როკ-ენ-როლის მსოფლიო დედოფალი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

უკანასკნელი10 წლის განმავლობაში მომღერალმა გადაიტანა ინსულტი, ნაწლავის კიბო, თირკმლის გადანერგვის ოპერაცია, შვილის თვითმკვლელობა და პოსტტრავმული აშლილობა.

ამერიკელი და შვეიცარიელი მომღერალი თინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ 24 მაისს ინფორმაცია Sky News-მა გაავრცელა.

“თინა ტერნერი, “როკ-ენ-როლის დედოფალი”, დღეს, 83 წლის ასაკში, ხანგრძლივი მძიმე ავადმყოფობის შედეგად, მშვიდად გარდაიცვალა შვეიცარიის ქალაქ ციურიხთან ახლოს მდებარე საკუთარ სახლში, კუსნახტში. მასთან ერთად მსოფლიომ დაკარგა ლეგენდარული მომღერალი და მისაბაძი ადამიანი”, – იტყობინება გამოცემა.

მომღერალი დაიბადა 1939 წლის 26 ნოემბერს, ტენესის შტატის პატარა ქალაქ ნეტბუშში, მუშის ოჯახში. მისი ნამდვილი სახელია ანა მეი ბალოკი. 1970-იანი წლების შუა პერიოდი მომღერალმა თავისი ერთ-ერთი სიმღერა ამ ქალაქს მიუძღვნა.

სცენაზე 18 წლის ასაკში ავიდა. იყო აიკ ტერნერის ჯგუფ Kings of Rhythm-ის სოლისტი. 1962 წელს წყვილი დაქორწინდა, ანამ სახელი შეიცვალა და თინა დაირქვა.

14-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ თინა ტერნერი სახლიდან გაიქცა ქმრის მიერ მისი მორიგი ცემის შემდეგ. თან წაიყვანა თავისი ვაჟები და ორიც მეუღლის შვილი. დაინტერესდა ბუდიზმით და დაიწყო სოლო გამოსვლები.

თავისი კარიერული წლების განმავლობაში, მომღერალმა მიიღო ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანზე, მრავალი მუსიკალური ჯილდო, ხოლო 1988 წელს იგი მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში, სიტყვით გამოვიდა ყველაზე დიდი ფასიანი აუდიტორიის წინაშე – 188 ათასზე მეტი ადამიანი მივიდა. მის კონცერტზე რიო-დე-ჟანეიროში, მარაკანას სტადიონზე.

1991 წელს აიკი და თინა ტერნერები როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. 2021 წლის ოქტომბერში თინა მეორედ შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. მან ასევე 8-ჯერ მოიპოვა პრემია “გრემი”. ტერნერმა გამართა ათობით მსოფლიო ტური.

2000 წელს, Twenty Four Seven Tour -ი წლის ყველაზე შემოსავლიანი ტური გახდა, რომლის შემოსავალმა 100-მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თინა ტერნერი ხელახლა შევიდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე გაყიდვადი სოლო არტისტი მუსიკის ისტორიაში.

46 წლის ასაკში მომღერალმა გაიცნო 30 წლის გერმანელი მუსიკალური პროდიუსერი ერვინ ბახი და დაქორწინდნენ. 2013 წელს უარი თქვა ამერიკულ პასპორტზე და შვეიცარიის მოქალაქე გახდა. მას შემდეგ მომღერალს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბახმა მეუღლეს საკუთარი თირკმელიც კი გადაუნერგა. ბოლო 10 წლის განმავლობაში მომღერალმა გადაიტანა ინსულტი, ნაწლავის კიბო, თირკმლის გადანერგვის ოპერაცია, შვილის თვითმკვლელობა და პოსტტრავმული აშლილობა.

2018 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ მომღერლის უფროსმა შვილმა, 59 წლის ასაკში, საკუთარ სახლში თავი მოიკლა. ის უძრავი ქონების სფეროში მუშაობდა.

2021 წელს ტერნერმა Sky News-ის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში განაცხადა, რომ სცენას ტოვებდა, რადგან სურდა თავისი ცხოვრების ბოლო წლები საზოგადოებისგან მოშორებით, მშვიდ გარემოში გაეტარებინა.

2022 წლის დეკემბერში, ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე თინა ტერნერი თავის უმცროს ვაჟ რონალდს გამოემშვიდობა. 62 წლის მამაკაცი აშშ-ში, სან ფერნანდოში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

თარგმნა შორენა პაპაშვილმა


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი