ვანის მუზეუმმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

სილეტოს პრიზი ამ კონკურსის ერთ-ერთი მთავარი ჯილდოა და გადაეცემა მუზეუმს „საზოგადოების მონაწილეობისა და ჩართულობისათვის“. პრიზი დიზაინერ არჩიბალდ ნოქსის მიერ დამზადებული თასია, ის ერთი წლის განმავლობაში ვანის მუზეუმში იქნება წარდგენილი.

6 მაისს, ბარსელონაში, ევროპის 2023 წლის მუზეუმის კონკურსის (EMYA 2023) დაჯილდოების ცერემონიაზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს სილეტოს პრიზი გადაეცა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ევროპის მუზეუმების კონკურსი 1977 წლიდან ტარდება და მრავალსაფეხურიანი პროცესია, რომელიც ასევე მოიცავს ჟიურის წევრის მუზეუმში ანონიმურ ვიზიტს. ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას უმაღლესი პროფესიონალებისგან შემდგარი საერთაშორისო საბჭო იღებს.

შეფასების კრიტერიუმები, გარდა მუზეუმების კოლექციებისა და ინფრასტრუქტურისა, მუზეუმების საზოგადებრივი როლის შეფასებაა.

სილეტოს პრიზი ამ კონკურსის ერთ-ერთი მთავარი ჯილდოა და გადაეცემა მუზეუმს „საზოგადოების მონაწილეობისა და ჩართულობისათვის“. პრიზი დიზაინერ არჩიბალდ ნოქსის მიერ დამზადებული თასია, ის ერთი წლის განმავლობაში ვანის მუზეუმში იქნება წარდგენილი.

 

გთავაზობთ ამონაწერს ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ გაცემულ დიპლომიდან:

„ვანის მუზეუმმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა როგორც განსაკუთრებულმა ცენტრმა, რომელსაც საზოგადოების საკეთილდღეოდ დადებითი ცვლილებების განსახორციელებლად დიდი ძალა აქვს. ვანის მუზეუმი ქალაქის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და მის სტუმრებს შორის შემაკავშირებელი და დიალოგის წამახალისებელია. ის გახლავთ განვითარების განმსაზღვრელი ინსტიტუცია, რომელიც თანაბრად მნიშვნელოვანია ადგილობრივ, სახელმწიფო თუ გლობალურ დონეზე.

მოხალისეთა პროექტებისა და პროგრამების მეშვეობით მუზეუმი ადვილად უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობას, რითაც ხელს უწყობს ქალაქის არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვას, შენარჩუნებასა და გაცოცხლებას.

მუზეუმი გვთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამების ფართო სპექტრს და წარმოადგენს კვლევით ლაბორატორიას, როგორც რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და აქტიურ მულტიდისციპლინარულ სივრცეს. ის ასევე არის რეგიონული და საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრების ადგილი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ევროპის მუზეუმების კონკურსზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი უკვე მესამედ იყო წარდგენილი:

2016 წელს – სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმით;

2022 წელს – ბოლნისის მუზეუმით;

2023 წელს – ვანის არქეოლოგიური მუზეუმით.

ცნობისთვის, 2023 წელს, ვანის მუზეუმთან ერთად, ნომინირებული იყო ილია ჭავჭავაძის მუზეუმი (თბილისის მუზეუმების გაერთიანება), რომელმაც სპეციალური აღნიშვნის სიგელი მიიღო.

ლელა დევდარიანი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი