საჯარო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო ჯილდო ბათუმის სტადიონს გადაეცა

ბათუმის სტადიონმა, მაიამიში, ,,FIABCI  Prix d’Exellence Awards 2023”- ის  საჯარო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. ოსკარად წოდებულ უძრავი ქონების მსოფლიო დაჯილდოებაზე, მსოფლიო კონგრესის გადაწყვეტილებით,  ბათუმის სტადიონს ჯილდო კატეგორიაში ,,საუკეთესო საზოგადოებრივი შენობა“  გადაეცა. პრესტიჟული კონკურსის ოსკარი აჭარის მთავრობის მეთაურს, თორნიკე რიჟვაძეს გადაეცა.

ღონისძიებას, მთელი მსოფლიოდან, 3000- ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა.

,,ბათუმის სტადიონმა, ქალაქ მაიამიში გამართულ FIABCI- ის მსოფლიო კონგრესზე, უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა. ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან აღიარებას! წინ არაერთი გამარჯვება გველის!“,- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

როგორც ცნობილია, 2022 წლის ოქტომბერში, ბათუმის სტადიონი მსოფლიო კონგრესის ,,FIABCI  Prix d’Exellence Awards“-ის ეროვნული ეტაპის გამარჯვებულიც გახდა.

კონკურსი 1992 წლიდან იმართება. FIABCI  უძრავი ქონების სფეროში მასშტაბური ღონისძიებაა, რომელშიც მსოფლიოს ათასობით წარმატებული კომპანია და 70- ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.

ბათუმის ახალ სტადიონს საძირკველი 2018 წლის 21 იანვარს ჩაეყარა. სტადიონი 20 000 მაყურებელს იტევს. მის აშენებაზე 145 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

 

ლიკა მაჩხანელი