“იყო არა იყო რა” – კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის საავტორო კონცერტი გაიმართება

8 მაისს, თბილისის საკონცერტო დარბაზი კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის საავტორო კონცერტს – “იყო არა იყო რა”, უმასპინძლებს.

საღამოზე ჰიტად ქცეულ სიმღერებთან ერთად ოცი, ჯერ კიდევ უცნობი, სიმღერა შესრულდება.
პროექტი ერთგვარი ანგარიში იქნება მსმენელის წინაშე. სცენაზე ერთმანეთს ესტრადის 130 – მდე მომღერალი და ოპერის ცნობილი სოლისტები შეცვლიან, რომლებიც ქართველი მსმენელისთვის საყვარელ, კომპოზიტორის არაერთ სიმღერას შეასრულებენ.

კონცერტის პირველი ნაწილი თეატრალიზებულ წარმოდგენას დაეთმობა, მეორე ნაწილში კი თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი მუსიკოს ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით წარდგება. პირველი განყოფილების კონცერტმაისტერი ლევან ჩხაიძე იქნება. საღამოს კი ნიკოლოზ წულუკიძე წარუძღვება.

კვალიაშვილის საავტორო კონცერტისთვის უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს მზადება. თარიღი, სპეციალურად, მარიკა კვალიაშვილის საიუბილეო დღეს დაამთხვიეს. კომპოზიტორი, 7 მაისს, 86 წლის გახდება.

ქართული სიმღერების სულის ჩამდგმელს, ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის უამრავი პრემია და საპატიო წოდება აქვს მინიჭებული. Მათ შორისაა 1995 წელს- ღირსების ორდენი, 2005 წელს- საესტრადო სიმღერებისთვის წლის საუკეთესო კომპოზიტორის, 2009 წელს კი თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 2010 წელს მარიკა კვალიაშვილს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.

სიმღერა, გენეტიკურად თუ ყოველდღიური ყოფით, კომპოზიტორის განუყოფელი ნაწილია. როგორც თავად ამბობს, წილად ხვდა ბედნიერება, რომ ბედნიერ ოჯახში დაიბადა და სიმღერა მისი ცხოვრების მეგზური გახდა.

Მათ ოჯახში ყველა მღეროდა. ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი, მარო თარხნიშვილი, კომპოზიტორის ბებია გახლდათ.

“7 თვიდან, დედას და ბებიას გასტროლებზე დავყავდი. კულისებში გავიზარდე, სიმღერების ფონზე მეძინა. მომღერლები სანამ სცენაზე გავიდოდნენ, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ – მარწევდნენ, მაძინებდნენ. Რომ წამოვიზარდე და აღქმა შევძელი, თურმე მცოდნია სიმღერები. კულისებში რომ არ დამძინებოდა, ხან ერთ სიმღერას ვმღეროდი, ხან მეორეს და ამან განაპირობა, ბებიას რეპერტუარიდან, ხუთასამდე სიმღერა ზეპირად რომ ვიცოდი”, – იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში მარიკა კვალიაშვილი.

კომპოზიტორის ოჯახში მაღალი საზოგადოების შეკრებას ყოველდღიური სახე ჰქონდა. სტუმრობდნენ კომპოზიტორები, მწერლები, მომღერლები. იმართებოდა პაექრობა სიმღერასა და ლექსის წაკითხვაში. მიუხედავად ამისა, ყოველთვის უბრალოებითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა. სიყვარულშიც ასეთი აღმოჩნდა. მეუღლის ხელმოკლეობასაც კი არ შეუშინდა, მასზე უარი არ თქვა. პირიქით, სიყვარულს სიყვარულით უპასუხა. კონსერვატორიაში სწავლისას გათხოვდა და ორი ვაჟი შეეძინა. როგორც თავად ამბობს, – ლამაზი სიყვარულის ისტორია იყოო, ტკბილად ვიცხოვრეთ და ერთმანეთი ყოველთვის გვიხაროდაო.

“მთავარია, რომ ის სიყვარული, რომელიც ოჯახის შექმნას ეყრება საფუძვლად, შეინარჩუნო და ფერი არ დააკარგვინო”, – ამბობს კომპოზიტორი.

ძალიან ბედნიერი იყო, მაგრამ ცხოვრებამ დიდი ტკივილიც მიაყენა. ჯერ 21 წლის შვილი გარდაეცვალა, შემდეგ კი შვილიშვილი. მაინც არ გატყდა, დღემდე ღირსეულად განაგრძობს გზას, თუმცა აუტანელი ტკივილი მუდამ თან სდევს. ამბობს, – ჩემმა შემოქმედებამ გადაარჩინაო, – ასეც არის, საქმის და ადამიანების სიყვარულით ცხოვრობს. ამბობს კიდევაც: ,,რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებიაო”.

“თუ ასე ვიცხოვრებთ, ბედნიერები ვიქნებით. ჭრილობას თუ მოვარჩენთ, გვეყვარება ერთმანეთი და თუ ერთად მივხედავთ საქმეს, ძალიან კარგი იქნება. შევუწყოთ ერთმანეთს ხელი და ყველაფერი კარგად იქნება”, – ამბობს მარიკა კვალიაშვილი.

კომპოზიტორის სწორედ ამ დიდი სიყვარულის გამოვლინებაა საავტორო კონცერტიც – “იყო არა იყო რა”. მაყურებელს წინ უჩვეულო სიურპრიზი ელის, როგორც სანახაობით, ასევე შემსრულებელთა სახით. მარიკა კვალიაშვილი ქართული სიმღერისა და მისი შემოქმედების მოყვარულებს, 8 მაისს, თბილისის საკონცერტო დარბაზში ელის.

ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი