ლექსოს ისტორია გრძელდება – კლასიკური მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავები და ქართველი მუსიკოსები ,,თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის“ ფარგლებში

,,ერთი წელი ამ დიდი ტკივილის დღიდან… მონატრება… სევდა… გასხივოსნებული მოგონებები… ფესტივალის მზადება… და მაინც, მოუნელებელი ერთი წელი, დიდი ტკივილის დღიდან“,- ასე იხსენებს ნიკოლოზ რაჭველი მონატრებულ მეგობარს, ლექსო თორელს, რომელმაც ერთი წლის წინ დატოვა ამქვეყნიური სამყარო. ახლა მხოლოდ მოგონებები დარჩა. რთულია ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანის დაკარგვა, როგორც მისთვის, ასევე  სრულიად საქართველოსთვის და იმ ქვეყნისთვის, სადაც, მსოფლიო დონის პიანისტმა, წლების წინ დაიმკვიდრა თავი.

მუსიკოსის სახელისა და ღვაწლის უკვდავსაყოფად, მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, ,,თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ დაფუძნდა. ღონისძიება 30 მაისს, ლექსო თორელის საიუბილეო დღეზე გაიხსნა.

ფესტივალის ფარგლებში, დღეს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღანელობით, ლექსო თორაძის, მამის, დავით თორაძის საღამოს უმასპინძლებს. ღონისძიებაზე შესრულდება კომპოზიტორის მიერ შექმნილი ნაწარმოებები, რომელიც  მან ოპერის, ბალეტის, თეატრისა და კინოფილმებისთვის შექმნა.

საღამოზე ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, თბილისის ქალთა გუნდი, სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი , ,,The Georgian Six“  და მომღერლები-ნატო მეტონიძე, ეკა მამალაძე და ნინო ქათამაძე წარდგებიან.

,,სტუდენტობის დროს ძალიან რთულად აღქმადი მეჩვენებოდა დავით თორაძის მუსიკა, რადგან საკმაოდ თანამედროვე, მისი დროისთვის მომავლის ენით წერდა მუსიკას. როცა ახლოს გავიცანი მსოფლიო თანამედროვე მუსიკის ლიტერატურა, უფრო მეტად ჩავწვდი მის შემოქმედებას. ქართულ სამუსიკო სამყაროში, დავით თორაძეს უდიდესი ადგილი უკავია. ფესტივალმა მომცა საშუალება, რომ  დავით თორაძის მუსიკის პანორამას მე ჩავუდგე სათავეში, რაც ერთგვარად მიმოიხილავს მთელ მის გზას მუსიკაში“,- აღნიშნა ნიკოლოზ რაჭველმა.

,,თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“  ქართველი პიანისტისა და პედაგოგის,  ლექსო თორაძისა და მისი მამის, ლეგენდარული კომპოზიტორის, დავით თორაძის ხსოვნას ეძღვნება. ღონისძიება აერთიანებს როგორც კლასიკურ  მუსიკას, ასევე ფოლკლორს. ღონისძიება მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით გამოირჩევა. მასში კლასიკური მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავები და ქართველი მუსიკოსები მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში, ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის დაწესდა სტიპენდიები. ღონისძიება დირიჟორ ჯანანდრეა ნოსედასა და მევიოლინე მაქსიმ ვენგეროვის პატრონაჟით ხორციელდება.

ფესტივალის ორგანიზატორი ლექსო თორაძის სახელობის ფონდია, რომელიც 2022 წელს, პიანისტის დამ, ნინო თორაძემ დააარსა. მისი მიზანი მსოფლიოში ქართული მუსიკისა და კულტურის პოპულარიზაცია და ახალი თაობის ქართველი მუსიკოსების გამოვლენა და მათი მხარდაჭერაა.

,,თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“  30 მაისს პიანისტის მეგობრებმა-დირიჟორმა ვახტანგ მაჭავარიანმა და პიანისტმა ვლადიმერ ფელცმანმა , თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გახსნეს.  ფესტივალის ფარგლებში, გაიმართა პიანისტის მეგობრების, სტუდენტებისა და ანსამბლ ,,ბასიანის“ კონცერტებიც.

როგორც ცნობილია, დავით და ლექსო თორაძეები ყოველთვის გულშემატკივრობდნენ ქართულ ფოლკლორსა და მუდმივად ცდილობდნენ საკუთარი შემოქმედებით მის წარმოჩენას. სწორედ ამიტომ შეირჩა ქართული ხალხური სიმღერების სახელმწიფო ანსამბლი,,ბასიანი“, რომლის კონცერტიც, 2 ივნისს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართა. ქართული ფოლკლორის საღამოზე ხალხური სიმღერებისა და ტრადიციული საგალობლების რჩეული ნიმუშები აჟღერდა. პიანისტს ანსამბლის წევრებთან ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.

,, როცა თორაძეებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია იქ მარტო კლასიკით შემოვიფარგლოთ. ის იყო ძალიან  დიდი გულშემატკივარი და ზუსტად იცოდა ქართული ხალხური სიმღერისა და ტრადიციული გალობის ფასი. ერთობლივად, მისი ინიციატივით, პორტუგალიაში გვქონდა საოცარი კონცერტები, სადაც, მისი მოსწავლეების მიერ, სრულდებოდა რახმანინოვის მუსიკა და ასევე იყო ჩვენი ანსამბლი ,,ბასიანი“. იქ ამბობდა ძალიან ხშირად, რომ რაოდენ ძვირფასია მისთვის ტრადიციული მუსიკა. ყველა კლასიკურ ნაწარმოებში , რასაც ის ასრულებდა, ყოველთვის კავშირს ეძებდა სიძველესთან. ,,ბასიანი“ განსაკუთრებულად მეგობრობდა ლექსოსთან, მის ოჯახთან. მისგან ბევრი რამ ვისწავლეთ“,- აღნიშნა ანსამბლ ,,ბასიანის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, გიორგი დონაძემ.

ლექსო თორაძე, 1952 წლის 30 მაისს, თბილისში, კომპოზიტორ დავით თორაძისა და კინომსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში დაიბადა. პიანისტმა, პირველი ნაბიჯები დიდ მუსიკალურ გზაზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გადადგა. მიუხედავად იმისა, რომ პიანისტი არაერთ სცენაზე წარდგა, ამ ადგილთან მაინც განსაკუთრებული ემოციები აკავშირებდა.

1983 წელს, საქართველოში ხმა გავრცელდა: ,,ლექსო თორაძე ამერიკაში დარჩა!“ მაშინდელმა საბჭოთა კავშირმა მუსიკოსი მოღალატედ გამოაცხადა. ამ ისტორიას,  პიანისტის დედა, ლიანა ასათიანი ასე იხსენებდა:

,,როცა გავიგეთ, ლექსო უცხოეთში დარჩა, ამ ამბავს მე და ჩემი მეუღლე ღირსეულად შევხვდით. მისი ნაბიჯი ღირსეული იყო. იმ პერიოდში მთელმა ოჯახმა ბევრი რამ გადავიტანეთ, მაგრამ ყველაფერს გავუძელით, რადგან გვესმოდა, რომ ეს ნაბიჯი გამართლებული იყო“…

იმ დროს, როცა საბჭოთა კავშირი მოღალატეს ეძახდა, ფლორიდის შტატში, ერთ-ერთ უზარმაზარ საკონცერტო დარბაზში, ელა ფიცჯერალდი პუბლიკას ლექსო თორაძეს აცნობდა:

,,დღეს, მე და ოსკარ პიტერსონმა გავიცანით უნიჭიერესი ახალგაზრდა პიანისტი, რომელმაც მოგვაჯადოვა თავისი მუსიკით. იგი ახლა ამ დარბაზშია. იცნობდეთ ლექსო თორაძეს. ხვალ მას, ამ დარბაზში, კონცერტი აქვს. გირჩევთ ყველას მოხვიდეთ და მოუსმინოთ, უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ!“

პიანისტმა ამერიკაში მალე დაიმკვიდრა თავი. ძალიან დატვირთული გრაფიკი და უამრავი გასტროლი ჰქონდა. ეწეოდა საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1991 წელს, იგი გახდა ქალაქ საუთ-ბენდის (ინდიანას შტატი) უნივერსიტეტის პროფესორი და აქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია -,, Toradze Piano Studio“,  რომელმაც დიდი აღიარება მოიპოვა, როგორც მუსიკალურ-აღმზრდელობითმა ცენტრმა. პიანისტმა ბევრ ქართველ მუსიკოსსაც შეუწყო ხელი.

