სამოთხის შეხება ხელოვნების მარადიულ საუფლოში- გიორგი სისაურის ექსპოზიცია იტალიაში

მარადიული ხელოვნება მარადიულ ქალაქში… შემდეგი გამოფენა, შემდეგი წიგნი და შემდეგი ქალაქები…

21 აპრილს, ახალგაზრდა ქართველი კალიგრაფისა და მხატვრის, გიორგი სისაურის პერსონალურ ექსპოზიციას ამჯერად ვატიკანი უმასპინძლებს.

ახალგაზრდა ხელოვანი, დანტე ალიგიერის დარბაზში, ბიბლიურ სცენებსა და ქართული კალიგრაფიის თხუთმეტსაუკუნოვან ხვეულებს გააცოცხლებს.

გამოფენა, სახელწოდებით “სამოთხის შეხება” 38 საზედაო ასოსა და 19 რელიგიურ თემაზე შექმნილ გამოსახულებებს აერთიანებს. გიორგი სისაურმა კოლექციაზე მუშაობა 2022 წლის დასაწყისში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრებისას დაიწყო.



“მინდა ჩემი უდიდესი სიხარული გაგიზიაროთ! Ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს საუნჯეს, რომელსაც ქართული ანბანი ჰქვია, კიდევ ერთხელ ვადიადებთ ამ ექსპოზიციით ევროპაში და, მით უფრო, მსოფლიოს ცენტრში, ხელოვნების მექაში- იტალიაში. ვატიკანის წმინდა საყდარი უმასპინძლებს “ანბანთქებას” – მთელი თავისი მშვენიერებითა და მაგიით”, – ასე გამოეხმაურა ხელოვანი სოციალურ ქსელში თავის გამოფენას.

23 აპრილს კი, ახალგაზრდა მხატვრის წიგნის ,,ღვთაებრივი მისტერიის” პრეზენტაცია სანტა ტერეზას ტაძარში გაიმართება. კალიგრაფისტი სტუმრებს თავის ხელნაწერ- ქართული ანბანის ნიმუშებსაც გააცნობს.

გიორგი სისაური ბიბლიურ სცენებს, პორტრეტებს, ფიგურალურ და აბსტრაქტულ კომპოზიციებს 7 წლიდან ხატავს. მისი პირველი პერსონალური გამოფენა 2010 წელს შედგა.

2016 წელს, ხელოვანის ხელნაწერი საჩუქრად რომის პაპს- ფრანცისკე I – ს გადაეცა. ორი კი ბრიტანეთის სამეფო ბიბლიოთეკაშია დაცული.

2017-2018 წლებში იყო უნიკალური ხელნაწერის “ვეფხისტყაოსნის” თანაავტორი, რომლის ყდაც, საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა მოქანდაკემ და იუველირმა, გუჯი ამაშუკელმა მოჭედა. ხელნაწერი, ამჟამად, გაეროს არტკოლექციაში (ნიუ-იორკი) ინახება.

გიორგი სისაურის შემოქმედებით მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლი CHANEL-იც დაინტერესდა. Მან სპეციალურად, CHANEL-ის ექსკლუზიური პარტნიორებისთვის განკუთვნილი მოსაწვევები და ღია ბარათები, ხელით დაამზადა.

გიორგი სისაურმა ქართული კალიგრაფია ნამდვილ ხელოვნებად აქცია. ოსტატი, საკუთარი შემოქმედებით, ადამიანების გაოცებას მუდმივად ახერხებს. მისთვის ქართული დამწერლობა უდიდესი საუნჯეა.

“როცა ვზივარ და ხელნაწერს ვქმნი, ისე ვუდგები ამას, თითქოს ცოცხალი სხეული იყოს. ხელნაწერი ცოცხალია, სუნთქავს, რიტმულ გულის ფეთქვას მიჰყვება. ეს გამოვლინდება გადაბმებში, მთლიან სტრუქტურაში. ხელნაწერში შესატყვისი უნდა იყოს დეკორაცია, კომპოზიციური გაცვლა. Როდესაც დეკორაციებს ვქმნი ხელნაწერისთვის, იქ ყოველთვის დიდ ყურადღებას სიმბოლიკებს ვაქცევ, ეს იქნება ქრისტიანული ხატ სახეები თუ რაიმე სხვა თემატიკა. “- ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში გიორგი სისაური.

საინტერესოა მისი სამწერლობო საქმიანობაც, რომელსაც ხელოვანი 15 წლიდან ეწევა. მისი პირველი წიგნი 2011 წელს გამოიცა. შემდეგ იყო რამდენიმე წიგნი, რომელსაც ფართო აუდიტორიას ეტაპობრივად აცნობდა. დაწერილი აქვს ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური მოთხრობები, ლექსები, პოემები. მისი ერთ-ერთი პოემა “კომედია” ჰაგიოგრაფიულ თემას, თანამედროვე ჰიმნოგრაფიას მიეკუთვნება. ნაშრომი არქაული ქართულით დაწერა. ავტორის თვითმიზანი ძველი ენის წინ წამოწევა და მისი აღორძინება გახლდათ.

3 ათეული წელია, რაც დედამიწას მოევლინა. მიუხედავად მცირე ასაკისა, უამრავი რამ შექმნა. რთულია იმ ყველაფრის გახსენება, რომელიც ხელოვანმა ამ მცირე პერიოდში მოახერხა. გიორგი სისაურის შემოქმედება განსხვავებული და გამორჩეულია. დღეს მას მოიხსენიებენ, როგორც არტისტს, კალიგრაფისტს, მწერალს, მხატვარს, პოეტს, ხელოვნებათმცოდნეს. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ არაერთი აღიარება და წარმატება ელის.

გიორგი სისაური მისი შემოქმედების მოყვარულებს, განსაკუთრებით კი ქართველ ემიგრანტებს , 21 და 23 მარტს, სულმოუთქმელად ელოდება. ხელოვანი შემდეგ ღონისძიებას ქალაქ ბარში გეგმავს.

ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი