“მიგდებული“ სოფლები ნიადაგის მწვანე ხალიჩებით – გურამ ქუთათელაძის პერსონალური გამოფენა გაიმართება
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, 23 აპრილიდან გურამ (ხიტა) ქუთათელაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენა სახელწოდებით “ლანდშაფტის მაგია“, 18:00 საათზე გაიხსნება და მასთან ერთად, კატალოგის პრეზენტაციაც გაიმართება. ეროვნული მუზეუმის ფონდიდან, მხატვრის ოჯახისა და კერძო კოლექციებიდან, შემოქმედის 35 ფერწერული ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ექსპოზიცია – “გურამ (ხიტა) ქუთათელაძე. ლანდშაფტის მაგია“ – ერთი მხატვრის საგამოფენო პროექტის საშუალებით, XX საუკუნის ქართული კულტურის იმ მოდელს წარმოგვიდგენს, რომელიც სოცრეალიზმის პირობებში, ქართული მხატვრობის პროგრესულ პოზიციასა და საერთაშორისო კულტურასთან ზიარების სურვილს გამოხატავს. სოცრეალიზმის მიერ 1930-იან წლებში ძალისმიერად შეწყვეტილ ავანგარდისა და მოდერნიზმის იდეებს ხიტა ქუთათელაძე, ქართულ მხატვრობაში ისევ აბრუნებს, თუმცა, ახალი ფორმით. მხატვარი, საბჭოთა იდეოლოგიის ჩაკეტილ სისტემას, სრულიად ახალი ტიპის მსოფლმხედველობით ეწინააღმდეგება.
ხიტა ქუთათელაძე დაიბადა ქართველი მხატვრის და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორის (1959–1972) აპოლონ ქუთათელაძის ოჯახში. იგი სწავლობდა მოსკოვის ვ. სურიკოვის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტში ფერწერის ფაკულტეტზე და თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც მისი პედაგოგი იყო დავით კაკაბაძე.
ქართველი ფერმწერის შემოქმედების „ხატი“, თავიდანვე ჩამოყალიბდა: ლანდშაფტური მოდელი, დიდი პეიზაჟური სივრცეები გრანდიოზული მთებით, შემოდგომის მეწამულ-ყვითელი მინდვრებით, აგვისტოს ხვატით გადამწვარ მდელოებზე “მიგდებული“ სოფლებით, ნიადაგის მწვანე ხალიჩებით, ფხვიერი მიწითა და ხეების ოქროსფერი ფარდაგებით, ქალაქის ფრაგმენტებით ხეების ხლართში. მხატვრის ხედვით, ეს სამოთხის მსგავსი სამყარო, მისი სამშობლო, საქართველოა.
შემოქმედი საკუთარი ნამუშევრების სრულყოფილი ვერსიების შესაქმნელად, ყველა მხატვრულ რესურსს, მაქსიმალურად იყენებს. იქნება ეს ფერი, ფორმა, ხაზი, ლაქა, სინათლე თუ განწყობა. თუმცაღა უნდა აღინიშნოს, რომ მხატვრობაში მთავარი მაინც ფერია. ფერი, რომლის საშუალებითაც, მხატვარი გამოსახულებას, მის ფორმას, ენერგიასა და ემოციას ქმნის დამთვალიერებლისთვის. სწორედ ამ ურთულეს ფერწერულ კომბინაციებს ფლობდა ხიტა ქუთათელაძე.
დღესდღეობით, სამყაროში მიმდინარე მოვლენების ფონზე, კერძოდ, იმისა და არეულობის ეტაპზე, მხატვრის მიერ შექმნილი ნამუშევრების ხილვა, ერთგვარი შვება იქნება ხიტა ქუთათელაძის გამოფენის დამთვალიერებელთათვის.
ღონისძიება 23 აპრილიდან 15 ივნისამდე გაგრძელდება. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროა. ორგანიზატორები კი, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა და ბაია გალერეა არიან. გამოფენის კურატორი ბაია წიქორიძეა.
სალომე ხომასურიძე