,, ყველა გამორჩეულ მუსიკოსს საკუთარი ადგილი აქვს მუსიკის ისტორიაში; თუმცა, მე ისტორიას ვერ შევეჯიბრები. მინდა, მუსიკის საშუალებით რაც შეიძლება უკეთ შევიცნო საკუთარი თავი და შესაძლებლობანი. არა იმიტომ, რომ საუკეთესო ვიყო, არამედ საკუთარი სტილისა და ენის უკეთ გასაგებად. შესაძლოა მსმენელისთვის ეს ძიება საინტერესო სულაც არ იყოს, მაგრამ ის უთუოდ იგრძნობს და გაიგებს, რომ ეს ჩემი ენაა, ჩემი ინტერპრეტაცია“ ,- ამბობდა პიანისტი.

ლექსო თორელს ოჯახთან ძალზედ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. რთული იყო მისთვის, ოჯახის გარეშე ცხოვრება, განიცდიდა, უჭირდა, თუმცა სხვა გზა არ ქონდა. ერთხელ დედას  წერილი გამოუგზავნა:

,, დედა, შენს დაბადების დღეს მე რახმანინოვის მე-2 საფორტეპიანო კონცერტს ნიუ-იორკის ,,ლინკოლნ ცენტრში“ დავუკრავ. ეს ყველაზე დიდი დარბაზია ნიუ-იორკში. შენი ადგილი ყოველთვის თავისუფალი იქნება.ვიდრე დავუკრავ, ის ყოველთვის შენ დაგელოდება, დედა!“

ლიანა ასათიანმა შვილის ნახვა მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ შეძლო. მაშინდელმა ხელისუფლებამ ნებართვა მისცა ამერიკაში წასულიყო და შვილი მოენახულებინა.  მსახიობმა  მნიშვნელოვანი როლი შეასრულა როგორც მეუღლის, ასევე შვილის შემოქმედებით ცხოვრებასა და მათ წარმატებაში.

,, ჩემო ძვირფასო ლექსო, ჩემო დიდო იმედო და გამხარებელო, გილოცავ დაბადების დღეს, ჩვენი ოჯახის დღესასწაულს და განა მართო ჩვენი ოჯახისა? მუდამ სიხარულით, ბედნიერებით, გამარჯვებით და ნეტარებით აღსავსე ყოფილიყოს შენი ცხოვრება. შენს სპეტაკ სულსა და სხეულს შემოქმედებითი აღმაფრენა არ მოაკლოს ღმერთმა, შენი მშობლების და შენი ნინოს სასულდგმულოდ, მოკეთეს გულის გასახარად! შენი მამა“.

საოცარი ყოფილა ლექსო თორაძის  ურთიერთობა მამასთან. დავით თორაძემ, როგორც მეგობარი, ისე გაზარდა. ყველგან ერთად იყვნენ და ერთმანეთს გულშემატკივრობდნენ. მუსიკოსი სამი თვის წასული იყო ამერიკაში, როდესაც დავით თორაძე გარდაიცვალა. ვერ მოახერხა მამის დაკრძალვაზე ჩამოსვლა. როგორც პიანისტის და, ნინო თორაძე იხსნებს, ლექსო თორაძემ ეს ფაქტი თავის თავს ვერასდროს აპატია. მას შემდეგ საქართველოში სულ 3-4 ჯერ იყო, რადგან უჭირდა სამშობლოში დაბრუნება. როცა ბრუნდებოდა, მამის საფლავზე  ყოველთვის მიდიოდა. ამ ცერემონიის ყურება ამაღელვებელი და  ემოციებით სავსე იყოო, ამბობს ნინო თორაძე.

