ირაკლი ფარჯიანის გაცოცხლებული სახარებები “ათინათიში” გამოიფინება

“ათინათის“ კულტურის ცენტრი 19 აპრილიდან, ირაკლი ფარჯიანის (1950-1991) შემოქმედებაზე შექმნილ პირველ ვიდეო ინსტალაციას უმასპინძლებს, რომელსაც „სახარებები“ ეწოდება.

აღსანიშნავია, რომ ,,სახარებები“ მხატვრის მიერ გადაწერილი და დასურათებული სახარებების ფაქსიმილე გამოცემაა. ის რთული ტექნიკური მახასიათებლების გამო, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ვერ გამოიცა. გარდა იმისა, რომ შეიცავს ოქროსა და ვერცხლის პიგმენტებს, ნამუშევრები უნიკალურია ფერებითაც, რადგან ირაკლი ფარჯიანის მიერ მიგნებული სპეციალური ტექნიკითაა შესრულებული, რაც საღებავების თავისებური დამუშავებით, ფერების მიღებას გულისხმობს. მხატვარმა მისთვის სასურველი პასტელის ფერების დამზადებით, მხატვრობაში ფარჯიანისეულ ხელწერას ჩაუყარა საფუძველი.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ფარჯიანის ,,სახარებები“ შუა საუკუნეების გავლენებთან ერთად, თანამედროვე კულტურის ნიშნებსაც შეიცავს. მხატვარმა, საბჭოთა საქართველოში სახარების სწორედ ის უნიკალური ვერსია შექმნა, რომლის ანალოგიც, დღემდე არ არსებობს.

გამოფენა 23 აპრილამდე გაგრძელდება. დღეს, ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოები, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მხატვრის შვილთან, სოფო ფარჯიანთან ერთად მოინახულა.

ირაკლი ფარჯიანი (1950-1991) მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. ის 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, ქართული მხატვრობის წინამძღოლია, რომელმაც თაობის პოზიცია, სტილი და მიმართულება განსაზღვრა.

ირაკლი ფარჯიანი 1950 წლის 22 მაისს, მესტიაში დაიბადა. ხატვა მცირე ასაკიდან დაიწყო. სკოლის დასრულების შემდეგ, ცოტა ხნით თბილისში, მოსამზადებელ კურსებზე დადიოდა, რის შემდეგაც, ხელოვნების აკადემიის სამხატვრო ფაკულტეტზე ჩააბარა. მალევე, ოჯახმა მესტიაში საკუთარი სახლი გაყიდა და საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, რასაც ირაკლი მთელი ცხოვრება ნანობდა. თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე, ირაკლი 1968-1974 წლებში სწავლობდა. მისი მხატვრული სტილიც სწორედ აქ ჩამოყალიბდა.

ირაკლი ფარჯიანის სახელს, ქართულ ხელოვნებაში ქრისტიანული ფერწერის გაწყვეტილი ტრადიციის აღდგენა უკავშირდება. მისი საყვარელი ჟანრი მინიატიურა იყო, რელიგიური თემატიკა. მისი ბერლინის ციკლი კი, მასშტაბურობითა და ახალი ფერებით გამოირჩევა.

რაც შეეხება “ათინათიში” წარმოდგენილ ღონისძიებას, დამთვალიერებელს თანამედროვე ტექნოლოგიით გაცოცხლებული ვიდეო ინსტალაციის მეშვეობით, ფარჯიანის სახარებათა ზუსტი ასლის ნახვის საშუალება ექნება.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი