საქართველო საუკეთესო ათეულშია – VinePair-ი კახური ღვინით აღფრთოვანდა

საქართველო იმ 10 საუკეთესო ღვინის რეგიონში შედის, რომელსაც 2023 წელს უნდა ესტუმრო. აღნიშნულ ათეულში კი, პირველ ადგილს იკავებს, – ამის შესახებ ინფორმაცია, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაავრცელა.

მათივე ცნობით, სტატიას ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი უდიდესი ღვინის ციფრული პლატფორმა, VinePair-ი აქვეყნებს. გამოცემა მკითხველს საქართველოში მოგზაურობასა და კახეთში ღვინის დაგემოვნებას ურჩევს.

ამასთან, საუკეთესო მიმართულებად, საქართველოსთან ერთად, საფრანგეთი, პორტუგალია, პერუ, იტალია, ესპანეთი, ხორვატია, ახალი ზელანდია, კალიფორნია და ტეხასი დასახელდა.

„ღვინის მომზადების უძველესი ტექნოლოგია საქართველოში იღებს სათავეს. ამიტომ სულ არ არის გასაკვირი, რომ ახლა საქართველო ღვინის პოპულარული რეგიონია. ღვინის წარმოების რვაათასწლოვანი ისტორიით, საქართველო ღვინის სამშობლოდაა მიჩნეული. დღეს, ქართული ღვინო სწრაფად ხდება პოპულარული და ექსპორტიც ყოველწლიურად რეკორდულად იზრდება. ეს კი, ხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, ტურისტულ ბუმს და ეკონომიკის გაზრდას. ამიტომ თუ ხართ სასმელების მოყვარული, იმოგზაურეთ საქართველოში“, – წერს გამოცემის მიმომხილველი ჰანა სტაბი.

გარდა ამისა, სტატიაში ჰანა სტაბი საქართველოში ღვინოს დასაგემოვნებელ და წარმოების კუთხით საუკეთესო რეგიონად, კახეთს ასახელებს.

„თბილისიდან ერთი საათის სავალზე მდებარე რეგიონში, საუკეთესო ყურძნის ჯიშებია, რომელთა შორისაა: საფერავი და რქაწითელი. ღვინის ფერმენტაცია თიხის ჭურჭელში, ქვევრში ხდება. ეს ტრადიცია კი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული“, – წერს ჰანა სტაბი.

აღსანიშნავია, რომ სტატიაში კახეთის მარნები, ღვინის ქარხნები და მუზეუმებია მიმოხილული, რომელთა შორის წინანდლის მუზეუმიც არის. VinePair საკუთარ მკითხველს, დეტალურად აცნობს იმ ფაქტსაც, რომ წინანდლის მამულში, ვენახებთან ერთად, 1814 წელს გამოშვებული 15 000 ბოთლი ღვინის დათვალიერების საშუალებაც ექნებათ.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი