დავხატოთ ღია ცის ქვეშ! – უპრეცედენტო პროექტი Workshop & wine

workshop & wine-ის პირველი ეტაპი 6-7 მაისს არის დაგეგმილი.

Საქართველოს და ქართველ ემიგრანტ მხატვართა შემოქმედებითი კავშირი ახალ, უპრეცედენტო პროექტს – workshop & wine-ს იწყებს. პირველი შეხვედრა სასტუმრო ART HOME- ში 6 მაისს გაიმართება და მას მხატვარი იმპრესიონისტი, საქართველოს და ქართველ ემიგრანტ მხატვართა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე ხათუნა გოგებაშვილი უმასპინძლებს.

პროექტის ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება დახატოს ღია ცის ქვეშ, გემოვნებიანი კლასიკური მუსიკისა და ქართული ტრადიციული შავი ღვინის თანხლებით. “ვორქშოპზე” მისულ სტუმარს ხატვისთვის საჭირო ყველა ინვენტარი დახვდება. Მათ მიერ შექმნილი ნამუშევრები კი სამახსოვროდ დარჩებათ. პროექტის შესახებ, უფრო დაწვრილებით, ხელოვანი თავად მოგვიყვება.

– ახალი პროექტი – workshop & wine, რას სთავაზობს სტუმარს?

– საკუთარი ნამუშევრების სამახსოვროდ დატოვება, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა, ერთმანეთთან ურთიერთობა, აზრთა გაცვლა – ეს ყველაფერი ჩვენი პროექტის საინტერესო ნაწილს წარმოადგენს. ჩვენთან მოსული თითოეული სტუმარი უკმაყოფილო ნამდვილად არ დარჩება. Workshop & wine ჩატარდება, როგორც ღია ცის ქვეშ, ასევე Art Home-ის შიდა სივრცეში. ზოგადად, მსგავსი ტიპის საღამოები მნიშვნელოვანია, როგორც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ასევე მხატვრობაში ცოდნის გასაღრმავებლად.

– workshop & wine რით იქნება სხვა პროექტებისგან გამორჩეული?

– მისი საშუალებით, სტუმარი მხატვრობაზე, მის ტექნიკასა და აგების კონცეფციაზე იმ ინფორმაციას მიიღებს, რასაც აკადემიაშიც კი არ ასწავლიან. ეს კონცეფცია მე პირადად, თავის დროზე, დიდი მხატვრებისგან ვისწავლე. 3 წლის ასაკიდან ვხატავ, წარჩინებით დავამთავრე აკადემიაც და ასპირანტურაც, ინტენსიურად ვემზადებოდი, მაგრამ აგების კონცეფცია ასპირანტურის შემდეგ შევისწავლე და შევისისხლხორცე. უკვე მეოცე წელია მოსწავლეებსაც ასე ვასწავლი ჩემს სტუდიაში. Ამას სხვაგან ვერ გაიგებთ, ვერ შეისწავლით. ასე რომ, ვინც მობრძანდება workshop & wine-ის საინტერესო შეხვედრებზე, მისთვის თავს ნამდვილად არ დავზოგავ, მაქსიმალურად შევეცდები ავუხსნა, შევასწავლო. რაც მთავარია, თან გავერთობით, სასიამოვნოს სასარგებლოს შევუთავსებთ და შევიქმნით დაუვიწყარ განწყობას.

– თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის “ვორქშოპები”, თუნდაც ურთიერთობების გამყარებისთვის, რომელმაც დღეს, თითქოსდა, ფასი დაკარგა?

– სამწუხაროდ, როგორც ხელოვანი ადამიანები, ასევე ხელოვნების მოყვარულნი ერთმანეთთან ნაკლებად ურთიერთობენ. ხშირ შემთხვევაში, ისინი გამოფენებზე მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლებიან. ჩემი აზრით, ასეთი შეხვედრები ნამდვილად მნიშვნელოვანია, თუნდაც ურთიერთობისთვის, განტვირთვისთვის, ტექნიკური ცოდნის გაღრმავებისთვის, სხვა დანარჩენზე რომ აღარ ვისაუბროთ.

– თავად თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ურთიერთობები?

– ზოგადად, ჩემი აქტიურობიდან გამომდინარე, ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და მსგავსი ტიპის შეხვედრები. ხელოვნება ხომ თავისუფლებაში ვარჯიშია?! სიტყვებით რთულია გადმოგცეთ, რამდენად აუცილებელია ადამიანების ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური მდგომარეობისთვის მსგავსი პროექტები.

– პროექტი Საქართველოს და ქართველ ემიგრანტ მხატვართა შემოქმედებით კავშირს ეკუთვნის, რომელიც რამდენიმე წლის წინ დააფუძნეთ. გვიამბეთ ამ კავშირის შესახებ.

– საქართველოს და ქართველ ემიგრანტ მხატვართა შემოქმედებითი კავშირი მეშვიდე წელია ფუნქციონირებს. Ამ პერიოდში, ჩვენ დავდეთ მემორანდუმი გერმანიის, ირლანდიისა და იტალიის სხვადასხვა ქალაქებთან. გვქონდა რამდენიმე გამოფენა. ამჟამად, ჩემი სახსრებით, ვაკეთებ მხატვრის სახლს, სადაც აუცილებლად განხორციელდება პლენერ-ფესტივალები და გამოფენები, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. ინტენსიური სახით ჩატარდება “ვორქშოპები” workshop & wine. არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია პერსპექტიულია და მრავლის მომტანი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ხელოვნება უყვართ.

– საქართველოს და ქართველ ემიგრანტ მხატვართა შემოქმედებითი კავშირის ორგანიზებით მომავალში კიდევ რა სიახლეს უნდა ველოდოთ?

– ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული ხელოვნების პოპულარიზაცია ბევრ ქვეყანაში მოხდეს. ჩვენ მიერ განხორციელებული გამოფენები თითქმის ყველა ტურისტულ რუკაზე იქნება, რათა ნამუშევრები იყოს ცნობადი და გაყიდვადი.

ასეთია მხატვარ ხათუნა გოგებაშვილის სამომავლო გეგმები. Რაც შეეხება ახალ პროექტ workshop & wine-ს, პირველი ეტაპი 6-7 მაისს არის დაგეგმილი. ასე რომ, თუ მზად ხართ ახალი ურთიერთობებისთვის, ახალი შეგრძნებებისთვის, ახალი ემოციებისთვის, თუ გსურთ, მეტი გაიგოთ მხატვრობის შესახებ, დაეუფლოთ ტექნიკას, რომელსაც სხვაგან ვერ ისწავლით, მაშინ ეს პროექტი თქვენთვის არის! მობრძანდით, დავხატოთ ღია ცის ქვეშ მეგობრებთან ან ახალგაცნობილ ადამიანებთან ერთად და გავატაროთ ერთი დაუვიწყარი დღე. მხატვარი ხათუნა გოგებაშვილი ART HOME- ში სიამოვნებით გიმასპინძლებთ. უფრო მეტ ინფორმაციას, Საქართველოს და ქართველ ემიგრანტ მხატვართა შემოქმედებითი კავშირის ფეისბუკ გვერდზე, პროექტის ხელმძღვანელები მოგაწვდიან.

ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი