ორბელიანების სასახლეში კიდევ ერთი კულტურული ღონისძიება გაიმართა
ორბელიანების სასახლემ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მანანა დოიჯაშვილის სახელობის სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა კონცერტს უმასპინძლა.
კონცერტში სემინარიის მოსწავლეებმა და მოსწავლეთა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეებმა არაერთი ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულეს. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტუმრები თავად მიიღო და კონცერტსაც დაესწრო.
ლადო ონოფრიშვილი – საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კულტურის საკითხებში: ,,ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ორბელიანების სასახლე კიდევ ერთხელ მასპინძლობს სამუსიკო სემინარიას. მნიშვნელოვანია ამ კონცერტის ჩატარება. არ შემიძლია არ გავიხსენო ადამიანი, რომელმაც ამ ყველაფერს ჩაუყარა საფუძველი- ქალბატონი მანანა დოიჯაშვილი, რომლის აქ ყოფნაც თითოეული ჩვენთაგანისთვის იქნებოდა დიდი ბედნიერება. ის ღვაწლი, რაც მას გააჩნია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მიმართ და ამ სემინარიის მიმართ, ფასდაუდებელია. დღეს ვხედავთ ჩვენ ამ ყველაფრის მაგალითს“.
ნანა შარიქაძე – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დირექტორი: – „მადლობა, რომ უკვე მეორედ გვმასპინძლობთ ორბელიანების სასახლეში. ეს ჩვენი ბავშვებისთვის დიდი სტიმულია. კონსერვატორია ყოველთვის ამ ქვეეყნის სამუსიკო განათლების სათავეში იდგა და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ქვეყანას, ყველა მიმართულებით, ძლიერი კადრები ჰყოლოდა. ერთ-ერთ კრიზისულ პერიოდში, ქალბატონმა მანანამ კონსერვატორია წინ წამოწია და მის წიაღში, კულტურულ ერთეულად ჩამოაყალიბა სემინარია, რომელიც ამ ქვეყნის კულტურული მიმართულებით ზრუნავს და ზრდის კადრებს. სემინარიის მოსწავლეები ხშირად გვასახელებენ არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, არამედ მთელ მსოფლიოში. მანანა დოიჯაშვილის მიერ გაკეთებული საქმე აგრძელებს ცხოვრებას და მისი წილი სიყვარული, ყურადღება და ამაგი დღეს არის აქ, ჩვენთან ერთად“.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამუსიკო სემინარია, მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით, კონსერვატორიის ბაზაზე 2010 წელს დაარსდა, რაც , იმ პერიოდისთვის, უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. სახელოვანი პიანისტის ძალისხმევით, სამუსიკო სემინარიაში შეიქმნა სრულყოფილი სამუსიკო განათლების მოდელი. მსგავსი საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბება მანანა დოიჯაშვილის მთავარი მიზანი იყო და, საბოლოოდ, მან შეძლო ამ ჩანაფიქრის განხორციელება.
ლიკა მაჩხანელი