ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წელზე მეტი გავიდა
თვითნასწავლის მხატვრის დაბადების თარიღი დღემდე გარკვევის პროცესშია. ოსტატი 1862 ან 1863 წელს დაბადებულა. იგი კახეთში, სოფელ მირზაანში, გლეხის ოჯახში დაიბადა. ნამდვილი გვარი ფიროსმანაშვილი იყო. Ნიკალა 8 წლის ასაკში დაობლებულა, რის შემდეგაც მხატვარი, თბილისში, მდიდარ ოჯახს მსახურად მიაბარეს. Პატარა მსახურს კარგად ექცეოდნენ, თუმცა, მოგვიანებით, გარკვეული მიზეზების გამო, ნიკალას ოჯახის დატოვება მოუწია.
1880 წელს ფერწერის სახელოსნო გახსნა და მაღაზიებისა და დუქნებისთვის აბრებს ხატავდა. შემოსავალი იმდენად ცოტა იყო, რომ მხატვარს საარსებოდაც არ ჰყოფნიდა.
1890-1894 წლებში, მას, ამიერკავკასიის რკინიგზაზე, კონდუქტორადაც უმუშავია, მაგრამ, შემდეგ, ავადმყოფობის გამო გამოუშვიათ.
უსახლკარო გენიოსი თბილისელ მედუქნეებთან და მიკიტნებთან აფარებდა თავს და მათი შეკვეთით აბრებს ხატავდა, ქმნიდა პორტრეტებს და ულამაზეს ნახატებსაც, მაგრამ, მათ უმეტესობას, ან სჩუქნიდა, ან პურისა და ჭიქა ღვინის ფასად ყიდდა. ბევრს შრომობდა, მაგრამ გაჭირვებას ვერასდროს დააღწია თავი. უკიდურესი სიღარიბის მიუხედავად, ნიკალა ძალიან ამაყი და დამოუკიდებელი ადამიანი იყო. Ამ თვისებებისთვის მას ,,გრაფსაც” კი ეძახდნენ. ისეთივე მართალი, უშუალო, სადა და მკაფიო ხასიათის, იყო, როგორც მისი ტილოები. საკმაოდ განათლებული ადამიანი გახლდათ, რაც მის ნამუშევრებშიც მკაფიოდ აისახება.
ნიკალას მემკვიდრეობის გაცნობისას ნათელი ხდება მხატვრის ინტერესთა მრავალფეროვნება, ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობა და შეგნებული თანმიმდევრობა. მის მხატვრობაში დიდი ადგილი უჭირავს სუფრის სცენებს, რომლებიც თბილისელი ვაჭრების, ხელოსნების, ზოგჯერ კი თავადების ჯგუფურ პორტრეტებს წარმოადგენს. აინტერესებდა ცხოველები, სოფლის ბუნება და ცხოვრება. ხშირად ხატავდა ხელოსნებს, მედუქნეებს, კინტოებს და მოცეკვავეებს. უფრო იშვიათად კი ქალაქურ პეიზაჟებს. განსაკუთრებით ლამაზი და პოეტური მის მიერ დახატული ღამის სცენებია. ასევე იზიდავდა ისტორიული თემები და პერსონაჟები. ნიკალას ნახატებში გმირების ხასიათი და განწყობა მკაფიოდაა გამოკვეთილი.
ცხოვრებაში ერთადერთი ქალი უყვარდა – ფრანგი მსახიობი, მომღერალი და მოცეკვავე მარგარიტა დე სევრი. ნიკალამ ცნობილი პორტრეტი “აქტრისა მარგარიტა” სწორედ თავის ერთადერთ სიყვარულს- მარგარიტას მიუძღვნა. როგორც ცნობილია, ერთმანეთს 1 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ, თუმცა, ღარიბი ნიკალას ეს სიყვარული თავიდანვე განწირული და უიღბლო იყო. როგორც იხსენებენ, თბილისში, ერთ დილას, იმ სასტუმროს წინ, სადაც მსახიობი ცხოვრობდა, წითელი ვარდებით სავსე ურმების გრძელი ქარავანი გამოჩნდა, უკან კი ნიკალა მიუყვებოდაო. თურმე, თავისი პატარა დუქანი გაეყიდა და იმ ფულით ქალაქში გასაყიდად გამოტანილი ყველა ყვავილი ეყიდა. როცა მარგარიტა მიხვდა, რომ მხატვარს უკანასკნელი გროშიც აღარ დარჩა, მის მიმართ ინტერესი დაკარგა. ერთ დღეს, საყვარელ ქალთან მისულ ნიკალას გამოსამშვიდობებელი ბარათი დახვდა. მსახიობი პარიზში დაბრუნდა, ნიკალას კი ტილოზე გადატანილი სიყვარული – “აქტრისა მარგარიტა” დარჩა.
ეს განშორება საბედისწერო აღმოჩნდა მხატვრისთვის. თავის ტკივილსა და მარტოობას ხატვით უმკლავდებოდა. უბინაოდ დარჩენილი ნიკალა ერთ- ერთმა მეეზოვემ შეიფარა. კიბის ქვეშ, ძველი ნივთების შესანახად გაკეთებული სათავსო გახდა მისი ბინა. როგორც ლადო გუდიაშვილი შემდეგ იხსენებდა, 1916 წელს, ფიროსმანს, ამ მიწურში, ბევრი ძებნის შემდეგ, ესტუმრა. თურმე, ნახევრად ბნელ სარდაფში, ნავთის ნამწვავს აგროვებდა და სახატავ მასალად იყენებდა. ტანსაცმელიც ნამწვავით გაშავებული სცმია. გუდიაშვილს ნიკალასთვის სტუმრობის მიზეზი უთქვამს- მხატვართა კავშირის შეკრებაზე ეძახდნენ. ოსტატს ტანსაცმელზე დაუხედავს და უარი უთქვამს, თან დაუყოლებია, ჩემი თავი უკანასკნელ კაცად მიმაჩნიაო.
ნიკო ფიროსმანი უდიდესი მოვლენაა ქართულ მხატვრობაში. მისმა გენიალურმა ქმნილებებმა დიდი აღიარება პოვა, არა მარტო სამშობლოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. სამწუხაროდ, იგი ამ აღიარებას, არაერთი დიდი ხელოვანის მსგავსად, თავის სიცოცხლეში ვერ მოესწრო. ნიკალას ცხოვრება იყო ხეტიალი საკუთარი პიროვნებისა და მოწოდების აღმოსაჩენად. ნიჭიერებით უხვად დაჯილდოებულმა თვითნასწავლმა გენიოსმა, რომელმაც თავისი მხატვრული ტილოების სახით შეუფასებელი სიმდიდრე შექმნა, უკიდურეს, სიდუხჭირეში, მარტოსულმა დალია სული. სამწუხაროდ, მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი და თარიღი უცნობია. ასევე, არავინ იცის ვინ და სად დაკრძალა მხატვარი.
ლადო გუდიაშვილი იხსენებდა, რომ დიდ მხატვარს ერთი სურვილი ჰქონდა. იგი უზარმაზარ სახლზე ოცნებობდა, სადაც უამრავ ხალხს დაპატიჟებდა და ფინჯან ჩაისთან ხელოვნებაზე და საკუთარ ცხოვრებაზე ილაპარაკებდნენ.
გენიოსი მხატვრის ცხოვრების შესახებ ინფორმაცია, ძირითადად, მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ მოიძებნა.
ფიროსმანი პირველად ფრანგმა მხატვარმა, საქართველოში მოგზაურობისას აღმოაჩინა. ნიკალას ნახატები შემთხვევით უნახავს. მოგვიანებით, ოსტატის ნიჭით, ძმები ილია და კირილ ზდანევიჩებიც დაინტერესებულან და მისი ბიოგრაფიისა და შემოქმედების შესწავლა დაუწყიათ. მისი ნახატების შეგროვება ქართველმა მხატვრებმა- დიმიტრი შევარდნაძემ, დავით კაკაბაძემ და ლადო გუდიაშვილმა ითავა. მწერალმა და პოეტმა გიორგი ლეონიძემ კი მისი ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი ცნობები მოიძია. ფიროსმანის ცხოვრების, პიროვნულ თვისებებსა და შემოქმედებაზე საინტერესო მოგონებების დიდი ნაწილი ლადო გუდიაშვილს ეკუთვნის.
ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები პირველად, 1918 წელს, თბილისში, ქართველ მხატვართა პირველ დიდ გამოფენაზე გამოიფინა. გავიდა დრო და ნიკო ფიროსმანის მხატვრობა კოლორიტულ მოვლენად იქცა. ნიკალა გახდა ნიკალა და აიტაცა მთელმა მსოფლიომ.
1969 წლის მარტში, ფიროსმანის ტილოებს “პარიზის დეკორატიული მუზეუმის დარბაზებმა” უმასპინძლა. მოულოდნელად, დარბაზში ოთხმოციოდე წლის ქალბატონი შესულა, რომელსაც უცნაური, მღელვარე ღიმილი დასთამაშებდა. მან კომისარს “აქტრისა მარგარიტასთან” ახლოს ფოტოს გადაღება სთხოვა. ტილოების სანახავად მოსული ქალბატონი მარგარიტა დე სევრი გახლდათ, ნიკალას მარადიული სიყვარული, რომელმაც, წლების წინ, უარი თქვა გენიოს, მაგრამ უკიდურესად ღარიბ მხატვარზე.
დღეისათვის, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მისი 146 ნამუშევარია დაცული. 16 ტილო კი სიღნაღის მუზეუმშია გამოფენილი. ნიკო ფიროსმანის გამოფენა არაერთხელ მოეწყო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
ქიზიყში, მხატვრის მშობლიურ სახლში, ნიკალას სახელობის სახლ-მუზეუმია განთავსებული. სოფელ მირზაანში, ყოველწლიურად, ოქტომბერში, ნიკო ფიროსმანისადმი მიძღვნილი ფოლკლორული ზეიმი ტარდება, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ხალხური ანსამბლები მონაწილეობენ.
ლიკა მაჩხანელი