სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამით 218 ახალი საწარმო შეიქმნა

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე, 218 ახალი გადამამუშავებელი საწარმოსა და ინფრასტრუქტურის შექმნა დაფინანსდა. ამის შესახებ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში, ,,მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

“დაფინანსებული საწარმოების სრულად ამოქმედების შედეგად, შეიქმნება 250 მლნ ლარის ღირებულების აგრო სასურსათო პროდუქცია, შემნახველი ინფრასტრუქტურის ტევადობა 130 000 ტონას მიაღწევს. 128 საწარმო უკვე ექსპლუატაციაშია შესული და ამჟამად, იწარმოება 130 მილიონი ლარის პროდუქცია, შემნახველი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს 43 000 ტონა პროდუქციის თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შენახვას“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

მისივე თქმით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ანაზღაურებული ზარალი, 67 მლნ ლარს აღემატება. ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, აგროდაზღვევის პროგრამა უკვე 9 წელია, წარმატებით მიმდინარეობს და მასზე მუშაობა, მუდმივად მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, აღნიშნული სერვისი, ყველა ფერმერისა და აგრობიზნესით დაინტერესებული პირისთვის, თანაბრად არის ხელმისაწვდომი. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, მევენახე ფერმერები, 50 პროცენტის ნაცვლად, 70 %- იანი თანადაფინანსებით ისარგებლებენ.

“ეს ფაქტი, ხელს შეუწყობს პროგრამაში ჩართული სადაზღვევო კომპანიებისათვის მიმზიდველი გახდეს მაღალრისკიან რეგიონებში, ვაზის კულტურების დაზღვევა. ხოლო მევენახე ფერმერებისათვის, ხელმისაწვდომს გახდის მოსავლის დაზღვევას. პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე, 65,000-ზე მეტ ბენეფიციარს დაზღვეული ჰქონდა 140,000 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი, ანაზღაურებული ზარალი 67 მლნ. ლარს აღემატება“, – აღნიშნა მინისტრმა.

ოთარ შამუგიამ, 2022 წელს, ბოსტნეულისა და კარტოფილის შემნახველი 9 სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული საწარმოს მოწყობის დაფინანსების შესახებაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, სახელმწიფო თანადაფინანსება 4 მლნ ლარს აღემატება.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს მიერ ინიციირებულ მიმდინარე ყველა პროგრამაში, სადაც მათ სხვა იურიდიულ პირებთან შედარებით, გააჩნიათ სახელმწიფო თანადაფინანსების დამატებით 10 %-იანი სარგებელი,”- განაცხადა მინისტრმა.

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ სპეციალური კოოპერატიული პროგრამების ფარგლებში, სახელმწიფო თანადაფინანსება, 70-80 %-ით არის განსაზღვრული.