებიდან ყველაზე მეტი ნახვები აქვთ Iam Tongi-ის (1,4 მილიონი ნახვა) და Warren Peay-ის (470 000 ნახვა). ორივენი ბიჭები არიან და აქედან გამომდინარე ბუნებრივია მათი ნახვების ასეთი დიდი რაოდენობა, რადგანაც ამდაგვარ კონკურსებში ხმის მიმცემები უმეტესად ქალბატონთა აუდიტორია გახლავთ.

მადლობა ყველას, ვინც არ დაიზარა და მისცა ხმა ნუცას და კიდევ მარაგში გვაქვს დაახლოებით 3,5 საათი (საქართველოს დროით 14:00-მდე) ხმის მისაცემად”, – წერს ზაზა შენგელია.

შორენა ღავთაძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი