,,აბკულა და ცეცხლოვანი ყელსაბამების“ ავტორი 13 წლის ნიკოლოზ ლოლაძეა
4 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, ასტრიდ ლინდგრენის პრემიის ნომინანტის, ნიკოლოზ ლოლაძის პირველი ილუსტრირებული წიგნის ,,აბკულა და ცეცხლოვანი ყელსაბამები“ პრეზენტაციას უმასპინძლა. ილუსტრაციების ავტორიც თავად 13 წლის მწერალია. წიგნი შიშით მოცულ ქალაქზეა, რომელსაც ერთ დღეს ურჩხული დაეპატრონება. აქ მთავარი პერსონაჟები ბავშვები, ენი და მაქსი არიან, რომლებსაც მშობლების ყურადღება, ნდობა სურთ და, მათ ქალაქში განვითარებული მოვლენების გამო, დამოუკიდებელ გამოძიებას იწყებენ. წიგნს ,,აბკულა და ცეცხლოვანი ყელსაბამები“ მწერლების – გურამ ოდიშარიასა და გიორგი კეკელიძის წინასიტყვაობა უძღვის.
მარინა აბულაძე: ,,ნიკოლოზის ნახატების გამოფენას, რამდენიმე წლის წინ, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეამ უმასპინძლა. მაშინ მივხვდი, რომ ეს ჭკვიანი და სერიოზული პატარა ბიჭი, ხატვის გარდა, საოცარ ისტორიებს თხზავდა. და, აი, დღეს მისი პირველი კრებულიც გამოიცა”.
თეკლა გეთიაშვილი: ,,წილად მხვდა ბედნიერება, გამოცემამდე წამეკითხა ხელნაწერი და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. ბევრ მწერალს გაუჭირდება მსგავსი აზროვნება. ნიკოლოზი არის პატარა ასაკის დიდი მწერალი“.
ილუსტრატორი და მწერალი ნიკოლოზ ლოლაძე თბილისის 52-ე საჯარო სკოლის მე- 7 კლასის მოსწავლეა. პატარა მწერალი ,,არტანუჯის“ ლიტერატურული კონკურსის ,,საშობაო მინიატურების“ ლაურეატია. 9 წლის იყო, როდესაც გიორგი კეკელიძის ,,თომას ზღაპრების“ სერიის არაერთი წიგნი გააფორმა. მისი ილუსტრირებულია რეზო კლდიაშვილის ორი მოთხრობაც. გამოსაცემად მზადდება ნიკოლოზ ლოლაძის მოთხრობების ,,ბავშვები პატარა სოფლიდან“ კრებული.