,, მთელი ოჯახი ლექსოს წინსვლაზე ვიყავით ორიენტირებული. ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იყო  და ნამდვილი ხელოვანი, რომელსაც ყველაფერი გამოსდიოდა. მართლა განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა მამასთან. როიალი, რომელზეც მამა და ლექსო უკრავდნენ, საოცარი ისტორიის მატარებელია. ინსტრუმენტის შიგნით სულ არის ლექსოს ჩანაწერები. ერთ-ერთი ჩანაწერი ასეთია: ,, ჩამოვედი ჩემს სახლში და მამა აღარ დამხვდა, მაგრამ ჩემს როიალთან იგი მუდამ ჩემთან არის, საქართველოში და ამერიკაში“. როგორც მამა იყო ახალგაზრდებისა და სტუდენტების მოყვარული, ასევე იყო ლექსოც. ეს ტრადიცია ლექსომ ,ფაქტობრივად, აიღო და მის ცხოვრებაში გადაიტანა. უდიდესი როლი აქვს ჩემს ძმას  მიღებული ყველა მისი სტუდენტის ცხოვრებაში. ამდენი წლის შემდეგ, ლექსო, ურთულეს პერიოდში, დაბრუნდა საქართველოში. ყველა ელოდა მის სცენაზე დადგომას. ვთვლი, რომ მას ჰყავდა ორი დედა. მისი წარმატება იყო ჩემი ცხოვრების სიხარული. ამიტომ, ლექსოს ჩემგან წასვლა ძალიან რთული იყო“,- ასე იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში ძმას ნინო თორაძე.

ლექსო თორაძე აღიარებულია თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზულ პიანისტად. მისი საშემსრულებლო რეპერტუარი  სხვადასხვა კლასიკური ჟანრის ნაწარმოებებს მოიცავდა. მის საშემსრულებლო სტილს ახასიათებდა მასშტაბურობა, რომანტიულობა და არტისტული ტემპერამენტი. მუსიკოსმა აღიარება მოიპოვა  მოცარტის, ლისტის, რახმანინოვის, ჩაიკოვსკისა და სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებების შესრულებით.

,,ლექსო არ იყო კონსერვატორი. ის იყო ღია ყველა სიახლის მიმართ, ჟანრების მიმართ. მისთვის მთავარი იყო მუსიკის ხარისხი და არა მისი წარმომავლობა ან მისი ჩარჩოში მოქცეული დასათაურება. თავისუფლება – ალბათ ეს ყველაზე მეტად შესაფერისი სიტყვაა ლექსოსთვის, რომელმაც საბჭოთა ერთგვარ ტყვეობაში მყოფ სამყაროდან სწორედ თავისუფლების ქვეყანაში  გადაწყვიტა დამკვიდრება“,– აღნიშნა ნიკოლოზ რაჭველმა.

2022 წლის 23 აპრილს, ლექსო თორელმა უკანასკნელი კონცერტი გამართა.  ღონისძიებაზე ექიმთან ერთად მივიდა. დარბაზი წინასწარ გააფრთხილეს, რომ შეიძლება დაკვრა ვერც შეძლოსო, მაგრამ შეძლო. ცუდად იყო, თუმცა დაკვრა ბოლომდე არ შეწყვიტა. პიანისტმა, ვანკუვერის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, შოსტაკოვიჩის მეორე კონცერტი შეასრულა. კონცერტის დასრულების შემდეგ, მუსიკოსი კლინიკაში გადაიყვანეს. ლექსო თორელმა საავადმყოფოდან სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა:

„შეუძლოდ გავხდი და კლინიკაში გადამიყვანეს. სუსტად ვგრძნობდი თავს, გულის და ფილტვების გამოკვლევებს მიტარებენ. იმედია, მალე გამოვჯანმრთელდები. მადლობა ექიმებსა და ჩემი ორკესტრის წევრებს“.

სამწუხაროდ, მისი მდგომარეობა აღარ გაუმჯობესებულა. ლექსო თორელი, 2022 წლის 10 მაისს, 69 წლის ასაკში ამერიკის შეერთებულ შტატებში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ, მუსიკოსი საქართველოში ჩამოასვენეს და დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

ამიერიდან, ,,თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“  სიმბოლო იქნება იმ წარმატებული გზის, რომელიც ლექსო თორაძემ განვლო. ღონისძიება საქართველოში ყოველწლიურად ჩატარდება. ფესტივალის დასასრულამდე სამი კონცერტი დარჩა. დღევანდელი დავით თორაძის მუსიკის საღამო 7 საათზე დაიწყება; 6 ივნისს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ- კულტურული ცენტრი  თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტს უმასპინძლებს; 7 ივნისს კი, პირველად ქართულ სცენაზე, ორი მსოფლიო დონის არტისტი, მევიოლინე- მაქსიმ ვენგეროვი და პიანისტი – რუსტემ საიტკულოვი წარდგებიან.  კონცერტის ბოლოს,  ,,თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“   გრანდიოზულად დაიხურება.

 

ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი