მუზეუმის საერთაშორისო დღეს თბილისის აბრეშუმის მუზეუმი სიახლეებით შეხვდა

18 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნა. აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი ამ დღეს განსაკუთრებული სიახლით, განახლებული ციფრული იდენტობითა და ვებგვერდით შეხვდა. ამიერიდან, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მუზეუმის ახალ ვებგვერდზე, კოლექციების, მიმდინარე რეაბილიტაციის, ღონისძიებების, მრავალფეროვანი აქტივობებისა და ისტორიის შესახებ ვრცელი ინფორმაცია მიიღოს.

ვებგვერდის შესაქმნელად, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის გუნდმა მიწვეულ სპეციალისტებთან – ანა გველესიანთან, ნუცა გოგლიძესთან, თამარ კალხიტაშვილთან და სოფო ქემაშვილთან ერთად იმუშავა. მუზეუმის ლოგოზე კი, ლევან ასათიანმა და ლუკა ივანიძემ იზრუნა. მუზეუმის ისტორიის გათვალისწინებითა და პეპლის ფორმის აბსტრაჰირებით მიღებული გზაჯვარედინი სიმბოლურად გამოხატავს წარსულისა და მომავლის შეხვედრის აქტუალურ წერტილს.

მუზეუმის შექმნის ისტორია 1887 წელს დაარსებულ კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურს უკავშირდება, რომელიც, მთელი კავკასიის მასშტაბით, სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო ცენტრის სახელს ატარებდა. სადგურის მიზანი იყო აბრეშუმის ჭიის კვერცხის სიჯანსაღის კონტროლი პასტერის მეთოდით, ასევე, სხვადასხვა სამეცნიერო ღონისძიებების საშუალებით, მეაბრეშუმეობისა და მეფუტკრეობის პოპულარიზაცია და ამ დარგების მეტად განვითარება.

სადგურის დაარსების დღიდანვე, მთავარ შენობაში განთავსებული მუზეუმი და ბიბლიოთეკა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.

კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურმა ისტორიის განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა ფუნქცია და სტატუსი. საბოლოოდ, 2006 წლიდან მას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა. აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ახლანდელ შენობას საფუძველი 1889 წლის 9 ოქტომბერს ჩაეყარა. ნაგებობას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს. დღესდღეობით, მუზეუმში XIX-XXI საუკუნით დათარიღებული არაერთი მეაბრეშუმეობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი კოლექციაა დაცული, რომელიც მოიცავს როგორც ადგილობრივად წარმოებულ, ასევე მსოფლიოს 61 ქვეყნიდან შემოსულ ექსპონატებს.

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი ახლებური ხედვით აგრძელებს ისტორიის გადააზრებას და დამთვალიერებელს ბევრ საინტერესო სიახლეს ჰპირდება.

ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი