,,ამბავი კაცისა, რომელსაც სიცოცხლე უყვარდა“- ერლომ ახვლედიანი- სიყვარულის ადამიანი

,, აქ იყო და სიცოცხლე უყვარდა,

იქ წავიდა და სიკვდილი შეიტკბო,

საფლავის ქვაზე ეწერა: კაცი იყო,

სიცოცხლე უყვარდა“

ეს არის ამბავი კაცისა, რომელსაც სიცოცხლე, სამშობლო, ადამიანები და თავისი საქმე უყვარდა.

,, სად ვეძებო ის, რაც არ არის, რომ არ მქონდეს ის, რაც არის, რომ არ იყოს ის, რაც არის“…

უკვე 11 წელია, აღარ არის ის, რაც იყო. ერლომ ახვლედიანს 2012 წლის 20 მარტს, 79 წლის ასაკში დაემშვიდობა საქართველო. დატოვა ბევრი მოგონება, დიდი სიყვარული და უკვდავი შემოქმედება.

ვინ იყო ერლომ ახვლედიანი? პირველ რიგში, მწერალი , პოეტი და სცენარისტი; ცხოვრებაში უბრალო, კეთილი, თავმდაბალი, მორიდებული, თავაზიანი, ნიჭიერი და საოცრად სევდიანი ადამიანი; საქმეში კი ქაოსური  და ხმაურიანი.  როგორც ამბობენ, რეალისტი და ყოვლისმომცველი  იყო, სინამდვილის მისეული აღქმა ჰქონდა, იცხოვრა ჩუმად, შეუმჩნევლად, ვაჟკაცურად, შინაარსიანად და საინტერესოდ.

,,სულ მინდოდა, რომ ვაჟკაცი ვყოფილიყავი. მინდოდა, არაფრის მშინებოდა… მინდოდა გურამ რჩეულიშვილს ვმგვანებოდი“

დიდი ადამიანი  იყო. ვინც კი იცნობდა, ყველასთან გამორჩეული კვალი დატოვა. მისი ცხოვრება, თავიდან ბოლომდე, ნამდვილი, ქართველი კაცის ამბავს  გადმოსცემს. როგორც მწერალი ლაშა თაბუკაშვილი ამბობს, ერლომ ახვლედიანი უფრო ლიტერატურულ პერსონაჟს ჰგავდა, ვიდრე რეალურ ყოველდღიურობაში გათქვეფილ ადამიანს. მან ქართულ ლიტერატურაშიც განსხვავებული სამყარო შექმნა.

,,მწერლები, ბუნების უცნაური გაფიქრებანი, რამდენ აზრსა და განცდას ბადებენ ჩემში! მათი სიმცირე განუზომელ სევდას მგვრის. ხანდახან ასეთი განცდა დამეუფლება, სხვა სიცოცხლეა ჩვენი ამ პაწაწინა სხეულში მომწყვდეული. ჩვენც მათსავით უმწეონი, მიუსაფარნი, ზიზღის მომგვრელნი, უპატრონონი, მომაბეზრებელნი, არასაჭირონი ვართ. იქნებ ისინი უფრო მეტად გამოხატავენ ჩვენს რეალურ არსებობას“.

ეს ნაწყვეტია ერლომ ახვლედიანის რომანიდან ,,კოღო ქალაქში“ . როგორც სცენარისტი ოთარ პერტახია იხსენებს, რომანს, მწერლისა და კოღოს შესახებ, დიდიხნის ისტორია აქვს. ამ ნაწარმოებს ახალგაზრდობაში ჯერ ზეპირად უყვებოდა მეგობრებს, მერე პირველი ვარიანტი ახლობლებს წააკითხა, მერე ესაც გადადო და დაწერილ თუ დაუწერელ ფურცლებში დაკარგა, მერე, 90-იანი წლების ბოლოს, სახლის დალაგებისას შემთხვევით იპოვა საქაღალდე, წარწერით ,,კოღო ქალაქში“  და თავიდან განუახლდა წერის სურვილი.

