მიხეილ მამულაშვილის ცნობილი ბაღი განადგურების ზღვარზეა – უსახურობიდან სილამაზემდე
მთელი ცხოვრება ყვავილებზე ზრუნვას მოანდომა. პატარა ყვავილები უყვარდა, განსაკუთრებით ია. ამბობდა, რომ ის სულთან და გულთან ახლოს არის, ვიდრე ტლანქი ყვავილებიო. ლადო გუდიაშვილს უთქვამს, უსახურობიდან სილამაზეს ქმნისო.
ალბათ, ყველას გახსოვთ მცხეთის შუაგულში, სილამაზით განთქმული მამულაშვილის ბაღი, რომელიც დიდმა მებაღემ, მიხეილ მამულაშვილმა წალკოტად აქცია. მისი საქმიანობა ქართული სულის გამოძახილი იყო. Მან შექმნა არა მარტო ვიზუალური სილამაზე, არამედ საკუთარი მიმდინარეობა-ყვავილისა და ქვის თანაარსებობა და კომპოზიციური სილამაზე. 1500 სახეობის ყვავილი ჰქონდა. ყველგან, სადაც მიდიოდა, მცენარეებს აგროვებდა.
მებაღე-დეკორატორი და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, მიხეილ მამულაშვილი, 1873 წლის 14 სექტემბერს, ქალაქ მცხეთაში დაიბადა. 7 წლის იყო, როცა ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარული გაუჩნდა. მუდმივად ფიქრობდა მათ მოვლა- პატრონობაზე. ხშირად ღამეც კი არ ეძინა. შუაღამეს ბევრჯერ ამდგარა და მცენარეებისთვის მოუვლია. პატარაობიდანვე იცოდა, რომ ამ გზას სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვებოდა. წინააღმდეგობა დიდი იყო, მაგრამ მაინც თავის აზრზე დარჩა, არ შეუშინდა დაბრკოლებებს.
დაახლოებით 20 წლის ასაკში, თამამშევის ქარვასლაში მაღაზია გახსნა. მცხეთის ბაღში მოყვანილი ყვავილებისგან დამზადებულ გვირგვინებს, კალათებს და გირლანდებს სთავაზობდა მაშინდელ თბილისელებს. ძალიან მალე გაითქვა სახელი და მისი ნაშრომით აღტაცებული და მადლიერი ადამიანების რიგი არ წყდებოდა სახელოსნოსთან.
ყვავილების მოჭრა არ უყვარდა. ამბობდა, სიცოცხლეს უსპობსო, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, ამით ცხოვრობდა. ხშირად ახლობელს აჭრევინებდა. ეგონა ამით თავის “ბოროტებას” გამოისყიდდა. როცა შეკვეთას იღებდა, მთელი ღამე არ ეძინა. ყოველთვის ცდილობდა, რომ დამკვეთის მოსაწონი თაიგული გაეკეთებინა.
“საქმე აძლევს ადამიანს ღირსებას, თუ კარგად გააკეთებ და თუ გლახად გააკეთებ, შერცხვები. Ასე რომ, შენ შენი მოსაზრება, მთელი შენი ძარღვები სწორედ იმ საქმეს უნდა მოანდომო. Მე მუდამ ამაზე ვფიქრობ და ვდარდობ, რომ ვაითუ ვერ გავაკეთო რიგიანად. “- ამბობდა მიხეილ მამულაშვილი.
მის მიერ დამზადებული მისალოცი ბარათები, რომლებსაც ახლობლებს დღესასწაულებზე უგზავნიდა, ერთმანეთზე საუკეთესო იყო. დღემდე დიდ ემოციას აღძრავს მისი ხელით გამშრალი ყვავილებით დამზადებული ბარათები. მიხეილ მამულაშვილი ბევრთან მეგობრობდა. მას ხშირად სტუმრობდნენ ლადო გუდიაშვილი, გიორგი ლეონიძე, კონსტანტინე გამსახურდია, იოსებ გრიშაშვილი, იაკობ ნიკოლაძე და სხვანი. განსაკუთრებული იყო ილია ჭავჭავაძესთან ურთიერთობა. სწორედ მას ეკუთვნის ილიას ბაღის გალამაზება. პოეტს თავად უთხოვია დახმარება. მერე, მისი მკვლელობის ადგილი ვარდებით და იებით დაუფარავს.
ამბობდა, – სანამ პირში სული მიდგას, ამ დიდებული ადამიანის საფლავს და სახლ – კარს ჩემი მზრუნველობა და ხელი არასდროს არ მოაკლდებაო, – შეასრულა კიდევაც. თითქმის 20 წელი, ყოველ გაზაფხულზე, საგურამოში ბაღის მოსავლელად დადიოდა.
ამბობდნენ, – დიდი მამულიშვილი იყო, თავისი საკეთებელი ილიას დონეზე აკეთაო. მწერლის ნაჩუქარ ქვევრის სარქველ ქვასაც კი დიდი რუდუნებით უფრთხილდებოდა.
თურმე, მიხეილ მამულაშვილი ყოველ ილიაობაზე გარეთ გამოიტანდა, მასზე დოქით ღვინოს და ფიალებს შემოდგამდა და ყველა სტუმარს ილიას მოსაგონარ სადღეგრძელოს ასმევდა.
ზუსტად 100 წელი იცხოვრა და ასაკის მიუხედავად, ბოლომდე შრომობდა. გაკულაკების პერიოდში, მიწები ჩამოურთმევიათ, მაგრამ ბაღის შენარჩუნება მაინც მოახერხა. სოციალიზმის პერიოდში აკეთებდა და ავითარებდა თავის საყვარელ საქმეს. დიდია მიხეილ მამულაშვილის ღვაწლი მრავალი ველური ყვავილის გაკულტურებაში. მას სახელი ორიგინალური სტილის მხატვრულმა კომპოზიციებმა გაუთქვა. სისტემატურად მონაწილეობდა ყვავილების რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებში.
მამულაშვილის ბაღში, რომელსაც საფუძველი 1893 წელს ჩაეყარა, დაცულია მისი მხატვრული კომპოზიციები და კაბინეტ- მუზეუმი. თუმცა, ამ სამოთხიდან დღეს ძველი დიდების მხოლოდ ნაშთია შემორჩენილი. მებაღის გარდაცვალების შემდეგ, იქაურობამ თანდათან ხიბლი დაკარგა და თითქმის ყველაფერი განადგურდა. გულდაწყვეტით იმასაც ამბობენ, რომ მამულაშვილის ბაღი აღარ არსებობს.
ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის შთამომავლობა მცხეთაში, მამაპაპისეულ სახლში ცხოვრობს. ბაღი კერძო საკუთრებაშია, მაგრამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის გამო, საცხოვრებელს რესტავრაციას ვერ უტარებენ. როგორც ჩანს, ვერც იმ დიდებული ადამიანივით ახერხებენ ბაღის მოვლას, რომელმაც არაფრისგან წალკოტი შექმნა. როგორც მისი შთამომავლები ამბობენ, სახლი ავარიულია, აივანი დეფორმირებული, იატაკი, ჭერი და ოთახები კი რემონტს საჭიროებს. სარდაფებშიც წყალი ჩადის. Რაც შეეხება მებაღის მიერ გამრავლებულ სუკულენტებს, ამისთვის სათბური აუცილებელია, მაგრამ ოჯახს მცენარეების მოსავლელად არანაირი პირობები აღარ გააჩნია.
“ამჟამად, მიხეილ მამულაშვილის ჩანაწერები, ძვირფასი წიგნები, დოკუმენტები, წერილები, სიგელები, მედლები და ხელნაკეთი ბარათები – თითქმის ყველაფერი ჩალაგებული გვაქვს ყუთებში. ვინახავთ მის ნაქონ ტახტს, გვაქვს კოტე აფხაზის ოჯახის ნაჩუქარი კარადა და ორი დიდებული ვაზა, სხვა მემორიალური ნივთებიც არის. ჩვენი დიდი სურვილია, სახლში მუზეუმი გავაკეთოთ, რომ ნივთები სათანადოდ და ლამაზად განვათავსოთ. ეს არის ჩემი ოცნება”, – ამბობს მიხეილ მამულაშვილის შვილთაშვილი ერთ- ერთ ინტერვიუში.
მიხეილ მამულაშვილი 1973 წლის 6 იანვარს გარდაიცვალა. დიდი მებაღე, რომელსაც “ყვავილების პუჩინის” ეძახდნენ, ბაღის ეზოშია დაკრძალული.
ლიკა მაჩხანელი