ნეტავი იქ, თეატრი არის?! – კახი კავსაძის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა

ბელა მირიანაშვილი და კახი კავსაძე

ქართული კინოსა და თეატრის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი, ცნობილი მსახიობი კახი კავსაძე 2 წლის წინ, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა, შეუერთდა “ზეციურ თეატრს”. წავიდა ეპოქის ადამიანი, მაგრამ დაგვიტოვა ასობით დასამახსოვრებელი როლი, როგორც თეატრის სცენაზე, ასევე კინოში. გამორჩეული ქარიზმა ჰქონდა. სიყვარულში, მეგობრობაში, ადამიანობაში- განსხვავებული და განსაკუთრებული იყო.

ძნელად თუ მოიძებნება მსახიობი, რომელმაც მის მსგავსად, ამდენი დაუვიწყარი როლი შექმნა. მისი კინობიოგრაფია 108 ფილმს ითვლის, სადაც მსახიობმა 76 პერსონაჟი განასახიერა. დაუვიწყარი იყო მისი როლები ქართულ თეატრშიც. მუსიკალური სმენა, სასცენო პლასტიკა, გარდასახვის, იმპროვიზაციისა და გადმოცემის უნარი, იუმორი, ზომიერების გრძნობა და გემოვნება- ყველა ამ თვისების მატარებელი გახლდათ დიდი არტისტი.

კახი კავსაძე 1935 წლის 5 ივნისს დაიბადა. კინოში მისი დებიუტი 50 იანი წლებიდან შედგა. Საქართველოს დამსახურებულ არტისტს არაერთი პრემია ჰქონდა მიღებული. 2008 წელს, რუსთაველის თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავიც გაიხსნა. ალბათ, სიამოვნებდა კიდევაც, როცა მის შემოქმედებას ასე აფასებდნენ, მაგრამ მისი ფასეულობები უფრო მეტი იყო, აღმატებული და ადამიანური. ბოლომდე ერთგული დარჩა, როგორც თავისი პროფესიის, ასევე სიყვარულის, რომელსაც სიცოცხლის ბოლო წუთამდე განსაკუთრებით უფრთხილდებოდა და ამ სიყვარულს ბელა მირიანაშვილი ერქვა.

ამბობენ, – დრო მკურნალიაო, – მაგრამ მეუღლის გარდაცვალებას ვერასდროს შეეგუა, ბოლომდე მოუშუშებელ ტკივილად დარჩა.

პირველად თეატრალური ინსტიტუტის დერეფანში დაინახა. გურანდა გაბუნიას ელაპარაკებოდა. გურანდამ რაღაც ეპიზოდი გაითამაშა იუმორში და ბელა გულიანად კისკისებდაო, იხსენებდა კახი კავსაძე. დანახვისთანავე მოხიბლულა მომავალი მეუღლით.

“ბელა ყოველ მხრივ ჩემზე მაღლა იდგა. მე, ალბათ, ის კაცი ვიყავი, ვინც ამას ხედავდა და უბრალოდ აფასებდა. ვფიქრობ, მაინც ვერ გავუწიე ისეთი მეუღლეობა, როგორც ეკუთვნოდა, ვერ გავახარე ცხოვრებაში”, – ამბობდა მსახიობი.

მმუდამ ამ ფიქრებში იყო. ეგონა, რომ თავისი ბელა სათანადოდ ვერ დააფასა. არადა, სინამდვილეში, მათ სიყვარულზე დღემდე არაერთ საინტერესო ისტორიას ჰყვებიან. მსახიობი ბელა მირიანაშვილი 57 წლის ასაკში წავიდა ამქვეყნიდან. მერე Კახი კავსაძე ამბობდა, – არა მთლიანი, არამედ ნახევარი კაცი დავდივარო.

“მე ბედნიერი კაცი ვიყავი-მქონდა სიყვარული და დიდი პასუხისმგებლობა. ჩემს გვერდით დიდებული ქალი იყო- ბელა მირიანაშვილი, ქალი, რომლის გვერდითაც უნდა გეცადა, ღირსეული ყოფილიყავი”, – ასე იხსენებდა თავის მეუღლეს და მასთან გატარებულ წარსულ დღეებს მსახიობი.

სიყვარულით და ბედნიერებით სავსე 26 წელი გაატარეს ერთად. ბოლოს, 23 წლიანი ავადმყოფობის შემდეგ, თავისმა ბელამ მაინც დატოვა და იმიერ ქვეყანაში გადაინაცვლა. 28 წლის შემდეგ, თავადაც შეუერთდა იმიერ ცხოვრებაში.

“ნეტავი იქ თეატრი არის?!” – ბაია დვალიშვილის მიერ თეატრის დერეფანში მოყოლილი ამბავი ჯერ რეჟისორ ნანა ჯანელიძემ ფილმის სახელწოდებად და მეტაფორულ ფრაზად აქცია და, შემდეგ, დიდი არტისტი ამ მეტაფორულ ფრაზას ისე ემოციურად, შემართებით და გულიანად გადმოსცემდა, თითქოს სჯეროდა და ჩვენც გვაჯერებდა, რომ იქ, იმიერში, თავის მარადიულ სიყვარულთან და საყვარელ მეგობრებთან ერთად, კიდევ ითამაშებდა “ზეციურ თეატრში”.

ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი