თბილისის კონსერვატორიის დაარსებიდან 106 წელი გავიდა

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დაარსებიდან 106 წელი გავიდა. 1 მაისს, საიუბილეო დღესთან დაკავშირებით, მუსიკალურ სასწავლებელში დაჯილდოება და გალაკონცერტი გაიმართა. ამჯერად, კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენა, საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, კონსერვატორიის სტუდენტთა გუნდს და სოლისტებს დაეთმოთ. კონცერტის დასასრულს კი, სტუდენტის, სანდრო წიქორიძის ახალი ნაწარმოების პრემიერა შედგა, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა.

უკვე 106 წელია, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია თავის ისტორიას ქმნის. დღეს აქ 4000-მდე სტუდენტი სწავლობს. კავკასიის პირველი უმაღლესი ევროპული მუსიკალური სასწავლებელი, 1891 წელს, ძმებმა ზუბალაშვილებმა შექმნეს. კონსერვატორია, ქართველი მომღერლის, ლირიკულ დრამატული ტენორის, ვანო სარაჯიშვილის სახელს 1947 წლიდან ატარებს.

სასწავლებელი, დაარსების დღიდან, საკონცერტო ცხოვრების მნიშვნელოვან ცენტრად იქცა. სხვადასხვა წლებში, კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი მსოფლიოს სახელგანთქმულ მუსიკოსებს ხშირად მასპინძლობდა. 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან კი, ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გამო, დიდი დარბაზის ფუნქციონირება ათი წლით შეწყდა.

90-იანი წლების მეორე ნახევრიდან, პროფესორ მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით, კონსერვატორია კვლავ დედაქალაქის მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად იქცა. დარბაზის აღდგენა- რეკონსტრუქციის შემდეგ, დიდ და მცირე დარბაზებში, სხვადასხვა მუსიკალური ღონისძიებები ხშირად იმართება.
დღეს კონსერვატორიას გააჩნია საკუთარი ციფრული ხმის ჩამწერი სტუდია, მოძრავი სცენა, საორკესტრო ორმო და ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც თანამედროვე საკონცერტო დარბაზების საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და ამავე დროს, სპექტაკლების დადგმის საშუალებას იძლევა.

არაერთი წარმატებული სტუდენტი გაზარდა კონსერვატორიამ. ადამიანები, რომლებსაც ქართული მუსიკის განვითარებასა და სრულყოფილებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით. დღემდე, სასწავლებლის მთავარ ღირსებად და იდეად კვლავ ახალგაზრდების დიდ მუსიკოსებად ჩამოყალიბება რჩება. სტუდენტები სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში ხშირად მონაწილეობენ და მსოფლიო ასპარეზზე, ჩვენს ქვეყანას, თავიანთი გამარჯვებებით, ხშირად ასახელებენ.

ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი