მარჯანიშვილის თეატრის წინ კიდევ ერთი სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა

20 მაისს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ, მსახიობის, ნანი ჩიქვინიძის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა.

ამ დღეს, თეატრში უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. ვარსკვლავის გახსნას წინ ლევან წულაძის სპექტაკლის, “თეატრის მსახური” პრემიერა უძღოდა. პიესის მიხედვით, მოქმედება ომის დროინდელ თეატრში ვითარდება. ეს არის ამბავი მსახიობებსა და მაყურებელზე, რომლებიც ურთულეს პერიოდში, საკუთარი სიცოცხლის ფასად, არ ტოვებენ თეატრს. პროფესიის ერთგულნი თავგანწირვით გამოხატავენ პროტესტს დაუნდობელი ომის მიმართ და სანამ მათი მეგობრები და კოლეგები ფრონტის ხაზზე იღუპებიან, თავდადებით იცავენ მთავარს, ხელოვნებას, რომლის გარეშეც მათთვის ცხოვრება არ არსებობს.
საპრემიერო საღამომ დიდი ოვაციებით ჩაიარა. ეს დღე განსაკუთრებით გამორჩეული და ემოციური იყო ნანი ჩიქვინიძისთვის. საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა გულშემატკივრების უდიდესი სიყვარული კიდევ ერთხელ განიცადა.

ნანი ჩიქვინიძე მარჯანიშვილის თეატრის დასს 1971 წლიდან შეუერთდა. მან , თავისი კინოროლებით, მაყურებელს ბავშვობიდან შეაყვარა თავი. მოგვიანებით, თემურ ჩხეიძისა და მედეა კუჭუხიძის სპექტაკლებში, გამორჩეული სცენური სახეები შექმნა.

“აი, ვინ მოდის ბავშვობიდან, რამდენის გული შეურხევია მისგან განსახიერებულ ბავშვებს?! მახსოვს, რა დამემართა, პირველად რომ “მაგდანას ლურჯა“ ვნახე. „დედი, აი, აქ იწვა ჩვენი ლურჯა“… გამაოცა თამაშის ბუნებრიობამ. როცა წლების შემდეგ ისევ ვნახე, ახლა უკვე სულ სხვა რამემ მომნუსხა. როგორ შეეძლო, ამ პატარა არსებას, ესოდენ ღრმა განცდით გამოეხატა ის იმედი, გაუბედავი ჩურჩულით წარმოთქმული ერთი ფრაზა რომ იტევდა: „ დედი, გიგო პაპა მოვიდა“… ადვილად მიხვდებოდით, რომ ეს სასამართლოს ეპიზოდია.
ახლა “სხვისი შვილები“?! ბოთლებს, რომ აბარებენ დეიდა ნატოსთვის საჩუქრის საყიდლად. პირდაპირი მნიშვნელობით, ყელგამოწვდილი რომ ეხვეწება: “მიიღე რა, ძია, მიიღე რა, ძია“.

რომელ ბავშვს არ უოცნებია მსახიობობაზე? ნანი ჩიქვინიძეს ოცნებაც აღარ დასჭირდებოდა. მხოლოდ იმაზე თუ იოცნებებდა, მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში რომ მოხვედრილიყო“,- ასე აფასებს მსახიობის ბავშვობაში განსახიერებულ როლებს იოსებ ჭუმბურიძე.

წლების შემდეგ, ნანი ჩიქვინიძის მეუღლე, რეჟისორი თემურ ჩხეიძე ამბობდა, რომ “მაგდანას ლურჯასა“ და “სხვისი შვილების“ პერსონაჟებთან ნანის ვერაფრით ვუკავშირებ, ისინი ჩემთვის იქ დარჩნენ, ხელშეუხებელნიო.

თავად რეჟისორი მეუღლისთვის როლებს იშვიათად იმეტებდა. თემურ ჩხეიძის ნაამბობით, ნანისთვის როლს მხოლოდ მაშინ იმეტებდა, თუ ამ როლში სხვა მსახიობებს ვერ ხედავდა.

ყველასთვის გასაგები იყო თემურ ჩხეიძის ასეთი მიდგომა. სინამდვილეში, რეჟისორი , ისევე როგორც სხვა რეჟისორები, მშვენივრად ამჩნევდა ნანი ჩიქვინიძის განსაკუთრებულ სამსახიობო ნიჭს. ვინ იცის, რომ არა მისი მეუღლეობა, რამდენ მთავარ როლს შესთავაზებდა ნანი ჩიქვინიძეს. მსახიობს ეს ფაქტი არასდროს გაუპროტესტებია. მას თავისი კარიერული გზა ჰქონდა, სადაც ჩნდებოდნენ რეჟისორები, რომლებიც სხვადასხვა როლზე ასაქმებდნენ. მსახიობმა საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრება განვლო და დღესაც განაგრძობს თეატრში მოღვაწეობას.

ნანი ჩიქვინიძემ წლების განმავლობაში, არაერთი საინტერესო და დაუვიწყარი სახე შექმნა, როგორც კინოში, ასევე თეატრის სცენაზე.

ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი