12-18 წლის მოზარდებისთვის “ახალგაზრდა და ნიჭიერ ხელოვანთა კონკურსი” დაიწყო
დამწყები მუსიკოსებისთვის, პროზაიკოსებისთვისა და მხატვრებისთვის, გამომგონებლებისთვისა და კუთხური ტრადიციებისა და კულინარიის მცველებისთვის მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი პროექტი გამოაცხადა.
“ახალგაზრდა და ნიჭიერი ხელოვანების კონკურსის“ მიზანი ნიჭიერი ხელოვანების აღმოჩენა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში შემონახული ტრადიციებისა და სამზარეულოს ელემენტების გამოვლენა და დაცული ისტორიების, თხზულებებისა და ლეგენდების აღმოჩენაა.
კონკურსში, რომელიც სამი ეტაპისგან შედგება, 12-18 წლის მოზარდები მონაწილეობენ. განცხადებების მიღება უკვე დასრულდა. გამარჯვებულებს 30 მაისს გამოავლენენ. ყველა მიმართულების კონკურსის შედეგად შექმნილ ნამუშევრებს საკონკურსო კომისიის წევრები და მოწვეული სპეციალისტები შეაფასებენ. გამარჯვებული მოსწავლეები ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით დასაჩუქრდებიან.
ორგანიზატორების განცხადებით, ერთ-ერთ მთავარ ამოცანად საუკეთესო მოზარდების გამოვლენა და მათი შრომისა და ნიჭის დაფასება რჩება. მათი თქმით, შესაძლებელი იქნება წიგნის ან ბროშურის შექმნა, რომელიც თანატოლებს მისცემს სტიმულს თავიანთი უნარები და ნიჭი უკეთ გამოავლინონ და განავითარონ.
კონკურსის მსვლელობის ყველა დეტალი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ელექტრონულ პლატფორმებზე გაშუქდება.
ლიკა მაჩხანელი