,, ჩემს იდეალებს მუდამ ვეძებდი ჩვეულებრიობაში, ნორმალურობასა და შეუმჩნევლობაში. ამ ვნებამ ეკლესიამდე მიმიყვანა. იგრძნო თავი სიტყვიერ ცხვრად- უდიდესი ბედნიერებაა. მაგრამ, ამ სულიერ ,,კიდობანში“ სხვა ამინდია, ხოლო მის გარეთ-სულ სხვა. თუ კიდობანში თანდათან ურიგდები სიკვდილს და იყვარებ მას, გარეთ დარჩენილს სიკვდილის შიში გზარავს. ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური გაქრობის შიში, რადგან მანამ ცოცხალი ხარ, შინაგანად სიკვდილის წარმოსახვა ორმხრივ გახსნილია. შეუძლებელია, არ გაქრე და შეუძლებელია, გაქრე. ამას მხოლოდ სიკვდილის შემდეგ გაიგებ. ხუმრობით კი ვიტყვი: მოველი აღსასრულს, რათა საბოლოოდ დავრწმუნდე , რომ უკვდავი ვარ“,-

წერდა ერლომ ახვლედიანი ამ სიტყვებს და სწორედ თავისი შეუმჩნევლობითა  და ჩვეულებრივობით ხდებოდა მისაბაძი სხვა ადამიანებისთვის. ის ხომ, ხშირ შემთხვევაში, წერდა იმას, რასაც თავად გრძნობდა და განიცდიდა, რაც ხდებოდა და რაც მოხდებოდა, წერდა უბრალოდ და ყველასთვის გასაგებად.

,,მიყვარს თუ არა ჩემი სამშობლო?

ადრე არ დავფიქრებულვარ. ახლა დავფიქრდი.

მახსოვს ჩემი პირველი განცდა, აღმოჩენა, რომ მე ქართველი ვარ. ეს იყო ჩუმი აფეთქება ჩემში. არა, ეს არ იყო სიამაყის გრძნობა. შეუძლებელია, სიამაყის გრძნობა ებადებოდეს ვენახს, რომ ის ვენახია, ვაზია და ისხამს მტევანს. ან ვაშლს, ან მსხალს, ან ლეღვს. ეს უპირატესობა არ არის. ეს უბრალოდ აღმოჩენაა, რომ ეს შენ ხარ და სხვა არავინ, ამ ჯიშის ხარ.

ჩემი სამშობლო, ჩემი საქართველო, ჩემი მამული. არ არსებობს უფრო ჩუმად სათქმელი სიტყვები. მე ამ ნეტარ სიჩუმეში გავატარე მთელი ჩემი ცხოვრება და არასოდეს მომდომებია, ეს განცდა გამომეთქვა და გამომეხატა. მე ამ განცდაში ვიყავი, როგორც მერცხლის ბარტყი მერცხლის ბუდეში.

მერე რა მოხდა არ ვიცი. სად გაქრა, როდის აღმოვჩნდი გაძარცული ამ განცდისგან. ეს მოხდა სწორედ მაშინ, როცა ასე საჭიროა მისი დაცვა და შენარჩუნება. მაგრამ რომ აღარ ვიცით, რა უნდა დავიცვათ და შევინარჩუნოთ?

ახლა ჩემთვის სამშობლო ვიღაცეებისგან შეთხზული ლეგენდაა, რომელიც სინამდვილეში აღარ არსებობს.

სამშობლოს სიყვარული ნივთი არ არის , გზად მიმავალმა დაკარგო, თორემ უკან დაბრუნდებოდი და იქნებ გეპოვა კიდეც.

სიყვარული გულში უნდა იყოს. იქ არის მისი ბინა, მისი სამყოფელი. თუ სიყვარული გულს გარეთ არის, მაშინ ის სიყვარული არ ყოფილა და მერე რაც გინდა ის უწოდე მას. ის მუდამ შენში უნდა იყოს და მხოლოდ მაშინ იქნები შენც მასში, როგორც ჯავშანში.

სამშობლოს სიყვარული რაც უფრო უმნიშვნელო რამეში ვლინდება, – სიტყვა იქნება ეს, მოძრაობა თუ ქცევა, -მით უფრო ღირებულია იგი, რადგან ეს აღნიშნავს, რომ ადამიანი მუდამ თან დაატარებს ამ განცდას. ის ორგანული ნაწილია მისი, თავისუფალია ანგარებისა და ამპარტავნობისგან, არ მოითხოვს საზღაურს, არ ელის ქებას.

მაინც როგორ ვლინდება ეს ,,ავადმყოფობა”? რა ნიშნები აქვს მას, რა სიმპტომები? რით იზომება, როგორ იწონება იგი?

იქნებ მართლაც ავიღოთ სასწორი და ავწონოთ, ვის უფრო უყვარს სამშობლო, ანდა , რა არის სამშობლოს სიყვარული? “

ეს  ნაწყვეტია ერლომ ახვლედიანის წიგნიდან „ძველი და ახალი“, სადაც მისი ნამდვილი განცდები მკაფიოდაა ასახული.

 

ლიკა მაჩხანელი

 


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი