თბილისში მიუსაფარ ძაღლებს აღრიცხავენ – რეგიონებიდან ცხოველების მიგრაცია იზრდება

თბილისში მაღალია ცხოველების მიტოვებისა და რეგიონებიდან მათი მიგრაციის ტემპი, რაში მდგომარეობს გამოსავალი?

8 წლის შემდეგ, პირველად, თბილისში, მიუსაფარ ძაღლებს აღრიცხავენ. ბოლო აღრიცხვა 2015 წელს ჩატარდა და მაშინ, 45 ათასი ძაღლი აღირიცხა.

ახალი მონაცემები თბილისის რაიონების მიხედვით დაითვლება, რის საფუძველზეც შემუშავდება როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი გეგმები.

როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განმარტავენ, ძაღლების აღრიცხვის ჩატარება ზაფხულშია დაგეგმილი და მას საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები განახორციელებენ.

“მიუსაფარი ცხოველების სიმრავლე არის სოციალური პრობლემა, რომლის გადაწყვეტაშიც როგორც სახელმწიფოს, ასევე თითოეულ მოქალაქეს თავისი მნიშვნელოვანი როლი და პასუხისმგებლობა აქვს. ეს არის პრობლემა, რომელიც გამოვიწვიეთ ადამიანებმა. მეპატრონეები, რომლებიც ცხოველების მოვლა-პატრონობაზე იღებენ პასუხისმგებლობას, არ ასრულებენ შესაბამის მოვალეობებს და მასობრივად ტოვებენ თავიანთ ცხოველებსა და მათ ლეკვებს/კნუტებს დედაქალაქის ქუჩებში”, – განუცხადეს მედია სააგენტო “24”-ს სააგენტოში.

მათივე თქმით, სახელმწიფოს დამოკიდებულება მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის მიმართულებით არის ევროპული გზის ნაწილი. ეს არის ევროპის ქვეყნებში აპრობირებული, ყველაზე ჰუმანური და ეფექტიანი მეთოდი – სტერილიზაცია/კასტრაცია, რომელიც ცხოველის რეპროდუქციული უნარის შეწყვეტას გულისხმობს. სტერილიზაციის შემდეგ, ცხოველი ვეღარ მრავლდება და უმცირდება აგრესია.

თუმცა, მათივე ინფორმაციით, სააგენტოს მიერ ოპერაციების რაოდენობის მაქსიმალურად ზრდის პარალელურად, მაღალია ცხოველების მიტოვებისა და რეგიონებიდან მათი მიგრაციის ტემპი.

“პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი გზა არის ის, რომ თითოეულმა მეპატრონემ გაიაზროს მასზე დაკისრებული მოვალეობა, გაასტერილოს თავისი ცხოველი და არ შეუწყოს ხელი უკონტროლო გამრავლებას”, – აცხადებენ სააგენტოს წარმომადგენლები.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, ასევე, ეხმაურება სოციალურ ქსელში ბოლო დროს გავრცელებულ სტატუსებს, რომლებიც ეხება საზოგადოებაში მიუსაფარი ცხოველების მიმართ უარყოფითი განწყობა-დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

“სააგენტო თითოეულ მეპატრონეს მოგმართავთ თხოვნით, გაიაზრეთ თქვენი ადამიანური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, დაარეგისტრირეთ, გაასტერილეთ თქვენი ცხოველები და იზრუნეთ მათზე სიცოცხლის ბოლომდე. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, როგორც სახელმწიფო სტრუქტურა, ახორციელებს ქმედით ღონისძიებებს ცხოველების სტერილიზაციის, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, მოვლა-პატრონობის მონიტორინგის, ცოფის ვირუსის პრევენციისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით, რომელიც რამდენიმე წლის პერსპექტივაში თვალსაჩინო შედეგს გამოიღებს”, – ვკითხულობთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სტატუსში.

მათივე თქმით, პრობლემის მოგვარება მხოლოდ კომპლექსურად, სახელმწიფოსა და მოქალაქეების ჩართულობითა და ძალისხმევით არის შესაძლებელი. ერთი მხრივ, მეპატრონეების მიერ ცხოველის რეგისტრაცია და სტერილიზაცია და, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ქვეყნის ყველა რეგიონში მასობრივი სტერილიზაცია არის გზა, რომელიც მიგვიყვანს საბოლოო მიზნამდე, – აღარ არსებობდეს ცნება – მიუსაფარი ცხოველი, ყველა მათგანს ჰყავდეს პატრონი.

შორენა პაპაშვილი


დედამიწის უხუცესი ხე 9500-ზე მეტი წლისაა – უნიკალური ხეები

მიხეილ მამულაშვილის ცნობილი ბაღი განადგურების ზღვარზეა – უსახურობიდან სილამაზემდე

“დიდი ჰესებისთვის საკმარისი წყალი არ გვაქვს!” – თეა გოდოლაძე

“რღვევაა იქ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რღვევა ამ ქვეყანაში” – როდის აღდგება რიკოთზე მოძრაობა, უცნობია

თბილისში, ორხევის დასახლებაში, 150 ძაღლზე გათვლილი თავშესაფარი აშენდება

პოდკასტი