საქართველოს პოპულარიზაციისათვის ახალი ტურისტული პორტალი შეიქმნა

ახალი პორტალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაგეგმოს მოგზაურობა საქართველოში და მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყნის ტურისტული პროდუქტების შესახებ.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მთავარი ტურისტული პორტალის პრეზენტაცია მოაწყო. Georgia.travel-ის ახალი ვებგვერდი 70-მდე ქვეყნის ტურისტული პორტალის კვლევისა და ანალიზის შედეგად მომზადდა.

ვებგვერდზე საქართველოს მნიშვნელოვანი სანახაობებისა და ტურისტული პროდუქტების შესახებ დარგის კონსულტანტების ჩართულობით 3200-მდე სტატია მომზადდა და აიტვირთა ქართულ და ინგლისურ ენებზე.

პორტალზე ინტერაქციული რუკით ვიზიტორს შეუძლია გაფილტროს რეგიონები, ადგილები. ინტერესის მიხედვით შეარჩიოს და სურვილების კალათაში შეინახოს სასურველი ლოკაცია, გაეცნოს ინფორმაციას, დაათვალიეროს ფოტოები, რაც აისახება პირად რუკაზე და ვიზიტორს საშუალება ექნება დაგეგმოს მოგზაურობა საქართველოში.

ასევე, ახალ პორტალზე განთავსებულია ლაშქრობების, საფეხმავლო ტურების გეგმები, რაც შესაძლებლობას იძლევა აღნიშნული მიმართულების განვითარების და სათავგადასავლო მიმართულებით დაინტერესებულ ვიზიტორს საშუალება ექნება ინფორმაცია მიიღოს საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმის პოტენციალის შესახებ.

ვებგვერდზე მოეწყო საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ერთიანი ბაზა. ვიზიტორს შეუძლია აირჩიოს სასურველი მარშრუტი და დაგეგმოს მოგზაურობა რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით და სხვა ტრანსპორტით.

ახალი ტურისტულ პორტალზე ატვირთულია ტურისტულად საინტერესო ღონისძიებების კალენდარი საქართველოს მასშტაბით. ამ მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს როგორც კერძო სექტორთან, ასევე სხვადასხვა უწყებებთან.

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ვებგვერდი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განცხადებით, ახალი პორტალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაგეგმოს მოგზაურობა საქართველოში და მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყნის ტურისტული პროდუქტების შესახებ.

„ქვეყნის მთავარი ტურისტული პორტალი უკვე მზად არის, მომხმარებლებს შეუძლიათ ეწვიონ და დაგეგმონ მოგზაურობა საქართველოში. ძალიან ბევრი საჭირო და საინტერესო ხელსაწყო დაემატა ჩვენს პორტალს. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი პირადი მოგზაურობა ააწყონ ინტერაქციული რუკის მიხედვით, აარჩიონ ლოკაცია და შემდეგ ესტუმრონ სხვადასხვა ადგილს.

ძალიან საინტერესო პროექტი გამოვიდა, პორტალზე განთავსებულია 3200-ზე მეტი ახალი სტატია ორ ენაზე, სადაც მომხმარებლები გაეცნობიან ინფორმაციას საქართველოს ტურისტული ადგილების შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ ციფრული ტრანსფორმაციის სამყაროში ბევრად მეტ ტურისტს მოვიზიდავთ ჩვენი ახალი პლატფორმის საშუალებით“, – განაცხადა მაია ომიაძემ.

ვებგვერდზე სრულყოფილი ინფორმაციის განთავსების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თანამშრომლობს საერთაშორისო პლატფორმებთან: Booking, Tripadisor, Wikiloc და სხვ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავარ ტურისტულ პორტალს 200-მდე ქვეყნიდან უკვე ეწვია 18 მილიონამდე უნიკალური ვიზიტორი.

ლელა დევდარიანი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი